საფრანგეთი „შარლი ებდოზე“ თავდასხმის შემდეგ

ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საფრანგეთი შეძრა სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ სისხლისმღვრელმა თავდასხმამ, პარიზში მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ქალი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. თავდამსხმელმა შეძლო მიმალულიყო, ისევე როგორც შეძლეს ეს პირებმა, რომლებიც 7 იანვარს სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

8 იანვარს საფრანგეთში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას - გლოვისა და პატივისცემის ნიშნად, დადუმდნენ ადგილობრივი დროით 12 საათზე.

პარიზში სატირულ ჟურნალზე თავდასხმამ 12 ადამიანი შეიწირა, მათ შორის ორი პოლიციელი და რამდენიმე ჟურნალისტი. ნათელი არ არის, აქვს თუ არა ამ თავდასხმასთან რაიმე კავშირი 8 იანვრის ინციდენტს, რომლის შედეგადაც პოლიციელი ქალი გარდაიცვალა. საფრანგეთის პოლიციის თანახმად, პოლიციელი და კიდევ ერთი ადამიანი, ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს პარიზის სამხრეთ გარეუბანში, პორტ დე შატიონთან.საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამ ორ ადამიანს ავტომატური იარაღიდან ესროლა შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ჯავშანჟილეტი ეცვა. ინციდენტის ადგილას მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეიარაღებული პირი ჯერ არ უპოვიათ.

ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმასთან კავშირის მქონე პირთა ძებნის პროცესში, დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 8 იანვარს, საფრანგეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსს არ დაუმალავს, რომ არსებობს თავდასხმაში მონაწილეების მორიგი იერიშის საფრთხე,

„ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე მივაკვლიოთ პირებს, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა მოაწყვეს. ჩვენ გვაქვს გეგმა უსაფრთხოების დასაცავად, ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან პოლიტიკის სფეროში, რათა უზრუნველვყოთ ეროვნული თანხმობა, რის გამოხატულებაც უკვე ვიხილეთ. გვესმის, რა იწვევს საზოგადოების შეშფოთებას და ეს განვიხილეთ მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად. ვითარებას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს“, ამბობს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.

საფრანგეთის სამართალდამცველები დამნაშავეებს ეძებენ

7 იანვარს სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმისას ისმოდა შეძახილები „ალაჰუ აკბარ“ („დიდ არს ღმერთი“). თავდამსხმელები იძახდნენ იმასაც, რომ სატირულ ჟურნალზე თავდასხმით შური იძიეს წინასწარმეტყველის გამო. „შარლი ებდოს“ ემუქრებოდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების შემდეგ.

თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიცია ეძებს 32 წლის შერიფ კუაშის, 2008 წელს გასამართლებულ პირს, რომელსაც ბრალი ედებოდა მებრძოლთა ერაყში გამგზავნელი ჯგუფის წევრობაში, და ეძებენ მის ძმას, 34 წლის საიდს. ოფიციალური პირების ცნობით, ორივე „შეიარაღებული და სახიფათოა“. პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის განცხადებით, პარიზში დაბადებული ძმები კუაშები არც აქამდე იყვნენ უცნობი დაზვერვის სამსახურისთვის.

საფრანგეთის მედია იუწყება პოლიციის მიერ შვიდი ადამიანის - თავდასხმაში ეჭვმიტანილ ძმებთან დაახლოებული პირების -დაკითხვის შესახებ. იუწყებიან იმასაც, რომ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, 18 წლის მურად ჰამიდი, ჩაბარდა პოლიციას აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ შამპანში მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ სოციალურ მედიაში მის სახელს ახსენებდნენ თავდასხმის კონტექსტში. ამასობაში, პოლიციამ რეიდები ჩაატარა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, სტრასბურგსა და პარიზთან მდებარე მომცრო დასახლებებში.

ფრანსუა ოლანდი შეხვედრას მართავს

პარიზში გაიმართა საფრანგეთის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტების, ფრანსუა ოლანდისა და ნიკოლა სარკოზის, შეხვედრა, რომლის შემდეგაც სარკოზიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკუთრივ შეხვედრის ფაქტიც ცხადყოფს ფანატიკოსებთან დაპირისპირებაში ეროვნული თანხმობის აუცილებლობას.

„ეს არის ცივილიზაციის საკითხი და მოითხოვს, რომ ცივილიზებული ხალხი - იმის მიუხედავად, თუ რა მრწამსს მისდევს - გაერთიანდეს ამ ფანატიკური ბარბაროსობის წინააღმდეგ. ცივილიზაციას ომი გამოუცხადეს და ცივილიზაციის მოვალეობაა თავი დაიცვას - და ჩვენ ამის გაკეთება გადავწყვიტეთ“, - თქვა ნიკოლა სარკოზიმ.

სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმისა და 12 ადამიანის დახოცვის შემდეგ, იმავე დღეს სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში - მათ შორის, ლონდონში, მადრიდში, ამსტერდამში, ნიუ-იორკსა და ბერლინში.