მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რომელიც ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებს მოიცავს, საქართველოში 33 პროცენტით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში. გაცილებით ნაკლები იყო ინვესტიციები პირველ და მეორე კვარტალში. რა შეძლება იყოს ასეთი ვარდნის მიზეზი?
თუ გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ გაზრდილ ინვესტიციებზე საუბრისას, ახლა საამაყო არაფერია, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 9 თვის მანძილზე 17 პროცენტით შემცირდა. მესამე კვარტალში, რომელიც გასულ წელსაც გამოირჩეოდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლით, უცხოური კაპიტალის შემოდინება ახლაც მაღალი იყო და თითქმის 490 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მეორე კვარტალის მონაცემებს 38 პროცენტით აღემატება, მაგრამ თითქმის ამდენითვე ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მიმდინარე წლის სამი კვარტალის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში მხოლოდ 42 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. ეს ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაგალითად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 153 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ ეთანხმება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებს და აცხადებს, რომ ინვესტიციები „სხვა მიმართულებით არის დათვლილი“:
“ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს სხვა მიმართულებით არის დათვლილი. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ავხსნათ, თუ რა იგულისხმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინვესტიცია, ამდენი პროექტის განხორციელება – არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები, არამედ თბოელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, 70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა”.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აქცენტს ძირითადად აკეთებს ენერგეტიკის სექტორში შიდა ინვესტიციების ზრდაზე. კალაძეს არ ეთანხმება „ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი“ რომან გოცირიძე:
„ბუნებრივია, რომ ეს სტატისტიკური ინფორმაცია ენერგეტიკასთან დაკავშირებით მართებულია, რადგან, ფაქტობრივად, ენერგეტიკაში არ არის არავითარი მოძრაობა. ეს არის ყველაზე ჩავარდნილი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაზეც იმოქმედა იმ მცდარმა სატარიფო პოლიტიკამაც და,ზოგადად, ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რასაც ქვეყანა ატარებს და, რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციამ და ენერგეტიკული ობიექტების წამგებიანობამ, რომლებიც დღეს მუშაობენ, ფაქტობრივად, თვითღირებულებაზე“.
რომან გოცირიძის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში შექმნილ არასახარბიელო საინვესტიციო გარემოზე საუბრობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი:
„რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელია საქსტატის ციფრები, რაც დინამიკაშიც ჩანს. ენერგეტიკაში ინვესტიცია როგორ უნდა გაიზარდოს, როდესაც ძირითადად არის რეგულირებული დარგი, ტარიფი არის რეგულირებული სემეკის მიერ, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის... ამიტომ როდესაც გაქვს რეგულირებული ფასები ლარში, როცა დღეს ლარის გაუფასურება სახეზე გვაქვს, ამ სექტორში როგორ უნდა ჩადო დიდი ინვესტიციები დოლარში, მე არ მესმის. როგორც ჩანს, არც ინვესტორებს ესმით, ამიტომ არ დებენ ფულს ამ დარგში“.
საქართველომ ვერ შეძლო ინვესტორები დაერწმუნებინა, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო სტაბილურია და მიმზიდველი...ნინო ევგენიძე
ენერგეტიკის გარდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნა აღინიშნა ეკონომიკის სხვა დარგებშიც - მაგალითად, დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში და სხვა. ეს, იმის მიუხედავად, რომ გაფორმდა საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მანამდე გაიხსნა რუსეთის ბაზარი. მთავრობა ვარაუდობდა, რომ ეს და სხვა პერსპექტივები ბევრ უცხოურ კომპანიას საქართველოში ბიზნესის დაწყების სურვილს გაუღვივებდა, მაგრამ შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. ამის მიზეზებზე რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ისაუბრა ეკონომიკის მიმომხილველმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ:
„საქართველომ ვერ შეძლო ინვესტორები დაერწმუნებინა, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო სტაბილურია და მიმზიდველი. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ექსპერტები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტორებს, რომელთაც ბოლო წლებში საინვესტიციო გარემოს გაუარესება განაპირობეს: არასტაბილური საკანონმდებლო გარემო და გადავადებული ცვლილებები, 2012 წლის შემდეგ მიღებული საიმიგრაციო პოლიტიკა, შრომის კოდექსის რეფორმირების გაჭიანურებული პროცესი, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, საფოსტო მომსახურების ახალი რეგულაციები, შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციები. საგულისხმოა, რომ ხელისუფლებამ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები რამდენიმე მიმართულებით შეცვალა, თუმცა ამ ცვლილებებმა გაუმჯობესების მხრივ ასახვა ვერ პოვა“.
რისკები, რომლებიც საქართველოში ბიზნესს გააჩნია, უნდა დაბალანსდეს და ისე უნდა დაბალანსდეს, რომ სარგებელი მეტი დაინახოს ინვესტორმა, ვიდრე დანახარჯები. თუ ეს არ მოხდება, ის წავა სხვაგან...გია ჯანდიერი
ნინო ევგენიძის მიერ ნახსენებმა ცვლილებებმა უარყოფითი მესიჯის როლი შეასრულა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს არასტაბილურის იმიჯი შეუქმნა. ამ საფრთხის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობას აფრთხილებდა კიდევ ერთი ეკონომისტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:
„რისკები, რომლებიც საქართველოში ბიზნესს გააჩნია, უნდა დაბალანსდეს და ისე უნდა დაბალანსდეს, რომ სარგებელი მეტი დაინახოს ინვესტორმა, ვიდრე დანახარჯები. თუ ეს არ მოხდება, ის წავა სხვაგან, ეს ერთი, და, მეორე, როგორ უნდა დაბალანსდეს ეს რისკები იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გაგვაჩნია ჩვენი უსაფრთხოების და არც ჩვენი თავდაცვის აბსოლუტური გარანტიები. მაშინ ჩვენ უნდა მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ მიმზიდველი ეკონომიკური გარემო შევქმნათ“.
გია ჯანდიერის მიერ აღნიშნული მიმზიდველი გარემო საქართველოში ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, რამაც 2007 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბუმი გამოიწვია, მაგრამ ბოლო წლებში ეს პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებებს განიცდის.