არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას აჭიანურებენ იმისთვის, რომ არ დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური მიზეზები - ამ შინაარსის განცხადება 28 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა. პოლიტიკური პარტიებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილის მსგავსად, ომბუდსმენიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, რათა დროულად მოხდეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ნაწამები და მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, ასევე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლება. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი კეთდება ამ მიმართულებით. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული საზარელი შემთხვევა წახალისებულია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იმ მიზნითაც, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ხაზი ესმება იმ გარემოებასაც, რომ რუსეთთან საქართველოს მიერ წარმოებული დათბობის პოლიტიკა არ ამართლებს. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ცხინვალის რეჟიმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მისი საავადმყოფოში გარდაცვალების შესახებ. როგორც ნინო ლომჯარია ვარაუდობს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სიმართლის დამალვას ცდილობს:
„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ არ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზები. მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებამაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომ დაუყოვნებლივ შეძლონ მათ ამ ტერიტორიაზე დაშვება, თუნდაც საქართველოს იმ ორი მოქალაქის მონახულება და მათი უსაფრთხოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“.
ურთულესია ოკუპანტთან ამ თემაზე საუბარი, თუმცა ამ კუთხით საქართველოს ეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკა. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ აუცილებლად შესრულდება პირობა და გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნება...დავით მათიკაშვილი
საქართველოს სამი მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს, 23 თებერვალს კი ცხინვალის რეჟიმმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა“ და „ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალის გამოყენება გახდა საჭირო. შედეგად, დაკავებული კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა არ აძლევს ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას.
შეიძლება ითქვას, რომ არჩილ ტატუნაშვილის კიბიდან დაგორების ვერსიისა არავის სჯერა თბილისის მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე. ოჯახი და მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ დაკავებული წამებით მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია და, ხელისუფლების მიმართ წაყენებული ულტიმატუმის მიხედვით, ოჯახი საქართველოდან რუსეთის ფედერაციისკენ მიმავალ ავტომაგისტრალის გადაკეტვასა და რუსეთის სანომრენიშნიანი ავტომანქანების დაბლოკვას გეგმავდა, თუმცა, როგორც 28 თებერვალს გაირკვა, ეს გეგმა დროებით შეჩერდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შს სამინისტროს განცხადებების თანახმად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სოფელ წილკანში მომლოდინე მის ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს, თუმცა, როგორც 28 თებერვალს განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა, ეს იოლი საქმე არ არის:
რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დაამციროს საქართველო - შესაძლოა, ეს თავის ხელით ქნას ანდა დაამციროს მათი ხელით, ვისაც ის იცავს. ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს, მაგალითად, იგივე ნიჰილიზმზე იგივე ჩვენს საზოგადოებაში, ჩნდება ლოზუნგები: „ჩვენ მთავრობა არ გვყავს“, „უპატრონოდ ვართ“...კახა გოგოლაშვილი
„ურთულესია ოკუპანტთან ამ თემაზე საუბარი, თუმცა ამ კუთხით საქართველოს ეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკა. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ აუცილებლად შესრულდება პირობა და გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მის ოჯახში“.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ოჯახისთვის ცხედრის გადაცემამდე რუსეთიდან უნდა მიიღოს ექსპერტიზის პასუხი. საქართველოში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს ხელს აფარებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და, მეტიც, როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკის ნაწილადაც შეიძლება განვიხილოთ:
„რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დაამციროს საქართველო - შესაძლოა, ეს თავის ხელით ქნას ანდა დაამციროს მათი ხელით, ვისაც ის იცავს. ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს, მაგალითად, იგივე ნიჰილიზმზე იგივე ჩვენს საზოგადოებაში, ჩნდება ლოზუნგები: „ჩვენ მთავრობა არ გვყავს“, „უპატრონოდ ვართ“, „დასავლეთი ვერაფრით ვერ გვეხმარება“ და ასე შემდეგ. ეს მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე და მოქმედებს რუსელ ზეგავლენებზე. ეს ნამდვილად პოლიტიკის ნაწილია“.
