Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ოკამის ორი მცხოვრები "საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან. 2 დღის წინ ისინი ნივის მარკის ავტომობილით მეზობელი სოფლის ხვითის მიმდებარე ტყეში წავიდნენ შეშის დასამზადებლად. მათი დაკავება სწორედ ამ ტყესთან მოხდა. სოფელი ხვითი ახალგორის ოკუპირებულ რაიონს ესაზღვრება. მანქანა ადგილზე დატოვეს, დაკავებულები კი ჯერ ახმაჯის სამხედრო ქალაქში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ოსურ უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ოკამის ტერიტორიულ ერთეულში კობა ჩიტაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულთა გათავისუფლება ახლო მომავალში იგეგმება.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა, მერაბ შუკაკიძე, ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები შეშის დასამზადებლად ხშირად მიდიან იმ ტერიტორიაზე, სადაც მისი შვილი იქნა დაკავებული. შუკაკიძის თქმით, ტყის მიმდებარედ არც მავთულხლართებია და არც ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერები.

ოკამის მცხოვრებლები, რომლებსაც ხშირად უხდებათ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გასვლა, აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართების გავლება დაიწყეს, თუმცა იმ ადგილებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება მოხდა, ოკუპირებული ტერიტორიების არანაირი ნიშანი არ არსებობს.

ჯონი თათარაშვილისა და გიორგი შუკაკიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებმაც ცხელი ხაზი უკვე აამოქმედეს. ოსურ მხარე კი ამასობაში ოჯახს დაუკავშირდა და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოითხოვა. ქართველ და ოს სამართალდამცავებს შორის ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG