შეუძლებელი სიმართლე

მალე, 18 სექტემბერს, ერთი წელი შესრულდება “ციხის კადრების” გავრცელებიდან. იმ საღამოდან, როცა უამრავი ადამიანი გაგვაერთიანა საზარელი სანახაობით მიღებულმა კოლექტიურმა შოკმა. დღესაც ძალიან აშკარად მახსოვს მოზარდი ბიჭის წამების და დამცირების ყურებისას დაუფლებული შეგრძნება - სირცხვილის, თავზარის, შიშის და სიბრაზის შერეული ემოცია. განცდა, რომ პოლიტიკის თემებზე მანამდე გამართული ყველა დისკუსია, რომელშიც კი მონაწილეობა მიმეღო - ყველა სტატია, ბლოგი თუ ფეისბუკის სტატუსი - კონფორმიზმი და უხამსობა იყო; ელიტისტური და სალონური საუბრები “დემოკრატიზაციის”, “მოდერნიზაციის” თუ “ტრანზიციის” თემებზე, რომლებიც ძალიან შორს იდგა შემზარავი, ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეალობისგან.

დიახ, შეგრძნებები და განცდები ალბათ ყველას კარგად გვახსოვს. ემოციების გარდა გვახსოვს ის რამდენიმე ძალიან კონკრეტული, ლეგიტიმური და ძლიერი სურვილიც, რომელიც ამ დანაშაულის გამოვლენამ გაგვიჩინა - სიმართლის დადგენა, დამნაშავეების დასჯა, მსხვერპლთა დახმარება და გარანტია, რომ ეს მასშტაბური უმსგავსობა აღარასოდეს განმეორდებოდა. განზოგადებებს ვერიდები ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მგონი, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს განცდები და სურვილები ჭარბობდა 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს შორის. და ამან არჩევნების შედეგზეც ჰპოვა თვალნათელი ასახვა.

დღეს - თითქმის ერთი წლის შემდეგ - მოლოდინები მოლოდინად რჩება. სიმართლე დადგენილი არ არის - როგორც სამი დღის წინ გავიგეთ, მხოლოდ 25 ივლისს დაწყებულა გამოძიება სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ “სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.” და, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, როგორც სჩანს, არც სამართალდამცავ სტრუქტურებში უზრუნიათ ზომების გატარებაზე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც უწინ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და წამებას მიმართავდნენ. პირიქით - მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მტკიცებით, წარსულში წამებაში მონაწილე პირებს აწინაურებენ კიდეც. ჰოდა რა გასაკვირია, რომ უკვე ამ ხელისუფლების პირობებშიც ვრცელდება ცნობები და ვარაუდები საპოლიციო ძალადობის თაობაზე: თბილისის პოლიციაში დაკითხვის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო - უფლებადამცველების ვარაუდით, ზეწოლით მიცემული ჩვენების გამო; ინტერნეტში დროდადრო ჩნდება ცნობები ქობულეთის პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ. არის ინფორმაცია ციხეებში ძალადობაზეც. და ასე თუ გაგრძელდა, ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი ცნობები უფრო და უფრო იმატებს.

