თბილისი ცდილობს უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა თბილისში

14-16 აპრილს, ტრადიციისამებრ, თბილისში უკვე მეთვრამეტედ მოეწყო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. გამოფენის პარალელურად გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "თბილისი - შეხვედრების ადგილი". ამ აქტივობებით თბილისის მთავრობა ცდილობს უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს და საქმიანი, საკონფერენციო ტურიზმი განავითაროს.

საქართველო ზაფხულის ტურისტულ სეზონს ახალი ვიდეოკლიპით ხვდება. ვიდეორგოლმა, რომელიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აღწერს, ახალ სტრატეგიასთან ერთად უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა უნდა უზრუნველყოს. მისი ჩვენება 15 აპრილს გაიმართა „ექსპოჯორჯიაში“ მოწყობილ ტურისტულ გამოფენაზე და კონფერენციაზე.

ამჟამინდელი გამოფენა ადრინდელებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასზე ძირითადად წარმოდგენილი იყო სახელმწიფო ორგანიზაციები და საქართველოს მუნიციპალიტეტები. მონაწილეებს შორის იყო რამდენიმე კერძო კომპანიაც. ერთ-ერთი მათგანია „სამედიცინო ველნეს კურორტი - ბიოლი“. მისი თანამშრომლის ნია ნაკაშიძის განცხადებით, კოჯორში დაფუძნებული სამედიცინო ცენტრი გამოფენის დამთვალიერებლებს სამედიცინო ტურიზმის პროდუქტებს სთავაზობს:

„სხვადასხვა ქვეყნიდან დაინტერესება არის, გვყავს სტუმრები უცხოეთიდან, ამიტომ ეს საქართველოს ტურისტული სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ტურისტული ზონა, ენდემური ზონა და ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ყველა ეს მომსახურება არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ჩვენთანაც, საქართველოში, არც ისე შორს - კოჯორში“.

34 პროცენტით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, შემოსავლები გაზრდილია 20 პროცენტით, ყოველწლიურად სტაბილური ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს მეტად და ნაკლებად რეიტინგული ტერიტორიები, მაგრამ სადაც გამართული ინფრასტრუქტურაა, მით მეტია ტურისტების რაოდენობა...
ნათია ჯინჯოლავა

კოჯრის ამ შესაძლებლობების გარდა, ტურისტულ გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ სტენდმა. ეს სახელმწიფო უწყება ტურისტებს, დაცული ტერიტორიების მონახულების შესაძლებლობასთან ერთად, გარკვეულ სერვისებსაც სთავაზობს.

სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია ჯინჯოლავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება დაცული ტერიტორიების მონახულების მსურველთა რიცხვი:

„34 პროცენტით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, შემოსავლები გაზრდილია 20 პროცენტით, ყოველწლიურად სტაბილური ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს მეტად და ნაკლებად რეიტინგული ტერიტორიები, მაგრამ სადაც გამართული ინფრასტრუქტურაა, მით მეტია ტურისტების რაოდენობა. თუნდაც პრომეთე ან სათაფლია ტურისტული სეზონის განმავლობაში არ იხურება. გვაქვს ტერიტორიები, სადაც მთელი წლის განმავლობაშია სეზონი“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, „ექსპოჯორჯიაში“ ტურისტული შესაძლებლობები გამოფინა რამდენიმე მუნიციპალიტეტმა. მათ შორის იყო ახალციხე. სამხატვრო სკოლის დირექტორის ნანა ნათენაძის განცხადებით, სტენდზე ხელნაკეთ პროდუქციასთან ერთად მესხური ღვინოც გამოფინეს:

„ტურისტულ გამოფენაში ჩვენ რამდენიმე წელია ვმონაწილეობთ. მესხური ღვინოც გვაქვს წარმოდგენილი. აგრეთვე გვაქვს ჩვენი სუვენირების მაღაზიაც, რომელიც არის რაბათის ციხის, ახალციხის ტერიტორიაზე“.

როგორც აღვნიშნე, წლევანდელ ტურისტულ გამოფენაში ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობდნენ ტურისტული სფეროს უცხოელი წარმომადგენლებიც. მათ შორის გამოფენას პირველად ეწვია მინსკის მერია. ბელორუსიის დედაქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, იური ნატიჩკოს, განცხადებით, ქართველ ტურისტებს ისინი საუკეთესო სასტუმროებს და კარგ სამზარეულოს სთავაზობენ:

მინსკის სტენდი

„ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ყოველთვის უნდა ტარდებოდეს ჩვენს ქალაქებს, ხალხებს შორის, რათა ადამიანები ერთმანეთს ესტუმრონ და მიიღონ ახალი დადებითი ემოციები. იმის გამო, რომ მინსკი მდებარეობს ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ქვეყანა ტერიტორიულად არ არის ძალიან დიდი. შესაბამისად, ქალაქ მინსკიდან შეიძლება ერთი საათის სავალზე სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულება. ჩვენ გვაქვს ძალიან ლამაზი ძველი ციხესიმაგრეები“.

ბელორუსიის გარდა, თბილისის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, სომხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ინდონეზიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც.

ამით ჩვენი ეკონომიკური განვითარების წახალისება ხდება, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ...
დავით ნარმანია

მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, წლევანდელ გამოფენას კრიტიკულად აფასებს საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი მელაძე:

„საერთოდ, გამოფენა რომ ტარდება, კარგია, პოზიტიურად ვარ განწყობილი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანას უნდა შეეძლოს წელიწადში ერთხელ მაინც ჩაატაროს ასეთი ტურისტული გამოფენა. თვითონ გამოფენას რაც შეეხება, ძალიან სუსტია, თუმცა წელს არიან ბულგარეთიდან, უკრაინა შემოგვიერთდა, სომხეთიც, აზიის ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ. ეს უკვე კარგია, რადგან ცნობადობა იზრდება“.

ქეთი მელაძე დადებითად აფასებს იმ სტრატეგიას, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა და რომელიც რამდენიმე წელიწადში ე. წ. „მაის ტურიზმის“ საქმიანი, საკონფერენციო ტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს. სწორედ ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, სახელწოდებით "თბილისი - შეხვედრების ადგილი", რომელიც თბილისის მთავრობის ინიციატივით გაიმართა. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, კონფერენციაზე თბილისი თავის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას შეეცდება, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთო:

კონფერენცია "თბილისი - შეხვედრების ადგილი"

„ამით ჩვენი ეკონომიკური განვითარების წახალისება ხდება, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და უფრო შორს გავიდეს ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“.

ასეთ ძალისხმევას ტურიზმის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი დადებითად აფასებს, ზოგი კი აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, საქართველოში ტურისტული ნაკადის გაცილებით მაღალი ზრდა უნდა იყოს. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი თითქმის 25 პროცენტით გაიზარდა.