„როცა სრებრენიცაში დახოცილი ადამიანების ფოტოების შეგროვება დავიწყე, თავდაპირველად ეს რელიგიური ხასიათის ამოცანას ჰგავდა.
ვეძებდი გვარებს, დაბადების თარიღებს და ყველაფერს, რაც კი დამეხმარებოდა საარქივო ჩანაწერებში გზის გაგნებაში.
ეს ერთგვარად თავად ბოსნიის ომის მიკროკოსმოსი იყო. ყველამ იცოდა იმ პირველ მსხვერპლთა ვინაობა, რომლებიც 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის დაწყებისას დაიღუპნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ომი გაგრძელდა, შემდეგ წლებში სახელები რიცხვებად გადაიქცა. ადამიანობის ქრობასთან ერთად გაქრობა დაიწყო ყველაფერმა პიროვნულმა.
მაგრამ შემდეგ სახეების თვალიერება დავიწყე.
ბევრმა მათგანმა ჩემთვის ნაცნობი ადამიანები გამახსენა. შევამჩნიე, რომ სურათების უმეტესობა ჯგუფებს წარმოადგენდა - მამები და მათი ვაჟები, ძმები და ძმისშვილები თუ დისშვილები. სურათების დასტა თავად მხეცურ სისასტიკეს განასახიერებდა: ეს იყვნენ მოკლული მამები, რომლებიც სიკვდილის წინ შვილებს ეძებდნენ მზერით, და შვილები, რომლებიც მშობლებისკენ იწვდიდნენ ხელს.
ყველამ ვიცით, რომ 1995 წლის ივლისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, 8000-ზე მეტი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს რეგიონში, რომელიც, გაეროს დაპირებით, ბოსნიელ მუსლიმთათვის „უსაფრთხო ადგილი“ უნდა ყოფილიყო.
ყველამ ვიცით, რომ 20 წლის წინ ევროპამ ვერ შეასრულა დანაპირები, რომ მის მიწაზე „აღარასოდეს“ მოხდებოდა გენოციდი.
მაგრამ ჰუმანურობა, რომელიც იმ ათი დღის განმავლობაში დაიკარგა, კვლავაც ბნელით არის მოცული.
ამ ფოტოების შეგროვებით ერთგვარად უკუსვლით მივდივართ. ამით ჩვენ ვცდილობთ, აღვადგინოთ ადამიანების ვინაობა. ვინაობა, რომელიც ძალიან ხშირად გადაქცეულა უბრალო ნიშნად საძმო სასაფლაოს სიაში.
ამ ათასობით ფოტოსურათიდან თითოეულ მათგანში ჩანს ადამიანი საკუთარი ისტორიით. და მომავლით, რომელიც ნაადრევად შეწყდა.
მაგრამ თუ ფოტოსურათს ამბის მოყოლა შეუძლია, მრავლის მთქმელია ის ფაქტიც, რომ ბევრი ფოტო არ არსებობს. ეს სრებრენიცის მსხვერპლთა ფოტოების ყველაზე დიდი კოლექციაა, მასში თავმოყრილია 2400 სურათი. მიუხედავად ამისა, ამ კოლექციას 5 ათასზე მეტი ადამიანის ფოტო აკლია.
ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთანაც ვთანამშრომლობდი ამ პროექტზე მუშაობისას, უკვე მოეპოვებოდა ფოტოები. ზოგმა კი დაღუპულთა ოჯახის წევრებს სთხოვა დახმარება მათ მოსაგროვებლად.
მე ვიყავი სრებრენიცის მსხვერპლთა შეკრებაზე სარაევოში. იქ იყვნენ მოკლულთა მეუღლეები, დედები და შვილები. ყოველ მათგანს შეეძლო ხატოვნად აღეწერა ის საშინელი დღეები, მაგრამ ყველას არ ჰქონია ფოტოები. ზოგს ერთი დაღუპული შვილის ფოტო ჰქონდა და მეორისა - არა. ზოგს თან ჰქონდა სატრფოს ფოტო, თუმცა ამ სურათზე ისინი გაცილებით უფრო ახალგაზრდები არიან, ვიდრე მაშინ, როდესაც დაიღუპნენ.
როდესაც ბოსნიელმა სერბებმა სრებრენიცა აიღეს, მამაკაცებმა და წვევამდელი ასაკის ბიჭებმა - ზოგი მათგანი 14 წლის იყო - მიმალვა სცადეს. ქალები და პატარა ბავშვები კი ძალით არეკეს ავტობუსებში და თავიანთ განვლილ ცხოვრებას მოაშორეს.
ამ ქალებს მამები, ქმრები და ძმები წაართვეს. ბევრი, ვინც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა, დღემდე ისე ცხოვრობს, რომ გასახსენებლად ფოტოც კი არ დარჩა.
--ჯენანა ჰალიმოვიჩი. 2015 წლის ივლისი
პროექტზე მუშაობდნენ
ფოტოები და სახელები შეაგროვა:
ჯენანა ჰამილოვიჩვმა
დიზაინი:
იან რადლი
კომპიუტერული დამუშავება:
ტომაშ რანდუსი
პროდიუსერი:
გლენ კეიტსი
პირველი გვერდის ფოტო:
სკოტ მაკინტაირი
დამატებითი ფოტოები ფონისთის: მიდჰატ პოტუროვიჩი
განსაკუთრებული მადლობა „სრებრენიცის დედებს“, „სრებრენიცის ქალებს“, „პოდრინიეს ქალებს“ და „სრებრენიცისა და ზეპის დედების მოძრაობას“ ფოტოების მოძიებაში გაწეული დახმარებისათის.