გახუნებული დისკუსია
საგამოძიებო პროცესის ინერტულობის ფონზე საზოგადოებრივ სივრცეში ამ ერთი წლის განმავლობაში არ ჩამცხრალა წამების “სისტემურობა-არასისტემურობის” შესახებ დისკუსია - რომელიც დიდწილად ერთ წრეზე ტრიალებს და რომელსაც უკვე გახუნებული და წინასწარგანსაზღვრული ელფერი დაჰკრავს. თუ ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე ხარ, იტყვი, რომ ეს “სისტემური დანაშაულია”, რომელიც “ძალადობრივმა” (ან, უფრო რადიკალური ფორმულირებისას, “პირსისხლიანმა”) რეჟიმმა ჩაიდინა. თუ ნაციონალური მოძრაობის მომხრე ან საერთოდაც წარმომადგენელი - მაშინ ცნება “დანაშაულს” ოსტატურად ჩაანაცვლებ სიტყვებით “მძიმე შეცდომა” - ან, მაქსიმუმ, “სისტემური მარცხი” - და იტყვი, რომ დამნაშავეები ცალკეული, შეგზავნილი და ჩანერგილი სადისტები იყვნენ. (წამების პრობლემის მკვლევრები გეტყვიან, რომ მთავრობები ამ დანაშაულის არსებობას ძირითადად სამი ფორმით უარყოფენ ხოლმე: 1. პირდაპირ - “ჩვენს ქვეყანაში წამება არ ხდება”; 2. ინტერპრეტაციული ფორმით - “ეს წამება არ არის, ეს დაკითხვის მკაცრი, გაფართოებული მეთოდებია” და 3. გადაბრალებით - “წამება მოხდა, მაგრამ ის დამოუკიდებლად მოქმედმა დამნაშავეებმა ჩაიდინეს ცალკეულ შემთხვევებში”. ჩვენ საქმე უარყოფის ამ მესამე ფორმასთან გვაქვს - რომელიც ემსახურება მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას და იმის არ აღიარებას, რომ წამებაზე სანქცია სწორედ მათ მიერ იყო გაცემული.)

მთელი წლის მანძილზე ამ დიდწილად უშედეგო დისკუსიისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმის ფუნქციას ასრულებდა ხელისუფლების წარმომადგენლების, უწინარესად კი მთავარი პროკურორის მიერ ჩვენთვის დროდადრო ტელეეთერით მოყოლილი შემაძრწუნებელი ამბები - რომ “პატიმარს აყურებინებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ მისი ოჯახის წევრს”, რომ “ყელამდე მიწაში ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ”, რომ “პატიმარი ყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში”. ინფორმაციის თვალსაზრისით, ამ ნაწილ-ნაწილ მოწოდებული შემზარავი ცნობებით ახალი არაფერი გაგვიგია - ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში საშინელება ტრიალებდა, უკვე ისედაც ვიცოდით. მაგრამ, ცხადია, ამის მოსმენით ყოველ ჯერზე ვიზაფრებოდით და ყოველ ჯერზე გვახსენდებოდა ის საზარელი შეგრძნებები, რომლებიც ერთი წლის წინ, “ციხის კადრების” ყურებისას გამოვცადეთ.

წამების თემას ორიოდე თვის წინ განახლებული ემოციური მუხტი შემატა ვიდეოჩანაწერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, სამეგრელოში განთავსებულ “სამალავებში” იქნა აღმოჩენილი და რომელთა ნაწილიც უკვე ციხეების გარდა პოლიციის არაოფიციალურ განყოფილებებშიც ასახავს წამების და გაუპატიურების ამაზრზენ ფაქტებს წინა მთავრობის პირობებში. ამ კადრების ვიწრო, პროფესიული წრეებისთვის ჩვენების მართებულება-არამართებულებაზე ბევრი ვიკამათეთ; ისიც ბევრჯერ ითქვა, რომ ამ ჩანაწერების სახით საქმე უკვე უტყუარ დასტურთან გვაქვს - წამება მთელი სისტემის მნიშვნელოვან, ფუნქციურ შემადგენელს წარმოადგენდა. რაც ლოგიკურია: როგორც გვითხრეს, ამ კადრებში წამების მსხვერპლ ადამიანებს ტერორისტული აქტების დაგეგმვის და მოწყობის აღიარებას აიძულებენ. და მართლაც ძალიან რთულია იმის დაშვება, რომ ეს შეიძლება “არ სცოდნოდათ” სახელისუფლო იერარქიის უმაღლეს ეშელონებში. თუმცა ლოგიკა რასაც უნდა გვკარნახობდეს, ამ ყველაფერს დამტკიცება სჭირდება. დადასტურებული ფაქტები კი კვლავაც არსად ჩანს.

შეღავათები ბრალდებულებს
ამასობაში, როგორც გაირკვა, მნიშვნელოვანი შეღავათები შეეფარდა თითქმის ყველას იმ ჩვიდმეტივე ბრალდებულიდან, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, წინა ხელისუფლების მიერ იქნა დაკავებული, "ციხის კადრების" გავრცელებიდან ძალიან მალე. შეღავათების ერთ-ერთი მიზეზი გახდა გამოცხადებული ამნისტია, რომლის ფარგლებშიც პირებს, რომლებსაც დანაშაულის სპეციფიკის გამო ამნისტია არ შეეხოთ, სასჯელი ერთი მეოთხედით მაინც შეუმცირდათ. ბევრ მათგანს კი საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს. რამდენიმე უკვე თავისუფალია - მათ შორის კადრების ავტორი, საჯაროზე გამომტანი და, როგორც სჩანს, ამ კადრებში მსხვერპლთან შემზარავი სიტყვებით მოლაპარაკე ბედუკაძე, რომელიც მთავარმა პროკურორმა “შაჰიდის ქამრის შემომჭერ”, უანგარო პირად წარმოაჩინა და ყველა ბრალდება მოუხსნა - მიუხედავად განცხადებებისა, რომ წამების ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისგან სრულად განთავისუფლება არც ერთი მიზეზით არ უნდა მოხდეს. სხვები 1, 2 ან 3 წელიწადში გამოვლენ გარეთ. პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც ორ პირს მიესაჯა, 6 წელი და 9 თვეა - რაც, როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია “ლიბერალთან” ინტერვიუში აღნიშნავს, წამების დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ მინიმუმსაც კი არ შეადგენს. ყველა მათგანი თანამდებობაზე დაბრუნებას ძალიან მოკლე დროში - რამდენიმე თვეში, ან, მაქსიმუმ, წელიწადნახევარში შეძლებს.

პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, ამ პირებიდან ბევრმა სამართალდამცავებთან ითანამშრომლა და ღირებული ინფორმაცია მიაწოდა. შესაძლოა სწორედ ეს ინფორმაცია დაედო საფუძვლად 25 ივლისს დაწყებულ იმ გამოძიებას, რომელიც “უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტს” ეხება და რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ახლა დაიბარეს დაკითხვაზე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრები, შაშკინი და კალმახელიძე.

ალბათ ასეა. თუმცა, მიუხედავად ცნობებისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მთელი ეს პროცესი, ჩემი აზრით, ოპტიმიზმის საფუძველს მაინც არ გვაძლევს. პირიქით. თანდათან სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ სრული სიმართლე შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. სანდო, ობიექტური, დეტალური და მტკიცებულებებით გამყარებული სურათი - ვინ რა იცოდა, ვის რა უნდა სცოდნოდა, ვინ რაზე ხუჭავდა თვალს, ვინ რაში მონაწილეობდა - სავარაუდოდ, არასდროს გვექნება.

სტრუქტურული სირთულეები
ამას ბევრი მიზეზი აქვს - სუბიექტურიც და ობიექტურიც. მთავარი სირთულე კი მაინც პროკურატურის და სასამართლოს ნაკლოვანებებს უკავშირდება. ამ სტრუქტურებს საქართველოში ჯერჯერობით არც საკმარისი დამოუკიდებლობის ხარისხი და არც პროფესიული კომპეტენცია აქვთ საიმისოდ, რომ ასეთი კომპლექსური საქმის გამოძიება და სამართლის აღსრულება სათანადო დონეზე შეძლონ - ისე, რომ პროცესი არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დაემსგავსოს და არც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების გავლენის ქვეშ მოქცეული უწყებების ჭიდილს (შაშკინის და კალმახელიძის მხოლოდ ახლა, ციხის სკანდალიდან ერთი წლის თავზე დაკითხვაც მავანმა სკეპტიკოსმა შესაძლოა პოლიტიკურ გათვლად აღიქვას. საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა - დროა გამოძიება განაახლონ და სკანდალი შეგვახსენონ).

