საქართველოს მთავარი სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მაისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6,6 პროცენტით გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თითქმის 7-პროცენტიანი ინფლაციაა.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებაზე უარყოფითი ასახვა პოვა მთავრობის გადაწყვეტილებამ აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ ნავთობპროდუქტებზე, ავტომობილებსა და თამბაქოს პროდუქციაზე. 2017 წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით საწვავზე ფასის ნახტომისებრმა ზრდამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და დაიწყო მთელი რიგი პირველადი მოხმარების საქონლის გაძვირების პროცესი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისში სამომხმარებლო ფასების ზრდის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მაისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საშუალო მაჩვენებელი არ შეცვლილა, თუმცა აღინიშნა ინდექსის 6,6 პროცენტით გაუარესება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სწორედ ეს მაჩვენებელია ის, რაც წლიურ ინფლაციას განსაზღვრავს.
„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2017 წლის მაისის თვის ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ინფლაცია რომ გაიზრდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან 2016 წლის ბოლოს მთავრობამ გაზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე, რის გამოც ცხოვრება გაძვირდა...აკაკი ცომაია
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 8,3 პროცენტით. შესაბამისად, ამ ჯგუფმა საერთო ინფლაციაში 2,5-ზე მეტი პროცენტული წვლილი შეიტანა.
უფრო მეტად, 15 პროცენტით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს პროდუქცია, თუმცა მისი წილი საერთო ინფლაციაში მხოლოდ 1 პროცენტია.
ფასების ზრდის მხრივ რეკორდსმენია ტრანსპორტი, რომლის ფასებიც 17 პროცენტზე მეტად გაიზარდა და საერთო ინფლაციაში 2 პროცენტზე ოდნავ მეტი წვლილი შეიტანა.
თითქმის 7 პროცენტით მოიმატა ფასებმა ჯანდაცვის სისტემაში. 4,3 პროცენტითაა გაძვირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასებიც.
დეფლაცია შეეხო მხოლოდ სამ ჯგუფს. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა თითქმის 3 პროცენტით. საერთო ჯამში, ფასები 1 პროცენტით შემცირდა კავშირგაბმულობაზე, დასვენებისა და გართობის ჯგუფებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია მცირედით კვლავ გაიზრდება, თუმცა აღნიშნული დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, 2017 წლის ბოლოდან შემცირებას დაიწყებს და 2018 წელს 3 %-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება...კობა გვენეტაძე
ამ და კიდევ სხვა სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა მაისის თვეში წლიური ინფლაცია, რომელმაც 6.6 პროცენტი შეადგინა. „კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორი, ეკონომისტი აკაკი ცომაია ინფლაციის გამომწვევ ძირითად მიზეზს ასახელებს:
„ინფლაცია რომ გაიზრდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან 2016 წლის ბოლოს მთავრობამ გაზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე, რის გამოც ცხოვრება გაძვირდა...“
მაისის თვეში აღნიშნული ინფლაციის მაჩვენებელი - 6.6 პროცენტი - გაცილებით მეტია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაცია, რომლის მაქსიმუმს 4 პროცენტი შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ბოლო რამდენიმე თვეა აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და ამჟამად მისი დონე 7 პროცენტს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება კი წინააღმდეგობაში მოდის სესხების გალარების სამთავრობო პოლიტიკასთან, რადგან ლარში გაცემული კრედიტების პროცენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდასთან ერთად იზრდება. ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, მოქალაქეები მოტყუებულნი რჩებიან. მის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, ოპტიმისტური განცხადება. გვენეტაძე ვარაუდობს, რომ საპროცენტო განაკვეთი აღარ გაიზრდება, რადგან ამჟამინდელი ინფლაცია ერთჯერადი მოვლენაა და ის აღარ გაგრძელდება:
„წლიური ინფლაციის ზრდა ძირითადად ერთჯერადმა ფაქტორებმა განაპირობა. სამომხმარებლო ფასებზე აისახა აქციზის გადასახადების ზრდა და, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება. თუმცა აღნიშნულის გადმოცემა ადგილობრივ ფასებზე ნაწილობრივ ლარის გაცვლითი კურსის გამყარებამ დააბალანსა. ერთჯერადი ფაქტორების გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე 2017 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია მცირედით კვლავ გაიზრდება, თუმცა აღნიშნული დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, 2017 წლის ბოლოდან შემცირებას დაიწყებს და 2018 წელს 3 %-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. ინფლაციას შემცირებისკენ უბიძგებს ერთობლივი მოთხოვნაც, რაც, პოტენციურთან შედარებით, სუსტი ეკონომიკური აქტივობის შედეგია. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოქმედი შოკები განეიტრალდება და ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებელის ფარგლებში შენარჩუნდება“.
კობა გვენეტაძის ამ ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად, რომელიც აპრილის თვის ინფლაციას უკავშირდება, მაისის თვეში ინფლაციის დონემ მაინც მოიმატა, რაც, შესაძლებელია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და, შესაბამისად, ლარში გაცემული სესხების გაძვირების მიზეზი გახდეს.