მიკროავტობუსები რადიოს გარეშე

უახლოეს მომავალში თბილისში მოძრავ ყველა მიკროავტობუსში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალი გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" 6 ივნისს გაავრცელა. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, სარეკლამო კომპანია ”ელეფანტთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მიკროავტობუსებში დამონტაჟებულ მონიტორებზე სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, რასაც ხელს უშლის რადიო სიგნალი. როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას მძღოლები, მგზავრები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები?

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გია სახლიდან დილის 6 საათზე გადის და უკან 12 საათზე ბრუნდება. მთელ დღეს სამარშრუტო ტაქსში ატარებს და, შესაბამისად, ვერც ტელევიზორს უყურებს და ვერც გაზეთს კითხულობს, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ ერთადერთი წყარო, საიდანაც ინფორმაციას იღებს, ეს არის რადიო, რომელიც, როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში თბილისში მოძრავ ყვითელ მიკროავტობუსებს გაეთიშებათ, მათ ნაცვლად კი მიკროავტობუსების სალონში მონიტორები დამონტაჟდება, სადაც ხმოვანი სარეკლამო რგოლები იტრიალებს:

- ”გვითხრეს, უნდა გაითიშოსო”
- ოფიციალური წერილი მოგივიდათ?
- „არა. უბრალოდ, თიშავენ. მანქანებს რომ შეიყვან გარაჟში, მეორე დღეს გათიშული დაგხვდება.“

კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი”, რომელიც თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში რადიო სიგნალის გათიშვას უზრუნველყოფს, 2011 წელს დაარსდა. „თბილისის მიკროავტობუსმა“, რომელიც ოთხ კომპანიას აერთიანებს, 2011 წლის დასაწყისში მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 20 წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვა. რადიო თავისუფლება კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” დირექტორს გიგლა ჯაბიშვილს ესაუბრა. როგორც ის გვიხნის, კომპანიამ დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან - სარეკლამო კომპანია ”ელეფანტთან” - ჯერ კიდევ გასულ წელს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, რაც, გიგლა ჯაბიშვილის მტკიცებით, რადიო სიგნალის პარალელურად ვერ ხერხდებოდა: ”ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა იმუშავა ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეთიშა ხმოვანი სიგნალი, რათა არ დაგვერღვია ხელშეკრულება”, - ამბობს გიგლა ჯაბიშვილი.


რადიოს აკრძალვა და, შესაბამისად, იმ რეკლამების აკრძალვა, რომელიც ამ რადიოებში გადის, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საბაზრო, ღია და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს ...
ნოდარ ჭიჭინაძე
როგორც ის გვეუბნება, სარეკლამო კომპანია ”ელეფანტმა” ”თბილისის მიკროავტობუსს” პრობლემის შესახებ მაისში აცნობა, ივნისის დასაწყისში კი კომპანიამ სამარშრუტო ტაქსებში რადიო სიგნალის გათიშვა დაიწყო. გიგლა ჯიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სიგნალი რამდენიმე ასეულ სამარშრუტო ტაქსშია გათიშული, უახლოეს თვეებში კი - მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ტაქსებში სრულად დამონტაჟდება სარეკლამო მონიტორები - რადიო სიგნალი ყველა მიკროავტობუსს გაეთიშება. გიგლა ჯაბიშვილი ირწმუნება, რომ რადიოსიგნალის გათიშვა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესგადაწყვეტილებაა და მათ ამით არავის უფლება არ დაურღვევიათ:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა, რომელიც აფიქსირებდა უკმაყოფილო მგზავრების მოსაზრებას ამა თუ იმ მუსიკალური რეპერტუარისა თუ რადიოგადაცემის შესახებ, ჩვენ რადიოსიგნალის გადაწყვეტილება ამ მიზეზით არ მიგვიღია. ეს იყო ბიზნესგადაწყვეტილება.
- იქნებ, მგზავრებს არც იმ სარეკლამო რგოლების ყურება უნდათ?
- რა ვიცი, თუ არ უნდათ, შეუძლიათ გარეთ გაიხედონ.
- მაშინ, მგზავრებს ასევე შეეძლოთ გაეკეთებინათ ყურსასმენები და არ მოესმინათ იმ რეპერტუარისთვის, რასაც მძღოლები უსმენდნენ...
- კი ბატონო, თუ უნდათ გაიკეთონ ყურსასმენები, თუ უნდათ უყურონ სარეკლამო რგოლებს, ჩვენ მათი უფლებები არ დაგვირღვევია.

სარეკლამო კომპანია ”ელეფანტის” დაფუძნების ზუსტი თარიღი უცნობია. ინფორმაცია ამის შესახებ არც მათ ვებსაიტზეა მითითებული. კომპანიის მთავარი ფუნქცია თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, კერძოდ კი, სამარშრუტო ტაქსებზე და ტაქსებში რეკლამის განთავსებაა.

”ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა ეს არ უნდა გამორიცხავდეს ამავე სატრანსპორტო საშუალებებში რადიოს ფუნქციონირებას: ”რადიოს აკრძალვა და, შესაბამისად, იმ რეკლამების აკრძალვა, რომელიც ამ რადიოებში გადის, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საბაზრო, ღია და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს”, - მიაჩნია ნოდარ ჭიჭინაძეს.

წინასაარჩევნო პერიოდია და არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ეს მონიტორები პოლიტიკური რეკლამისთვის გამოიყენოს და, შესაბამისად, მოსახლეობის მასობრივ ზომბირებას ექნება ადგილი ...
დათო გრძელიშვილი

”ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია” იყო ის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა ზუსტად ერთი წლის წინ მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირება და განაცხადა, რომ ბაზარზე ფარული მონოპოლიის შექმნას დედაქალაქის მერიამ არამართებული ტენდერის გამოცხადებით შეუწყო ხელი, რომლის გამარჯვებულიც კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი” და მასში შემავალი ოთხი კომპანია იყო.

რიგი მედიასაშაუალებები სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალის გათიშვას მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობად და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. დაჩი გრძელიშვილი, „მედია პალიტრის“ წარმომადგენელი, რადიოსიგნალის გათიშვის შესახებ საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:

”რისთვის გამოიყენებენ ამ მონიტორებს, ანუ რა ტიპის სარეკლამო რგოლებისთვის, ეს კიდევ გაურკვეველია. წინასაარჩევნო პერიოდია და არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ეს მონიტორები პოლიტიკური რეკლამისთვის გამოიყენოს და, შესაბამისად, მოსახლეობის მასობრივ ზომბირებას ექნება ადგილი.”

რადიოსიგნალის პოლიტიკური მოტივით გათიშვის შესახებ ვარაუდი უსაფუძვლოდ მიაჩნია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება რიგითი მოქალაქეების მოსაზრებას სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალის გათიშვის თაობაზე, რადიო თავისუფლებამ მათი ხმები მიკროავტობუსების გაჩერებებზე ჩაიწერა:

- რატომ უ ნდა გაითიშოს? იმიტომ დაიბადა ადამიანი, რომ სიტყვის თავისუფლება გაიგოს...
- მირჩევნია, რომ რადიო იყოს. მართალია, ხანდახან არ მომწონს ის მუსიკა, რაც გადის, მაგრამ მაინც მირჩევნია, რომ რადიო იყოს.
- მგზავრზეა დამოკიდებული. ზოგი ისეთ ფიქრებშია წასული, რომ სიჩუმე ურჩევნია.
- მე როგორც რადიოს ხმა შემაწუხებს, მაშინ ასევე შემაწუხებს იმ სარეკლამო რგოლის ხმაც.