სამ წელიწადში სამი რელიგიური კონფლიქტი ადიგენში

მეჩეთი სოფელ ჭელაში

სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი თემი, 30-წლიანი მშვიდი ცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად პირველად 2013 წელს დაუპირისპირდა.

სოფელში, სადაც 20 ოჯახი მუსლიმი, 80 კი ქრისტიანია, ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა კონფლიქტის შემდეგ თანასოფლელებს კეთილმეზობლური ურთიერთობების დარეგულირება თავიდან უწევთ, აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

29 თებერვალს კონფლიქტი სოფელ ადიგენში მუსლიმი მრევლის სასაფლაოსთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. დაპირისპირების პირველივე დღეს ორივე მხარე ამბობდა, რომ ინციდენტი ხელოვნურად მართული და პროვოცირებული იყო. მუსლიმი სასულიერო პირები მესამე ძალის გამოაშკარავებას ითხოვენ, რომელმაც თანასოფლელებს შორის ურთიერთობა დაძაბა. სამცხე-ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, ადიგენში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციის შემთხვევებმა იმატა.

აღნიშნული ინციდენტი ადიგენის რაიონში რელიგიური ნიშნით დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. სოფელ ჭელის მოსახლეობა ორად 2013 წლის აგვისტოში გაიყო, როცა შემოსავლების სამსახურმა მინარეთი მოჭრა და საწყობში გადაიტანა. ამას მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი და მართლმადიდებლების გაღიზიანება მოჰყვა. მინარეთის ხელმეორედ აღმართვა სამი თვის შემდეგ მოხერხდა, ქრისტიანი მოსახლეობის უკმაყოფილება ამ ფაქტმაც გამოიწვია.

რელიგიურ გრძნობებზე თამაში უწოდეს 2014 წლის ოქტომბერში მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის დაპირისპირებას სოფელ მოხეში. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მის ბალანსზე არსებულ შენობაში, რომელიც, მართლმადიდებლების აზრით, ეკლესია იყო, მუსლიმების აზრით კი, მეჩეთი, ბიბლიოთეკა განთავსებულიყო. სადავო შენობის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებისთანავე სოფელში რელიგიური ნიშნით კონფლიქტი დაიწყო.

პირველი დაპირისპირება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმას მოჰყვა, მეორე – სოფელ მოხეში ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციას, ხოლო მესამე – სოფელ ადიგენში მუსლიმი მოსახლეობის სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას. უფლებადამცველების შეფასებით, პროცესი ხელისუფლების სისტემურ ხარვეზზე მიუთითებს.