”შერჩევითი სამართალი” და ოკუპაცია ასოცირების დღის წესრიგში

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რომლის ტექსტიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტებზე 10 ივლისს გამოქვეყნდა, უახლოეს წლებში შესასრულებელ ვალდებულებებს განსაზღვრავს. საგანგებო ადგილი ეთმობა კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს საკითხებს. შერჩევით სამართალთან დაკავშირებულ ეჭვებზე თბილისში პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეც ლაპარაკობდა, საქართველოს ხელისუფლება კი ამგვარი შთაბეჭდილების გაქარწყლებას ცდილობდა. პოლონეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესში.

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას პოლონეთის პარლამენტი მოახდენს სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო მუშაობას განაახლებს - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბოგდან ბორუსევიჩმა ხუთშაბათს გააკეთა. მის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ფარგლებში მრავალჯერ ითქვა, რომ საქართველოს ტრადიციული მეგობარი, პოლონეთი, აფასებს საქართველოში წარმატებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, წარმატებით ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს და მოელის, რომ ასევე წარმატებით ჩაივლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ასევე საგანგებოდ აღინიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

თვითონ სასამართლომ, რომელიც საქართველოში იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას დაპატიმრება-არდაპატიმრების თაობაზე, უგულავასთან დაკავშირებით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება - ჩათვალა, რომ უნდა იყოს პატიმრობაში...
ზურაბ აბაშიძე

მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის ბოგდან ბორუსევიჩმა არაერთი მადლობა დაიმსახურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრისგან, თუმცა საჭირო გახდა განმარტებების გაკეთებაც, კერძოდ, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა შთაბეჭდილებაზე, რომ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის დაპატიმრება და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერის მატარებელია.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, პოლონელ სტუმრებს განემარტათ, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვების დროს მიმალვასთან დაკავშირებული ვარაუდის გამო იქნა დაკავებული:

”თვითონ სასამართლომ, რომელიც საქართველოში იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას დაპატიმრება-არდაპატიმრების თაობაზე, უგულავასთან დაკავშირებით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება - ჩათვალა, რომ უნდა იყოს პატიმრობაში - როგორც პირველმა ინსტანციამ, ასევე აპელაციამ და სწორედ ეს საკითხები იქნა განმარტებული ჩვენი კოლეგებისთვის პოლონეთიდან და მათ მიიღეს ის, რაც რეალობაა”.

განხორციელდეს პროკურატურის რეფორმა 2008 წლის კანონში 2013 წლის ცვლილების შესაბამისად. კერძოდ, განისაზღვროს სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო პროკურატურისთვის ეფექტიანი ზედამხედველობით, რათა მოხდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა...

იმისათვის, რომ შერჩევით სამართალთან დაკავშირებული ეჭვები აღარ წარმოიშვას, ევროკავშირი საქართველოს მთელი რიგი ზომების გატარებას ასოცირების დღის წესრიგშიც ავალებს. ეს დოკუმენტი წარმოადგენს 2014-2016 წლებისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას და გაწერილი ღონისძიებების შესრულება აუცილებელია ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია ითვალისწინებს წლიურ ანგარიშგებას, მონიტორინგსა და შეფასებას. ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიც არის მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის კოდექსი, საგამოძიებო სფერო თუ პროკურატურის რეფორმა:

”განხორციელდეს პროკურატურის რეფორმა 2008 წლის კანონში 2013 წლის ცვლილების შესაბამისად. კერძოდ, განისაზღვროს სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო პროკურატურისთვის ეფექტიანი ზედამხედველობით, რათა მოხდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა, და ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად პროფესიული პროკურატურა (მათ შორის თანამშრომელთა შესაბამისი გადამზადების გზით), რომელიც თავისუფალი იქნება როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე სხვა არამართლზომიერი ზეგავლენისგან.

უზრუნველყოფილ იქნეს სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი”.

ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი...

ევროკავშირის მოთხოვნებს აბსოლუტურად იზიარებენ საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყოფილ თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნა პოლიტიკურ დევნასთან არ უნდა იქნეს გაიგივებული. როგორც, მაგალითად, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე განმარტავს, პოლიტიკური მოღვაწეობა იმუნიტეტი არ არის:

”თვალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დახუჭული ჩადენილ დანაშაულებზე, რადგან მაშინ ჩვენ არ ვიქნებით დაზღვეული იმაში, რომ ხვალ ჩვენი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი არ გააკეთებს და არ ჩაიდენს იგივეს”.

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის სხვა აქცენტებს, აქ ვხვდებით წამების წინააღმდეგ ბრძოლის, შრომითი უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემას და ამ კონტექსტში ნახსენებია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:

”ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი”.

ამ კანონის გადახედვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა არაერთგვაროვანი რეაქცია უკავშირდება და დიდწილად სწორედ ამიტომ შეჩერდა ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს პარლამენტში. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეს რეკომენდაცია ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართალს, რადგანაც დაუშვებელია კავშირის დამყარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა არ აისახება ევროკავშირთან საქართველოს სამომავლო დაახლოების პროცესზე.