ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პროტესტის შემდეგ შეწყდა. შეხვედრის დღის წესრიგში 13 საკითხი იყო, მაგრამ აქედან უმთავრესი იყო ორი: ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სასწრაფოდ გადმოსვენება და ახალგორში საბუთებჩამორთმეული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის გადაადგილების თავისუფლების მიცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოდგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან პასუხი ვერ მიიღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების ზუსტ დროზე.
Your browser doesn’t support HTML5
"ვიდრე არ იქნება ეს ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს აზრს შეხვედრის გაგრძელებაში. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთიდან ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელიც ცხინვალშია, თბილისს არ გადმოეცემა“, - თქვა ქემოკლიძემ.
შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დღევანდელ დღეს თავი შეეკავებინათ შეკითხვების დასმისგან:
„მინდა გთხოვოთ, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტებს, კარავში შესვლისას, როგორც ყოველთვის, გადაიღოთ რამდენიმე ფოტო, ვიდეომასალა და არ დასვათ შეკითხვები. ეს არ არის შესაფერისი ადგილი შეკითხვების დასასმელად. შესაძლებელია სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა და ეუთოს წარმომადგენელმა გააკეთონ განცხადება, თუმცა დღეს მინდა განსაკუთრებით გთხოვოთ, რომც გქონდეთ შეკითხვები, დღეს აქ ამის ადგილი არ არის. დღევანდელი დღე ყველასთვის მგრძნობიარეა. ახლა იწყება შეხვედრა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში. ყველა მხარეს აქვს ერთი მოლოდინი დღევანდელი დღისგან, მომდევნო დღეებისგან. ჩვეულებრივ, ამას არ გთხოვთ ხოლმე, მაგრამ დღეს ვითხოვთ თავშეკავებას თქვენგან“.
ჟურნალისტები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მაინც მივიდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელ მურატ ჯიოევთან, რომელიც კომენტარის გარეშე ერთ-ერთ კარავში შევარდა და ჟურნალისტების მიერ ტერიტორიის დატოვებამდე შეხვედრაზე შესვლას არ აპირებდა. ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მასთან მიახლოებას უკრძალავდნენ, ამ დროს რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელები ევროპელ დიპლომატებს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ერგნეთიდან წასვლით იმუქრებოდნენ. ამის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს, რათა შეხვედრის ჩაშლა მათ არ დაბრალებოდათ. შეხვედრა კი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართული მხარის პროტესტის გამო შეწყდა. დასასრულს კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ისევ ევროკავშირის მისიისა და ჟურნალისტების მონაწილეობით. მისიამ უკვე დაცვის სამსახური გამოიყენა იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლები ჯიოევს არ მიახლოებოდნენ, რომელმაც ერგნეთის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ერგნეთში შეხვედრის მიმდინარეობისას გამუდმებით ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. რუსეთის 58-ე არმიის მეოთხე ბაზის ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს გადიოდნენ. როდის გაგრძელდება ერგნეთის შეწყვეტილი შეხვედრა, ცნობილი არ არის. საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, პასუხს ორ უმთავრეს საკითხზე ელოდება. არც ის იცის ვინმემ, როდის გადმოასვენებენ ტატუნაშვილის ცხედარს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცხინვალში რუსეთში გაგზავნილ ექსპერტიზის მასალებზე პასუხს ელოდებიან.