ისტორიას თუ გადავხედავთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქვეყნები ისინი იყვნენ, რომლებიც მაქსიმალურად ინტეგრირდნენ ევროკავშირსა და ნატოში. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ პოსტსაბჭოთა სივრციდან დისტანცირება გაეკეთებინათ...გიორგი მუჩაიძე
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არ გაამართლა რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ემხრობა და რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს მოსკოვის მხრიდან მეტი დესტრუქციული ნაბიჯის გადადგმის წამახალისებელი საფუძველიც კი ხდება და, რაც ყველაზე ცუდია, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის შემხედვარე საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების ამოქმედების საჭიროებას ვეღარ ხედავს. ამ აზრისაა გიორგი მუჩაიძეც, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, რომლის თქმითაც, რუსეთი ყოველთვის სათავისო თამაშს თამაშობდა, ხოლო საქართველოსთვის გადარჩენის ერთადერთი გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა:
„ისტორიას თუ გადავხედავთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქვეყნები ისინი იყვნენ, რომლებიც მაქსიმალურად ინტეგრირდნენ ევროკავშირსა და ნატოში. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ პოსტსაბჭოთა სივრციდან დისტანცირება გაეკეთებინათ და კრემლის გავლენიდან გამოსულიყვნენ. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაც მტრული განწყობა ჰქონდათ, არამედ, უბრალოდ, მათ უნდოდათ, რომ ფეხზე დამდგარიყვნენ, დამოუკიდებელ, ძლიერ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულიყვნენ. რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი თანასწორი ურთიერთობები არ აწყობს. თუკი რუსეთთან ურთიერთობაში შედიხარ და შენს პრობლემებს ამ ჭრილში წყვეტ, მათი მიდგომა ასეთია: შენ უნდა დათმო და საპასუხოდ ნაკლები დათმობა მიიღო. რუსეთის არგაღიზიანება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც იქნები სუსტი, იქნები მის პირისპირ და საერთაშორისო პარტნიორები ნაკლებად იქნებიან ჩართული დახმარებაში უსაფრთხოების მოგვარების კუთხით“.
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, დაღუპვის გამო 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში, მისი დაკავებისა და დაპატიმრების დროს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს...ჰიზერ ნოიერტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 28 თებერვალს საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს ემსხვერპლა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, მომხდარი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და რომ დახმარების იმედებს სწორედ მათ უკავშირებს. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებები იყო ევროკავშირიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ამ საკითხს შეეხო სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ჰიზერ ნოიერტიც:
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, დაღუპვის გამო 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში, მისი დაკავებისა და დაპატიმრების დროს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. შეერთებული შტატები ასევე ღრმად შეშფოთებულია საქართველოს სხვა მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის -დაკავებით და ჩვენი მოწოდებაა, რომ მიეცეთ მათ თავისუფლად დაბრუნების საშუალება ადმინისტრაციული საზღვრის გავლით. შეერთებული შტატების მოწოდებაა, რომ სრულად დადგინდეს ტრაგიკული ინციდენტის გარემოებები და ის ასევე მოუწოდებს მხარეებს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე, რათა გაძლიერდეს ურთიერთნდობა და გამჭვირვალობა რეგიონში“.
თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე ანალიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, რათა მეტი აქტივობით, უფრო მკვეთრი განცხადებებითა და, რაც მთავარია, დროში განგრძობადი თანმიმდევრული პოლიტიკით მოხდეს რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების პრევენცია. ცხადია, რუსეთისგან ადეკვატურ ქმედებებს არავინ მოელის, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ მაინც შესაძლებელია შესატყვისი ბერკეტების ამოქმედება საიმისოდ, რომ მოსკოვი წინასწარ დაფიქრდეს გადასადგმელი ნაბიჯის საფასურზე.
28 თებერვალს წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი - სახელმწიფოთშორისი საჩივარი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე. ასევე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში მიმართოს ევროპულ სასამართლოს და კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, რათა ა/წ 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, ასევე თამარ მეარაყიშვილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.