სრებრენიცელი ჟურნალისტის დედა ხოცვა-ჟლეტიდან 20 წლის შემდეგ შვილის ნეშტს დაეძებს

სრებრენიცის ტრაგედიის მემორიალური კომპლექსი

ივლისის თვეში, 1995 წელს, ქალაქი სრებრენიცა ბოსნიელ სერბებს ჩაუვარდათ ხელში. ნიჰად ჩატიჩი ჟურნალისტი იყო, სრებრენიციდან იტყობინებოდა ვითარების შესახებ. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რვა ათასი კაციდან და ბიჭიდან, რომლებიც ევროპის ისტორიის ბოლო ათწლეულებში ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი შეიქნენ.

1995 წლის ათ ივლისს, როცა ქალაქი ბოსნიელი სერბების ხელში ჩავარდა, ნიჰად ჩატიჩმა ჩაწერა თავისი ეს ბოლო, სასოწარკვეთის გამომხატველი, სიტყვები: „სრებრენიცა უზარმაზარ სასაკლაოდ გადაიქცა. დახოცილები და დაჭრილები უწყვეტლივ მოჰყავდათ საავადმყოფოში. ნეტავი ვინმე თუ გამოჩნდება მსოფლიოში, ვინც დაინახავს ტრაგედიას, რომელიც სრებრენიცას და მის ხალხს დაატყდა თავს“. მას მერე ოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ დედამისი ჰაირა ჩატიჩი დღემდე სათუთად უვლის მობილურ ტელეფონზე ამ ჩანაწერს. გაფერმკრთალებულ შავ-თეთრ ფოტოსთან ერთად, ეს არის ერთადერთი, რაც შვილისგან დარჩა დედას, რომლის ვაჟი სრებრენიცელ რვა ათას მუსლიმ კაცსა და ბიჭთან ერთად მოკლეს.

ეს იყო ევროპაში უმძიმესი ხოცვა-ჟლეტა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნეჰადი 26 წლის იყო. მას 1992-1995 წლების ომის დროს საკუთარი რადიოსადგური ჰქონდა, „სრებრენიცის ხმა“. როცა სერბთა ძალებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, მისი ხმა, მისი რეპორტაჟები მთელ ბოსნიაში ისმოდა. თავისი ბოლო გადაცემის შემდეგ, დედასა და მამასთან, იუნუსთან ერთად ნიჰადმა ქალაქი დატოვა და შეუერთდა ათასობით მუსლიმს, რომლებიც ცდილობდნენ თავი შეეფარებინათ მახლობელ სოფელ პოტოკარიში ყოფილი ქარხნის შენობისთვის, რომელსაც სამხედრო ბაზად იყენებდნენ გაეროს სამშვიდობო ძალები, ნიდერლანდის შენაერთი. მაგრამ ნიდერლანდელებმა ბაზა სწრაფად ჩააბარეს ბოსნიელ სერბთა არმიას, რომელსაც რატკო მლადიჩი მეთაურობდა. ჰაირა ქმარ-შვილს დააშორეს. ისინი მას აღარასოდეს უნახავს. იუნუსის გვამს ათი წლის შემდეგ მიაგნეს ქალაქ კოზლუკში, მასობრივ საფლავში, რომელიც ნაგვის გროვის ქვეშ იყო დამალული. ნიჰად ჩატიჩი ერთ-ერთია იმ 1200 სრებრენიცელიდან, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.

ომის შემდეგ დაკარგულად სულ შვიდი ათასი ადამიანი მიიჩნევა, ასი ათასი კი ამ ომს ემსხვერპლა. „მეშინია, რომ ვერასოდეს ვიპოვი. ნეკა თითიც რომ მენახა მისი, ადგილი მექნებოდა, სადაც მის ხსოვნას მივაგებდი პატივს“, ამბობს ჰაირა ჩატიჩი, რომლის ქმარმა და შვილმა სცადეს თავი შეეფარებინათ ნიდერლანდელი სამხედროების ბაზისთვის იმ იმედით, რომ იქ მათ სერბები ვერ მისწვდებოდნენ. ჰაირამ არ იცის დანამდვილებით, რა ვითარებაში მოკვდა მისი შვილი. იმედი აქვს, რომ ოდესმე ვაჟის ნეშტს მიაგნებს: „ვიყავი დანაღმულ ველზე, სადაც დაიჭრა. ვიფიქრე, იქნება რამე ვნახო-მეთქი. ვერაფერს მივაგენი. თავის ქალის ძვალი ვიპოვე, მაგრამ არა მგონია, მისი იყოს: იმ ადგილიდან შორს ვნახე. იქნებ, ჩემი ნინო სადღაც შორს არის, ჯერ კიდევ ამოუცნობ გვამებთან ერთად“. თუმცა შანსები, რომ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულის გვამს მიაგნებენ, მცირეა.

ბოსნიელ სებრთა არმიამ დახოცილთა გვამები მასობრივ საფლავებში დამარხა, შემდეგ მათ ადგილმდებარეობა შეუცვალა და კვალის მოსასპობად ბულდოზერები გადაატარა. ზოგჯერ ერთი და იმავე პირის გვამის ნაშთებს ერთმანეთისგან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილას პოულობენ. ყოველ 11 ივლისს იმ წელს მიკვლეულ ნეშტებს ასაფლავებენ ხოლმე სოფელ პოტოკარიში. წელს მათი რიცხვი 136-ია. ათასობით ახლობელი დაესწრება ამ სრებრენიცელთა ნეშტების დასაფლავებას, მაგრამ ნიჰად ჩატიჩი მათ შორის არ იქნება. მიუხედავად იმედგაცრუებისა, დედა ბრძოლას აგრძელებს. „იმედს ვკარგავ. მაგრამ ვიბრძვი. სანამ არ მოვკვდები, ძებნას არ შევწყვეტო“, უთხრა რადიო თავისუფლებას სრებრენიცელმა ჰაირა ჩატიჩმა.