Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმს განსხვავებული ვერსიები აქვს ტატუნაშვილის სიკვდილზე


არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

„არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორში ბადრაგირების დროს თავს დაესხა ბადრაგებს და დაეუფლა რა ერთ-ერთის სატაბელო იარაღს, გასროლა სცადა. მცდელობა აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რომლებმაც ძალის გამოყენებით განაიარაღეს თავდამსხმელი“, - აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა.

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამომწვევი გარემოებების აღწერისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმეორებს უშიშროების კომიტეტის პირველ, 23 თებერვლის განცხადებას. მასში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას დაკავებულმა ბადრაგს პისტოლეტი წაართვა, მისი განიარაღებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განეიტრალების მიზნით კი უშიშროების კომიტეტის წევრებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს. თუმცა მოგვიანებით, 23 თებერვალსვე უშიშროების კომიტეტმა ინციდენტის გარემოება გარკვეული შესწორებებით აღწერა. კერძოდ: ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს არჩილ ტატუნაშვილმა სცადა ერთ-ერთი თანმხლების იარაღის დაუფლება, რაც ბადრაგების საპასუხო ქმედებებით, კერძოდ, ფიზიკური ძალითა და სპეცსაშუალებებით იქნა აღკვეთილი. ამის შემდეგ, ცხინვალის უშიშროების კომიტეტის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა, კიბეზე დაეცა, ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანისას კი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 მარტის განცხადების თანახმად, ოჯახს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ გადაეცემა. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არ შედიოდა, ვინაიდან საქმეზე არსებითი წარმოების დაწყებამდე ეჭვმიტანილის გაქცევის მცდელობა ფასდება მის მიმართ არსებული იმ ეჭვის დადასტურებად, რომელიც დაკავების საფუძველი გახდა. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ახალგორში დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG