ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და გამოუძიებელი დანაშაულები

იეზიდთა სახლი თბილისში

16 ნოემბერს ტოლერანტობის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაეროს ინიციატივით, ეს დღე 1996 წელს დაწესდა. წლებია საქართველოში ამ დღეს სახალხო დამცველის ოფისი და სახელმწიფო უწყებებიც აღნიშნავენ. რა იცვლება ტოლერანტობის თვალსაზრისით ქვეყანაში და იზრდება თუ მცირდება რელიგიურ, ეთნიკურ თუ სექსუალურ უმცირესობათა მიმართ ტოლერანტობა?

ომარი ინდოეთიდან, ქანდას ნილსონი კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად ტრინიდადიდან და ტობაგოდან ჩამოვიდა. მათი თქმით, ისინი ძირითადად კანის ფერით იქცევენ გამვლელთა ყურადღებას, ეს ყურადღება კი მათთვის ხან სასიამოვნო ურთიერთობით გრძელდება, ხანაც მეტად უსიამოვნოთი:

„ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ არ არიან მიჩვეული უცხოელი ან სხვა კანის ფერის მქონე ადამიანს, ამიტომაც მათი ქსენოფობიური დამოკიდებულება ბუნებრივად მეჩვენება, თუმცა ეს ჩვენთვის, უცხოელებისთვის, კარგი არ არის და, ალბათ, ყველაფერი განათლების დონეზეა დამოკიდებული. თბილისში მეტი უცხოელია, ამიტომ აქ უკეთესი დამოკიდებულებაა, მაგრამ სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს, რომელთაც სხვა ფერის კანის მქონე ადამიანი არასოდეს უნახავთ, უცნაური რეაქციები აქვთ და ხანდახან ზედმეტად ცნობისმოყვარეები არიან“.

„ცუდი გამოცდილებაც მქონია და კარგიც. დაახლოებით 2 კვირის წინ მეგობართან ერთად ტაქსის ველოდებოდი. ვიღაც ბიჭებმა ჩაიარეს და მაიმუნის ხმების გამოცემა დაიწყეს. შემდეგ მოგვიახლოვდნენ, სცადეს, რომ ხელი ეკრათ, ჩემს მეგობარს სახეში შეაფურთხეს, უნდოდათ ეჩხუბათ. მერე ერთი თეთრკანიანი ბიჭი მოვიდა და იმან დააწყნარა. ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი გამოცდილება, მაგრამ კარგი რაღაცებიც მახსენდება“.

ძალიან ბევრ განგრძობადი უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე - ეს იქნება ქობულეთის პანსიონატის შემთხვევა, სამთაწყაროს შემთხვევა, რომელიც კონსერვირდა და დღემდე იქაურ მუსლიმებს არ აქვთ სალოცავი. მოხის მეჩეთის საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი...
თამთა მიქელაძე

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს თბილისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, მაგალითად, ტოლერანტი პოლიტიკოსის წოდება მიანიჭა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.

მანამდე კი, 13 ნოემბერს, სახალხო დამცველის ინიციატივით, ტოლერანტობის ქომაგის სტატუსი საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო. ამავე ღონისძიებაზე ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ქვეყანაში ტოლერანტობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს შორის წინა წლებში შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა გამოუძიებლობა დაასახელა:

„მიმდინარე წელს გარკვეულწილად შემცირდა ინციდენტები, თუმცა რეალობაა ის, რომ არ არის ბოლომდე გამოძიებული ძველი საქმეები, მათ შორის, წინა წლებში მომხდარი არაერთი ინციდენტი, ხოლო ინციდენტში მონაწილე მოძალადეები არ არიან დასჯილნი. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისადმი სახელმწიფო უწყებები ხშირად იჩენენ გულგრილობას, რაც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტების გამრავლებაზე“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა ამგვარ დანაშაულთა კლების მიზეზებზე საუბრისას „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, დანაშაულმა იმის გამო იკლო, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტური კონტროლი დაამყარა სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებზეო:

„არასეკულარული სახელმწიფოს გაძლიერებით და სახელმწიფოს მიერ ცალკეული ჯგუფების და, პირველ რიგში, რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პოლიტიკით მათ ამ ჯგუფებს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მოუსპეს. ძალიან ბევრ განგრძობადი უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე - ეს იქნება ქობულეთის პანსიონატის შემთხვევა, სამთაწყაროს შემთხვევა, რომელიც კონსერვირდა და დღემდე იქაურ მუსლიმებს არ აქვთ სალოცავი. მოხის მეჩეთის საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი. ყველა ეს შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ნებაც კი არ აქვს ეფექტური რეაგირება მოახდინოს ამ შემთხვევებზე“.

სოფო შამანიდი

წლების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი იყო სახელწიფო ენის უცოდინრობა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდი ამბობს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან განხორციელდა ქართული ენის შესწავლის პროგრამა, რომელშიც გასულ წელს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 30 სოფელი იყო ჩართული და ათასი ადგილობრივი მცხოვრები ენის კურსებზე დადიოდა. ენის ცოდნის საკითხებზე საუბრისას სოფო შამანიდი ასევე 1+4 პროგრამასაც გამოყოფს, რომლის მიხედვითაც, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას ეუფლებიან, შემდეგ კი, 4 წლის განმავლობაში, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას განაგრძობენ:

„ეს ახალგაზრდები ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. ისინი, ფაქტობრივად,ქართული ენის მატარებლები არიან, მათ უკან მიაქვთ ეს ცოდნა. მათ, დაინახეს რა, რომ ქართული ენის ცოდნა აუცილებელია სამსახურის საშოვნელად, გაუჩნდათ მოტივაცია და, ამ მხრივ, პროცესი დაიძრა“.

უმცირესობათა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მთავარ გამოწვევად ქვეყანაში შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა გამოუძიებლობა რჩება.