Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვაჭრეებმა ყოფილი ბაზრის ტერიტორია თვითნებურად დაიკავეს


გორში მოვაჭრეთა ნაწილმა ძველი ბაზრის ავტოსადგომის ტერიტორია თვითნებურად დაიკავა და იქ დახლები გაშალა. ამ დროს მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გორში ძველ და ახალ ბაზარს „საქართველო-ისრაელის მენეჯმენტის“ კომპანია ფლობს. ორი დღის წინ ძველი ბაზრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ეს ადმინისტრაციამ შეგნებულად გააკეთა, რათა მათ დაბრუნების ბოლო შანსი წართმეოდათ. ამიტომ ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს და იქ ღამის მორიგეობა დააწესეს. მათი აზრით, მოსალოდნელია, რომ ღამით შესაბამისმა სამსახურებმა დახლები აშალონ და ტერიტორია ჩაკეტონ.

ბაზრის მოვაჭრეებს და მფლობელ „საქართველო-ისრაელის მენეჯმენტის“ კომპანიას შორის დავა 1 წელზე მეტია გრძელდება. კომპანიამ ახალი ბაზარი ააშენა და მოვაჭრეებს იქ გადასვლა შესთავაზა, მაგრამ ეს წინანადადება ყველამ არ მიიღო. 3 თვის წინ გორში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა. მოვაჭრეთა ნაწილი ძველ ბაზარში დარჩენას ითხოვდა, რადგან, მათი აზრით, ქალაქგარეთ აშენებულ სავაჭრო ცენტრში მყიდველი არ მივიდოდა და მათი სოციალური მდგომარეობა გაუარესდებოდა. ბაზრის ადმინისტრაციამ მათ ორი თვით გადასახადის გარეშე ვაჭრობის უფლებაც მისცა, თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა. ქალაქში რამდენიმე პატარა სავაჭრო ცენტრი უკვე გაიხსნა და ახალ ბაზარში მყიდველი თითქმის არ დადის. ნათელა მინასიანი ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მისმა შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო.

მოვაჭრეთა ნაწილმა ისევ ძველ ბაზარში თვითნებურად დაბრუნება გადაწყვიტა. ბაზრის დირექტორმა გოგი ბოჭორიშვილმა საკუთრებაში შეჭრის ფაქტზე პოლიციას აცნობა და მათგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.

ერთ-ერთი მოვაჭრე, ეკა ქარელი, აცხადებს, რომ ამ ტერიტორიას არ დატოვებს, რადგან სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი მოვაჭრეებმა და ადმინისტრაციამ ერთობლივად უნდა მოაგვარონ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ მედიატორის როლს თამაშობს.

ბაზრის მოვაჭრეები ახლა სამართალდამცავების გამოჩენის მოლოდინში არიან - ღამით რიგრიგობით მორიგეობენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ.
XS
SM
MD
LG