ტურისტული სეზონი აჭარაში

ბათუმი

ავტორი: ირინა გურული

28 მაისს აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნება. ხელისუფლება წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტს ელის, რაც - სხვა ისეთ რეგიონალურ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა თურქეთზე რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნის შემცირება და, ზოგადად, ტერორიზმის საფრთხის ზრდა - „ჩექ ინ ჯორჯიას“ სერიითაც უნდა იყოს განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ, კულტურულ- ტურისტული პროექტი “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ცნობილი შემსრულებლების კონცერტებია დაგეგმილი. მათ შორის რობი უილიამსი, maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი არიან. პროექტი 30-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს და ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მის განსახორციელებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რამდენად გაამართლებს ეს ინვესტიცია, დამოკიდებული იქნება ტურისტთა რაოდენობის ზრდის რეალურ მაჩვენებელზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე გაზაფხულზე გასული წლის სრული მონაცემები შეაჯამა, თუმცა ეს, როგორც თავადვე ამბობს, სურათს ბოლომდე ვერ ასახავს:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტებიდან მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2015 წლის განმავლობაში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.78 %-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა.

სასტუმრო სექტორში ტურისტთა რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით, პირველი ათეული შემდეგ ქვეყნებზე ნაწილდება: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბელორუსია, ყაზახეთი და ლიტვა.

2015 წელს უცხოელ ტურისტთა შორის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა ისრაელი (19.9 %), ბელორუსია (4.7 %), ყაზახეთი (3.5 %), პოლონეთი (2.8 %), ლიტვა (2.8 %), რუსეთი (1.6 %), უკრაინა (1.5 %), თურქეთი (1.2 %), სომხეთი (0.7 %) და აზერბაიჯანი (0.2 %).

სწორედ ეს ჯგუფი წარმოადგენს იმ სამიზნე ტურისტულ ბაზრებს, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს აწარმოებს.

2015 წელს შემოსული ტურისტების რიცხობრივი მაჩვენებელი, ჯამში, 3.19 %-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს 11 საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში, ჯამში - 4 551 ტურისტი.

2015 წელს ტურისტთა განთავსების ობიექტები (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები - რეგისტრირებული სექტორი) 44 643 ტურისტს მოემსახურა. 2015 წელს განხორციელდა აღნიშნული სექტორის აღწერაც. ადგილთა რაოდენობამ, ჯამში, 15 426 ადგილი შეადგინა, რაც, 2014 წელთან შედარებით, 1 711 ადგილით იყო გაზრდილი.

როგორც აჭარის ტურიზმის მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარაში შემოსულ დამსვენებელთა დიდი ნაწილი კერძო სექტორშია განთავსებული. მათი აღრიცხვა 2016 წელს სხვადასხვა კვლევებს დაეფუძნება, რაც რეგიონში ტურისტთა რაოდენობის რეალურ სურათს შექმნის.