ტყიბულელმა მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ბიზნესომბუდსმენთან, პროფკავშირებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან 29 თებერვალს გამართული 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ მეშახტეები შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმდნენ. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ამბობენ, ეს მაქსიმუმი იყო, რისი შეთავაზებაც კომპანიას მუშებისთვის შეეძლო, თუმცა შრომის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შედეგით კმაყოფილი არ არის.
ტყიბულელი მუშების გაფიცვა, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა, „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ მოლაპარაკებით დასრულდა. 29 თებერვალს გამართულ 7-საათიან მოლაპარაკებაში ჩართულები იყვნენ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საერთო სახელფასო ფონდი 5 პროცენტით გაიზრდება და მეშახტეებისა და მაღალი რისკის სამუშაოს შემსრულებლების ხელფასი 7 პროცენტით მოიმატებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ თქვა, შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა:
„ამ შეთანხმებამ კიდევ უნდა გაუძლოს გამოცდებს უახლოეს დღეებში. იმედი მაქვს, ყველა მხარე ამ შეთანხმებით აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს“.
ძალიან ბევრ მუშას გავესაუბრეთ. მათი ნაწილი ამბობდა, რომ შეთანხმება მათთვის მისაღებია, ნაწილი ამბობდა, რომ - არა და ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რა ტიპის შეთანხმება დაიდო. ეს ნიშნავს, რომ პროცესი, რომელიც წარიმართა, ხარვეზული იყო...ლინა ღვინიანიძე
ამ შეთანხმების მიხედვით, 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეების ნახევარ ხელფასს კომპანია მუშებს აუნაზღაურებს, ხოლო მეორე ნახევარი მათ შვებულების ხარჯზე აუნაზღაურდებათ. გარდა ამისა, პირველი აპრილიდან მათი ხელფასი კიდევ 3 პროცენტით მოიმატებს.
ტყიბულელმა მაღაროელებმა გაფიცვა 14 თებერვალს ხელფასის 40 პროცენტით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყეს, თუმცა კომპანია მათი მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობდა. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი 29 თებერვალს მიღწეულ შეთანხმებაზე ამბობს, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც კომპანიას მუშებისთვის შეეძლო:
„40-პროცენტიანი სახელფასო ზრდა, რომელიც, ვფიქრობ, მეშახტეებს ეკუთვნით, მაგრამ ეკუთვნით ერთია და კომპანიას აქვს თუ არა ამის საშუალება, - მეორე. აქედან გამომდინარე, ეს იყო მეტ-ნაკლებად კომპრომისული ვარიანტი“.
ეს შეთანხმება აეჭვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს, ლინა ღვინიანიძეს. მისი თქმით, რამდენად სამართლიანია ეს გარიგება, მუშების გადასაწყვეტია, თუმცა საკითხავია, რამდენად ეთანხმება ამ პირობებს ყველა გაფიცული მეშახტე.
„ძალიან ბევრ მუშას გავესაუბრეთ. მათი ნაწილი ამბობდა, რომ შეთანხმება მათთვის მისაღებია, ნაწილი ამბობდა, რომ - არა და ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რა ტიპის შეთანხმება დაიდო. ეს ნიშნავს, რომ პროცესი, რომელიც წარიმართა, ხარვეზული იყო. ამ პროცესიდან მუშების ძალიან დიდი ჯგუფი გამორიცხული იყო და ეს გარემოებები, მუშათა გათიშულობა მოლაპარაკებებიდან და მათი თანხმობის გარეშე შეთანხმების მიღწევა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“.
ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით ბრძოლა არ დასრულებულა და ის ახლა იწყება. ის იხსენებს 2011 წლის მემორანდუმს პროფკავშირებსა და კომპანია „საქნახშირ ჯი აი ჯი“-ს შორის, რომლის მიხედვითაც, 2011 წლიდან მოყოლებული, ინფლაციის შესაბამისად, მუშებს სახელფასო დანამატები ეკუთვნით:
„არსებობს შეთანხმება, რომ 2011 წლის მემორანდუმი ფასების ინდექსაციასთან დაკავშირებით გასაჩივრდება სასამართლოში“.
1 მარტს კი პარლამენტში დაიწყო საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. საუბარია იმ საგადასახადო შეღავათების აღდგენაზე, რომლებიც ტყიბულელებს ე. წ. მთის კანონის ამოქმედებამდე ჰქონდათ. ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია და მუშებისთვის დამატებითი შეღავათი იქნება, თუმცა სახელმწიფომ ქვეყანაში მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა პრობლემებს უფრო ფართოდ უნდა შეხედოს, რაც შრომის ინქპექციის ამუშავებას და სამუშაო პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებას ნიშნავს.