იანუკოვიჩი: უკრაინის ყველაზე უხვშემოსავლიანი ავტორი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არასოდეს გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებით.

ყველას ახსოვს, ერთ-ერთი წარუმატებელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან არასწორად როგორ დაწერა სიტყვა „პროფესორი“, სხვა დროს კი ლვოვის მცხოვრებლებს მოუწონა სანაქებო „გენოციდები“, „გენოფონდის“ ნაცვლად.

2010 წლის დეკემბერში, წინასაახალწლო გამოსვლაში, მას უცებ „ნაძვის ხის“ უკრაინული შესატყვისი „იალინკა“ დაავიწყდა. რამდენიმე წამის მანძილზე გაგრძელებული უხერხული პაუზის შემდეგ პრეზიდენტმა რუსული სიტყვა „იოლკა“ გამოიყენა.

შესაბამისად, ცნობამ, რომ თურმე იანუკოვიჩი უკრაინის ყველაზე შემოსავლიანი ავტორია, არაერთი ადამიანი გააკვირვა.

მის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2011 წელს იანუკოვიჩის შემოსავალი 16.4 ჰრივნაზე მეტი იყო, რაც 2 მილიონ დოლარს უტოლდება. თანხა არაერთ წიგნზე საავტორო უფლებამ და გაყიდვებმა მოიტანა. მათი სათაურებია: „ოპოზიციაში გატარებული წელიწადი“, „ოფისში გატარებული წელიწადი“, „როგორი უნდა იყოს უკრაინის მომავალი“ და სხვ. ამასთან, შემოსავალი იმ წიგნებსაც ეხება, რომლებიც მან შესაძლოა მომავალში დაწეროს.

უკრაინაში ამას ვერც ერთი ავტორი ვერ მიაღწევს. ავტორის ჰონორარი და გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ძალიან მცირეა. საქმე კორუფციის შემთხვევასთან გვაქვს ...
ირენე როზდობუდკო
თანხა იანუკოვიჩმა დონეცკში დაფუძნებული გამომცემლობის, „ნოვი სვიტის“ შუამავლობით მიიღო. თანხის მოცულობით - 2 მილიონი დოლარით - იანუკოვიჩი თითქმის გაუტოლდა კიდევ ერთ ავტორ-პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, რომელმაც 2008 წელს - პრეზიდენტად არჩევის წელს - გაყიდული წიგნებიდან 2,5 მილიონი მოიპოვა.

გასაკვირი არ არის, რომ ამით უკრაინაში, სადაც საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 300 დოლარს უტოლდება, იანუკოვიჩი ერთ-ერთ ყველაზე უხვშემოსავლიან ავტორადაც იქცა.

ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტსა და მწერალს ირენე როზდობუდკოს უჭირს იანუკოვიჩის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დაჯერება:

„უკრაინაში ამას ვერც ერთი ავტორი ვერ მიაღწევს. ავტორის ჰონორარი და გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ძალიან მცირეა. საქმე კორუფციის შემთხვევასთან გვაქვს. ჩვენ უილიამ ფოლკნერის დონის ავტორები გვყავს, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან აღიარებული, მაგრამ არა მგონია მათ ოდესმე ამდენი ფულის გამომუშავება შეძლონ.“

არ ვარ დარწმუნებული, რომ იანუკოვიჩმა ერთი სტრიქონი მაინც დაწერა თვითონ ...
ანდრეი კოკოტიხა
იანუკოვიჩი, რომლის სახელსაც უკავშირდება ახალგაზრდობაში ნასამართლეობა, უფრო გვიან კი კორუფციული საპრივატიზაციო გარიგებებისა და ხელისუფლების გადამეტების ბრალდებები, ამბობს, რომ წიგნებიდან მიღებულ შემოსავალს, 2 მილიონ დოლარს, ქველმოქმედებას მოახმარს. მისი განცხადებით, თანხა ავადმყოფებზე - „ძირითადად ბავშვებზე“ - დაიხარჯება.

თუმცა შემოსავლის შესახებ ეჭვები რჩება. მათ დიდწილად ის ფაქტიც ასაზრდოებს, რომ იანუკოვიჩის ლიტერატურა არც ერთი პარამეტრით არ არის გამორჩეული.

უკრაინაში ინვესტირების პოტენციალის შესახებ მის ბოლო, ინგლისურენოვან წიგნს მითქმა-მოთქმა მოჰყვა - კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ტექსტის დიდი ნაწილი პლაგიატის შედეგი იყო.

პოპულარული დეტექტიური რომანების ავტორს, ანდრეი კოკოტიხას, ისიც კი არ სჯერა, რომ იანუკოვიჩმა თავისი წიგნების შექმნის პროცესში ერთი ასო მაინც აკრიფა კომპიუტერის კლავიატურაზე:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ იანუკოვიჩმა ერთი სტრიქონი მაინც დაწერა თვითონ. მაგრამ თავისი შეცდომები რომ დააპატენტოს - მაგალითად „იოლკა“ - და ყოველ ჯერზე, როცა ამ შემთხვევებს ვინმე ახსენებს, შემოსავალი მიიღოს, მაშინ 16 მილიონ ჰრივნაზე მეტსაც გააკეთებს.“

იანუკოვიჩის მოკავშირეები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შემოსავალი ლეგიტიმურია. მათი თქმით, უკრაინა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით მოქმედებს და გარანტირებული შემოსავლის გარეშე თანხას არც ერთი გამომცემლობა არ გასცემს.

თუმცა ბევრი სვამს შეკითხვას - მაინც ვინ ყიდულობს იანუკოვიჩის წიგნებს. ეჭვებს ის ფაქტორიც აძლიერებს, რომ უკრაინაში მოქმედ მაღაზიებში მისი წიგნები იშვიათად იყიდება.

მწერალ ვასილ შკლიარის აზრით, იმისათვის, რომ ასეთი თანხა მიეღო, იანუკოვიჩს ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ რეალისტური გზისთვის უნდა მიემართა.

„გაყიდვებიდან ასეთი შემოსავლის მისაღებად მას უკრაინის ყოველი მოსახლისთვის თითო წიგნის ორი ასლი უნდა მიეყიდა, მათ შორის - ბავშვებისთვის, მოხუცებისა და უსინათლოებისთვის“, ამბობს უკრაინელი მწერალი ვასილ შკლიარი, რომლის 2011 წელს გამოცემული რომანი, „შავი ყორანი“, 1920-იანი წლების უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობაზე მოგვითხრობს.