ბოლო პერიოდში გამართული რამდენიმე ხმაურიანი პროცესის შედეგმა ბევრ იურისტს თუ უფლებადამცველს გაუმყარა ვარაუდი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობამდე და მიუკერძოებლობამდე კვლავაც ბევრი უკლია. ხოლო პროკურორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, “ნულოვანი ტოლერანტობის” პირობებში, ადამიანებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უშვებდნენ ციხეში, დანაშაულის დამტკიცება უჭირთ ახალ პირობებში - როცა სასამართლო აღმასრულებელ ხელისუფლებას მთლიანად აღარ ემორჩილება და გარკვეულწილად წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა გავლენასაც ინარჩუნებს. ასეთ პირობებში ნამდვილად რთული წარმოსადგენია ამ ურთულეს საქმეზე - წამების სისტემურ, ინსტიტუციურ განზომილებაზე - სიმართლის დადგენა და სამართლის მიღწევა. ეს, უბრალოდ, სტრუქტურულად იქნება შეუძლებელი.

უპერსპექტივო “გარდამავალი სამართალი”
იყო სხვა წინადადებაც - “სიმართლის კომისიის” შექმნა, რომელიც ძალადობრივი გარემოს მთავარ მიზეზებს შეისწავლიდა და საზოგადოებას ახლო წარსულის მაქსიმალურად სრულ სურათს წარუდგენდა. ამ იდეის მომხრეებს მაგალითად მოჰყავდათ არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, სიერა ლეონეს, ჩილეს და სხვა ქვეყნების გამოცდილება - ის, თუ ამ ქვეყნებმა როგორ გადალახეს ძალადობრივი წარსული. საქართველოს შემთხვევა მასშტაბით შესაძლოა ჩამოუვარდებოდეს ამ ქვეყნებში ჩადენილ უმძიმეს და მასობრივ დანაშაულებს, მაგრამ ამგვარი მექანიზმის შემოღება საქართველოსთვისაც ეფექტიანი იქნებაო - წერდნენ ისინი.

ეს იდეა, თავისთავად, საინტერესოა. ამგვარი კომისიები მართლაც გვხვდება “გარდამავალი სამართლის” სახელით ცნობილ პრაქტიკაში - იმ პერიოდებში, როცა საზოგადოება რეპრესიული სისტემის ან კონფლიქტის შედეგების გადალახვას ცდილობს. ჩვეულებრივ მოქმედ იურიდიულ ინსტიტუტებს და ბიუროკრატიას ემატება დამატებითი, დროებითი მექანიზმები, რომლებმაც დანაშაულის მასშტაბი უნდა დაადგინონ და რეკომენდაციებიც მოიფიქრონ მსგავსი დარღვევების მომავალში არდაშვების მიზნით.

საგანგებო კომისიებს რამდენიმე თვალსაზრისით მიიჩნევენ ეფექტიანად. მათმა მუშაობამ უნდა გამოკვეთოს წარსულში ჩადენილი დარღვევების მეტნაკლებად სრული სურათი და არა მხოლოდ ის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც საქმე აღიძრება და სასამართლოში მოხვდება. ამასთან, ითვლება, რომ წამების მსხვერპლთ თავიანთი უმძიმესი გამოცდილების გაზიარება ნაკლებად ფორმალურ გარემოში, თანამოქალაქეებისთვის უფრო უადვილდებათ, ვიდრე პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე მამაკაცების გაუპატიურებას ეხება - თემას, რომელსაც საქართველოს მსგავს პატრიარქალურ და კაცის „სიძლიერის“ კულტის მქონე საზოგადოებებში უდიდესი ტაბუ ადევს და მისი ღიად აღიარება ალბათ ყველაზე რთულია. გარდა ამისა, ასეთი ტიპის კომისიების მიერ ჩატარებულ, ფართომასშტაბიან გამოძიებას იმ კომპლექსური საზოგადოებრივი კონტექსტის ასახვაც შეუძლია, რომელიც დიდწილად განაპირობებდა კიდეც დანაშაულებრივ გარემოს. სურათი არ დაიყოფა მხოლოდ დამნაშავეთა მცირე ჯგუფად და უდანაშაულო უმრავლესობად; ყურადღება ასევე ექცევა თვალის დახუჭვას, იმ ღია თუ ირიბ მხარდაჭერას, რომელსაც ბევრი მოქალაქე ავლენდა ძალადობრივ რეალობასთან მიმართებით. ყოველივე ეს კი შესაძლებელს ხდის წარსულის მანკიერების სისტემურად გააზრებას - რაც, თავის მხრივ, კოლექტიური ტრავმების გადალახვის და შერიგების მიღწევის საწინდარი უნდა გახდეს.

