საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გასულ კვირას გამოქვეყნდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2015 წლის II კვარტალში განხორციელდა 354.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ და თითქმის 82 %-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უცხოური ვალუტის სამი წყაროდან (ექსპორტი, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები), ინვესტიციები ერთადერთია, რომელიც მიმდინარე წელს ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის58.5 %-ს შეადგენს.მას მოჰყვება საფინანსო სექტორი - 41.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 11.7 %), შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა -29.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8.3 %),უძრავი ქონება – 19.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციის 5.5 %).
2015 წლის II კვარტალში, 2014 წლის II კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი უძრავი ქონების სექტორში დაფიქსირდა - ზრდის ტემპმა 264.1 % შეადგინა. მას მოჰყვება ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორი, სადაც ზრდა არის 83.7 %, თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში.
2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით,საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შეადგინა 530 მლნ აშშ დოლარი, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. ამ პერიოდში, სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რომელმაც მთლიანი ინვესტიციების 66,7 % (353,7 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობის სექტორები და ა. შ.
როგორც ჩანს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდით მიღებული ეფექტი არასაკმარისია ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კლება ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემოდინების მიმართულებით. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით არის შემცირებული, რაც მონეტარულად 454 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება და აღემატება შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.