საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან

კერსტი კალიულაიდი და გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სამშობლოში გამგზავრებამდე იგი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ჯერ წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები მოისმინა, მოგვიანებით კი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა. ესტონეთის პრეზიდენტმა საკუთარი თვალით ნახა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართები და ამ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს გაესაუბრა. ვანიშვილი პრეზიდენტებს საკუთარი მძიმე მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. მოხუცს არც შეშა აქვს, არც ბუნებრივი აირი და არც წყალი.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან

ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტს და იქ მყოფ ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი აჩვენა, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები ხალხის ყოფას ეხება.

კერსტი კალიულაიდი და გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დავით ვანიშვილს შეხვდნენ

"მე შემიძლია გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას. საბოლოოდ კი, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, რადგან არსებობს მავთულხლართები, ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების მონახულება და მათთან საუბარი, რადგან არსებობს მავთულხლართები. რომელი ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ, ფაქტია, რომ არსებობს გამყოფი ხაზი. ეს წიგნი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნამუშევარია. მადლობელი ვარ, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას. მეამაყება, რომ შევხვდი სამ ესტონელს, რომლებიც ამჟამად ამ მისიაში მონაწილეობენ. ამგვარად, შეგიძლიათ გამართოთ უკეთესი დისკუსია და გამოიკვლიოთ ადამიანების საოკუპაციო ხაზთან დაკარგვის შემთხვევები. ეს სასარგებლოა. ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ, სანამ საბოლოო გამოსავალს არ ვიპოვით. ამისთვის კი უფრო ინტენსიური საერთაშორისო პროცესი გვჭირდება, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება", - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დღეს გაეროს დელეგაციაც იმყოფებოდა, სტუმრებმა დავით ვანიშვილს არაერთი კითხვა დაუსვეს. გადაიღეს უამრავი ფოტო, თავი აქეთ-იქით გადააქნიეს და იქაურობა დუმილით დატოვეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისა და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ბარიერებიც ისევე დაინგრევა, როგორც ეს ევროპაში მოხდა და ეს მოხდება არა სამხედრო ძალით, არამედ დემოკრატიული განვითარებით.

"მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მობრძანდა აქ, ისევე როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი, და თავისი თვალით ნახა მავთულხლართებიც და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაც. ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა - საქართველო. არაერთ ევროპელ ლიდერს უნახავს ეს და ეს დღეს ნახა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდნტი ხურვალეთიდან ქუთაისში გაემგზავრა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კი საქართველოს მოქალაქეების დაკავება გრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოსურ სოფელ ხელჩუასთან მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომელსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რადგან იგი უკვე მესამედ იქნა დაკავებული. ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ბესტაევის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და ეს საკითხი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის უახლოეს შეხვედრაზეც დაისმება.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დღეს გაეროს დელეგაციაც იმყოფებოდა, სტუმრებმა დავით ვანიშვილს არაერთი კითხვა დაუსვეს. გადაიღეს უამრავი ფოტო, თავი აქეთ-იქით გადააქნიეს და იქაურობა დუმილით დატოვეს.