მოკლედ, მექანიზმი ნამდვილად მშვენიერია. თუმცა, როგორც კი მას რეალისტურად წარმოვიდგენთ საქართველოს კონტექსტში, ერთი დიდი უხერხულობა შეგვრჩება ხელთ. ამგვარი კომისიის ეფექტიანობის მთავარი პირობა მისი წევრების პრინციპულობა, ობიექტურობა და ნდობის ხარისხია, ჩვენს რეალობაში კი უკვე მათი შერჩევის პროცესი შექმნიდა მძიმე სანახაობას. იმ რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც წლებია მიუკერძოებლად მუშაობენ და ადამიანის უფლებების დაცვაშიც აქვთ რეალური გამოცდილება, საზოგადოების შოვინისტურად და რადიკალურად განწყობილი ნაწილი უნდობლობას გამოუცხადებდა - კიდევ ერთხელ შეგვახსენებდნენ, რომ ეს “გრანტიჭამია” ორგანიზაციები „შუაშისტები” არიან, ხოლო შუაშისტები, მოგეხსენებათ, სინამდვილეში „მიშისტობას“ მალავენ და თან ტრადიციებს ებრძვიან. სამაგიეროდ, კომისიის მუშაობაში ალბათ მონაწილეობას ისურვებდა არაერთი რადიკალი - მაგალითად, ახლადგამომცხვარი “უფლებადამცველები”, რომლებიც უპირობოდ განაცხადებდნენ, რომ „ნაცხროვა ნიურნბერგის მსგავსად უნდა გასამართლდეს“. დიდი შანსია ვინმეს სხვა იდეაც გასჩენოდა - რომ, მაგალითად, კომისიაში “ინტელიგენციის” წარმომადგენლები უნდა შევიდნენ. იმ ინტელიგენციის, რომელთა დიდი ნაწილის ღირებულებით სიმყიფეზე არაერთი გარემოება მიუთითებს - როგორც წარსულში, ისე დღევანდელ დღეს გადადგმული ნაბიჯები. (აქ, ალბათ, ნაკლებად მოსატანი, მაგრამ თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ უკვე მგონი ყველანი მივეჩვიეთ ფაშისტოიდური აზრების მოსმენას არაერთი ცნობილი და ხანდაზმული პოეტისგან. ერთ-ერთმა ახლახან აი ასეთი მარგალიტიც შემოგვთავაზა: “გახედეთ, როგორ მორბიან, ვაიმე ამ დღის დამსწრებსა, კახეთის ვირი სჯობია თბილისელ პედერასტებსა”).

