აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები შუალედური არჩევნების შემდეგ

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კონგრესთან ერთად იმუშავებს ახალი უფლებამოსილების საკითხზე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყსა და სირიაში საბრძოლველად. ობამამ ამ საკითხზე ისაუბრა 5 ნოემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მისმა დემოკრატიულმა პარტიამ წარუმატებლობა განიცადა შუალედურ არჩევნებში.

შეერთებულ შტატებში 4 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, რაც ხდება პირველად 2006 წლის არჩევნების შემდეგ. რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატში და თან პოზიციები გაიმყარეს წარმომადგენელთა პალატაში. პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის არჩევნების ეს შედეგი პოლიტიკური გავლენის შესუსტებას მოასწავებს იანვრიდან, როცა კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბება.

5 ნოემბერს, ანუ შუალედური არჩევნების მომდევნო დღეს, ობამამ განაცხადა, რომ კონგრესთან (ამჟამინდელ შემადგენლობაზეა საუბარი) ითანამშრომლებს ახალი უფლებამოსილების საკითხზე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყსა და სირიაში საბრძოლველად.

„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ვიმარჯვებთ თუ არა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი „ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიის დაწყებისას, ეს იქნება გრძელვადიანი გეგმა ერაყის მთავრობის გასაძლიერებლად, ერაყის უშიშროების ძალების გასაძლიერებლად. ეს გაკეთდება ჩვენი საჰაერო ოპერაციის მხარდაჭერით, რათა მათ შეძლონ ხმელეთზე მოქმედება „ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს“ უკუსაგდებად მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილიდან, რათა გვქონდეს ძლიერი საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც ახლა ვქმნით,“ - განაცხადა ობამამ, რომელიც, მისივე თქმით, 7 ნოემბრის შეხვედრაზე კონგრესის ლიდერებს გააცნობს ბოლო ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლის შესახებ.

ობამამ ისაუბრა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ საკითხზე - მოლაპარაკებაზე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. მისი თქმით, ამჟამად ნათელი არ არის, შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და მსოფლიოს კიდევ ხუთი წამყვანი ქვეყანა თეირანთან შეთანხმების მიღწევას. მისივე შეფასებით, მომდევნო სამ-ოთხ კვირაში ნათელი მოეფინება ამ საკითხს, ანუ გაირკვევა, მოსალოდნელია თუ არა ირანთან შეთანხმება მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე.

საყურადღებოა, რომ ექვს ქვეყანას (შეერთებულ შტატებთან ერთად ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ჩინეთსა და გერმანიას) და ირანს 24 ნოემბრამდე აქვთ ვადა ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად. ობამას თქმით, ის მხოლოდ მას შემდეგ წარუდგენს ირანთან შეთანხმებას ამერიკელ კანონმდებლებს, რაც დარწმუნდება, რომ, შეთანხმების შედეგად, ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნას.

როგორც ცნობილია, ირანი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან, სამოქალაქო მიზნებს ემსახურება და, თავის მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააუქმოს ირანის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი სანქციები.

დაბოლოს, ისევ შუალედური არჩევნების შედეგზე - იანვრიდან სენატში უმრავლესობის რესპუბლიკელთა ხელში გადასვლაზე. ობამას შეფასებით, რესპუბლიკელების წარმატება ცხადყოფს ამერიკელი ამომრჩევლის მოთხოვნას, რომ მათმა რჩეულებმა ნაყოფიერად იმუშაონ ვაშინგტონში.

„მსურს ახალ კონგრესთან მუშაობა, რათა მომდევნო ორი წელი რაც შეიძლება ნაყოფიერი იყოს. მზად ვარ იმისათვის, რომ იდეები შევაფასო არა იმის მიხედვით, თუ ვისია, - დემოკრატების თუ რესპუბლიკელების, - არამედ იმის მიხედვით, კარგია თუ არა ისინი ამერიკელი ხალხისათვის. ამით მე არ ვამბობ, რომ ერთმანეთთან უთანხმოება არ გვექნება ზოგ საკითხზე, რომლებიც გულთან ახლოს მიგვაქვს. უთანხმოება გვექნება. კონგრესი მიიღებს ზოგ კანონპროექტს, რომლებსაც ხელს ვერ მოვაწერ. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ გადავდგამ ნაბიჯებს, რომლებიც ზოგს კონგრესში არ მოეწონება. ეს ბუნებრივია. ასე მუშაობს დემოკრატია“, - განაცხადა ბარაკ ობამამ, რომლის გამოსვლა მოჰყვა შუალედურ არჩევნებში მისი დემოკრატიული პარტიის წარუმატებლობას.

შუალედურ არჩევნებს უწოდებენ აშშ-ში საყოველთაო არჩევნებს, რომლებიც ტარდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ. ისინი განსაზღვრავს 100-ადგილიანი სენატის 36 წევრის, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრისა და 34 შტატის გუბერნატორების ვინაობას.