Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში


სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, თითქმის 30 პროცენტზე მეტად, არის შემცირებული. ამ მაჩვენებელში, სფეროების მიხედვით, სოფლის მეურნეობა სულ 3 პროცენტში შედის, სხვა არაერთ სფეროსთან ერთად.

თუმცა, თუ 2013 და 2014 წლის მონაცემებს შევადარებთ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გარკვეული ზრდა მაინც არის და ეს უპირატესად სწორედ ასოცირების ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებთან უნდა იყოს ბმაში.

კერძოდ, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, აგრარულ სექტორში FDI გაზრდილია, დაახლოებით, 7 მილიონი აშშ დოლარით (11 857 400 აშშ დოლარიდან - 19 090 600 აშშ დოლარამდე). პირდაპირი ინვესტიციების მთლიან მოცულობაში სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული ინვესტიციების წილი 2013 წელს 0,93 პროცენტი იყო, 2014 წლისთვის კი 1,5 პროცენტია.

პროცენტულად ეს საკმაოდ დიდი ზრდაა, თუმცა თუ გავითალისწინებთ, იმას რომ სფეროში, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული, საერთო ინვესტიციების სულ 1,5 პროცენტი შემოდის, სიტუაციის რეალური სიმძიმე უფრო ნათელი გახდება.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე კრიზისებმა და, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე არსებულმა ვითარებამ გარკვეული ზეგავლენა თავად ინვესტიციების გამწევთა ვინაობაზეც მოახდინა. სტრუქტურულად შეცვლილია ინვესტიციების წარმომავლობა. კერძოდ, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინბესტიციები ლუქსემბურგიდან (4-ჯერ: 5 მილიონიდან 22,7 მილიონ აშშ დოლარამდე) და ნიდერლანდებიდან (39,8 ათასიდან 533,4 ათას აშშ დოლარამდე). 0-დან 370 000 აშშ დოლარამდეა გაზრდილი ავსტრიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მნიშვნელოვანი ზრდა არის გერმანიიდან: თუ 2013 წელს ინვესტიციის გადინება ხდებოდა (-520 000 აშშ დოლარი იყო გადინებული ქვეყნიდან), 2014 წელს უკვე ტენდენცია დადებითია და 116 000 აშშ დოლარს შეადგენს. დადებითი ტენდენციაა ასევე რუსეთთან (- 260 000 აშშ დოლარიდან 56000 აშშ დოლარამდე შეიცვალა). სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი კლებაა უკრაინის შემთხვევაში (946 300 აშშ დოლარიდან მაჩვენებელი უარყოფით ნიშნულზე ჩამოვიდა: - 3, 1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა). ირანის შემთხვევაში კლებაა (16 ათასი აშშ დოლარიდან 2013 წელს, - 1 554 100 აშშ დოლარამდე, ანუ ინვესტიციიის გადინებამდე, - 2014 წელს). ეს უკანასკნელი პირდაპირ ბმაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ გატარებულ მიგრაციის პოლიტიკასთან.

ამას გარდა, სოფლის მეურნეობაში გაწეული უცხოური ინვესტიციების ბენეფიციარების ანალიზი ცხადყოფს, რომ ინვესტიციები ძირითადად შემოსულია მსხვილ ბიზნესში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ, მაგალითად, 2014 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული ინვესტიციების დაახლოებით მესამედი თბილისში დაფუძნებულ კომპანიებშია ჩადებული (17 კომპანიაში - 42-დან). ამას გარდა, დიდი ზრდა არც ახალი სოფლის მეურნეობის კომპანიების შექმნის მიმართულებით გვაქვს: 2013 წელს სულ დაფუძნებულია 2 კომპანია, 2014 წელს - არც ერთი და ყველა სხვა კომპანია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეა შექმნილი.

სტატისტიკა მოწმობს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით მიღწეული უპირატესობები ქვეყანას ჯერ კიდევ ასათვისებელი აქვს და ჯერ ვერც მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობების შექმნა მოხერხდა. თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეული, თითქმის 60-პრპოცენტიანი, ზრდაა სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეულ საერთაშორისო ინვესტიციებში, მაგრამ ეს ზრდა, რეალურ საჭიროებებთან შედარებით, ზღვაში წვეთია.

XS
SM
MD
LG