ხელისუფლება კიდევ ერთი, სულ ცოტა ხნის წინ მიღებული, გადაწყვეტილების გადახედვას გეგმავს: ტყიბულის მაღაროელებისთვის საგადასახადო შეღავათების შენარჩუნების მიზნით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მიიღებენ. როგორც ხელისუფლება დღეს აცხადებს, ადამიანებს, რომლებიც 2016 წლამდე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ, შეღავათები მიმდინარე წელსაც შეუნარჩუნდებათ. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. შესაბამისი დავალება ნოდარ ხადურს გუშინწინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვის ფონზე მისცა. ფინანსთა მინისტრი უკვე გუშინ აცხადებდა, რომ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი უახლოეს მომავალში შევა პარლამენტში. ცვლილებები მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ანუ ექნება უკუქმედების ძალა.
შეგახსენებთ, რომ 1999 წლიდან დღემდე მაღაროელები, რომელთაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, იბეგრებოდნენ 10-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით, სანამ მათი შემოსავალი არ მიაღწევდა 3 000 ლარს. მთის ახალი კანონის მიღების შემდეგ დაახლოებით 800 ადამიანმა აღნიშნული შეღავათი დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წლიურად 3 000 ლარზე ნაკლებს მიიღებენ. აღნიშნული ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ტყიბულის რაიონი და მისი 14 სოფელი მიეკუთვნებოდა მაღალმთიან ზონას, 2016 წლის 1 იანვრიდან კი,მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედების შედეგად, აღარ მიეკუთვნება.
დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ამ სოფლებს შესაძლოა გაეწიოს შეღავათები, თუმცა არა მაინცდამაინც მთის კანონის ფარგლებში.
ახალი კანონით, საქართველოს სოფლების 45 პროცენტს - კერძოდ, 1 600 სოფელს- უკვე მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლისთვის საგადასახდო შეღავათების სრული პაკეტი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, ასევე 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა სოციალური შეღავათებიდან მხოლოდ დახმარება ახლად შეძენილ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება სოციალური შეღავათების სრულ პაკეტს, ის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და მოიცავს პენსიონერებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისა და მასწავლებლებისთვის გათბობის პროგრამას და ა.შ.
მხოლოდ სოციალურ შეღავათებზე 2016 წელს 40 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო 2017 წელს, რადგან 12 თვეს მოიცავს, ეს თანხა გაიზრდება. გარდა ამისა, შეიქმნა ბიუჯეტში მთის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტი არის 20 მილიონი და ეს უკვე გაწერილია 2016 წლის ბიუჯეტში. ასე რომ, 2016 წელს ეს ხარჯები იქნება 60 მილიონის ფარგლებში, ხოლო 2017 წელს გასცდება 100 მილიონს.
რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების საწარმოებს, მათ ექნებათ საგადასახადო შეღავათი. ეს არის მოგებისა და ქონების გადასახადი და, ასევე, თუ ადგილზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ ადამიანებს დაასაქმებენ, ისინი საშემოსავლო გადასახადში შეღავათით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკური პირები ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით 10 წლის განმავლობაში.