ზოგიერთი ექსცენტრიკოსი კი კვლავ გაიმეორებს, რომ ამგვარ საგამოძიებო მექანიზმს, არც მეტი და არც ნაკლები, თავად ილია მეორემ უნდა უხელმძღვანელოს და მაგალითად იმას მოიტანს, რომ სამხრეთ აფრიკაშიც სასულიერო პირი, დესმონდ ტუტუ ედგა სათავეში “სიმართლისა და შერიგების კომისიას”. ოღონდ აქაც რამდენიმე ნიუანსი იქნება გასათვალისწინებელი. ნობელის პრემიის ლაურეატი, არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ მსოფლიოში ჰუმანიზმის და ადამიანის უფლებების ერთი-ერთი ყველაზე პრინციპული დამცველია - რეპრესიულ რეჟიმთან გაბედულად დაპირისპირებული, რასიზმთან მებრძოლი სულიერი ლიდერი, ავტორი სიტყვებისა “ღმერთი თუ ჰომოფობია, მე მას არ მივიღებ”. ილია მეორე კი 17 მაისს თბილისის ქუჩებში თავაშვებული ძალადობის სცენების სულისჩამდგმელ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, თვლის, რომ წამება სხვა ქვეყნებშიც ხდება და ის საჯაროზე არ უნდა გამოვიტანოთ და ღიად გამოდის სტალინისტური სულისკვეთების განცხადებებით. რაოდენ “პირსისხლიანიც” უნდა ყოფილიყო წინა რეჟიმი და როგორი მანკიერებაც უნდა გამოგვეცადა “გასული 9 წლის განმავლობაში”, რბილად რომ ვთქვათ ირონიული იქნება ამ მანკიერების შემსწავლელ მექანიზმს თუნდაც სიმბოლურად ხელმძღვანელობდეს რელიგიური ლიდერი, რომელიც გულაგის მომტანი სისტემის შემოქმედს მიიჩნევს “გამორჩეულ პიროვნებად”, როგორებიც “იშვიათად იბადებიან”.

ტრივიალიზაციის გზაზე
მოკლედ, მართლაც ბევრი ფაქტორი აჩენს ეჭვს, რომ სიმართლეს და სამართალს, სამწუხაროდ, ვერ ვეღირსებით. არადა ვითარება ძალიან სერიოზულია. წამება ერთ-ერთია იმ რამდენიმე დანაშაულს შორის, რომელსაც საერთაშორისო სამართალი განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევს - გენოციდთან, ომის დანაშაულებთან და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ერთად. ხოლო წამების სექსუალიზებული ფორმები - რაც, როგორც უკვე ვიცით, ჩვენს რეალობაში ხშირი პრაქტიკა იყო - ყველაზე საზარელ გამოცდილებად ითვლება. გაუპატიურება, დამცირება, დაცინვა, იძულებითი სიშიშვლე ადამიანის ფსიქიკას და ღირსებას მძიმე დაღს ასვამს. ტრავმის დაძლევა რთულია - ფიზიკური ტკივილი შეიძლება შეწყდეს, მაგრამ საკუთრივ გამოცდილების დავიწყება არ გამოდის. "ის, ვინც აწამეს, ნაწამები რჩება" - ამბობდა ჟან ამერი, გესტაპოს მიერ ნაწამები ავსტრიელი მწერალი. და სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოებები განსაკუთრებულ და მასშტაბურ ძალისხმევას მიმართავენ ხოლმე წარსულის ტრავმების დაძლევის და მსხვერპლთა დახმარების მიზნით.

ჩვენს რეალობაში კი არის საფრთხე, რომ ეს თემა თანდათან სულ უფრო და უფრო მეტად გახდეს ტრივიალიზაციის და ვულგარიზაციის საგანი. წამების „სისტემურობაზე“დისკუსია კვლავ ერთ წრეზე იტრიალებს; სიტყვა „ცოცხები“ კიდევ უფრო გაცვეთილ კლიშედ გადაიქცევა; ყვითელ პრესას პუბლიცისტი და სასჯელაღსრულების სამინისტროს მრჩეველი მოროშკინა კვლავ მიაწოდებს „სკანდალურ ინფორმაციას“ - რომ ციხეებში გაუპატიურების ვიდეოებს „სააკაშვილის ერექციისთვის“ იღებდნენ.

და ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე ერთ კოლექტიურ და სევდიან აღმოჩენასაც გავაკეთებთ: რომ შარშანდელი მოლოდინები - სიმართლის დადგენა, დამნაშავეების დასჯა, მსხვერპლთა დახმარება და გარანტია, რომ ეს მასშტაბური უმსგავსობა აღარასოდეს განმეორდებოდა - ერთ დიდ და გულუბრყვილო მოგონებად გადაქცეულა.