რას დაჰპირდა საქართველო თურქეთს გიულენის მომხრეთა დევნის პროცესში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში ვიზიტს "უპრეცედენტოდ წარმატებულს", ხოლო მიღწეულ შედეგებს "ძალიან სასიხარულოსა და მისასალმებელს" უწოდებს. მართალია, ოფიციალური ვიზიტის განრიგში არ მოიხსენიებოდა, მაგრამ 19 ივლისს, დღის ბოლოს, ანკარაში შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის.

ყურადღება მახვილდება ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ჯანდაცვისა თუ გარემოს დაცვის მიმართულებებით. თუმცა ვიზიტის ლაიტმოტივს მაინც თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალების თემა წარმოადგენდა. საქართველოს დელეგაციის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს, რომ 19 ივლისს ანკარაში საუბარი შეეხო სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად შერაცხილი ფეტულა გიულენის საქმიანობას, მის მიერ დაფინანსებულ სასწავლო დაწესებულებების საქმიანობას საქართველოში და ტერორისტული იდეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობას. ამ ჭრილში ანკარამ თბილისის დაპირებაც მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

რას დაჰპირდა საქართველო თურქეთს გიულენის მომხრეთა დევნის პროცესში

19 ივლისს, ღამით, ცნობილი გახდა, და ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის გარდა, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სამშაბათს, ანკარაში თავისი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანსაც შეხვდა. როგორც სამთავრობო დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თურქეთის პრეზიდენტი 19 ივლისს საღამომდე არ იმყოფებოდა ანკარაში და რადგანაც შეხვედრის გამართვა სათუო იყო, მის შესახებ წინასწარ არ გამოცხადდა.

თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, კონკრეტული შედეგებისა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების თვალსაზრისით, უმაღლეს შეფასებას აძლევს, თუმცა ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ვიზიტს ფონად ახლდა (16 ივლისის) ვერშემდგარ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებული ემოციები. მართალია, საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ თედო ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ თურქეთის პრემიერთან, ბენალი ილდირიმთან, შეხვედრის დროს საუბარი ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად დასახელებულ, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენსაც შეეხებოდა:

ფეტულა გიულენი

„აღინიშნა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იქნება ბატონი გიულენი თუ იქნება სხვა სასულიერო პირი, პოლიტიკური მოღვაწე, ექსპერტი თუ ვინც იქნება – რომ მისმა ქმედებებმა, მისმა საუბრებმა, მისმა სტატიებმა ხელი არ შეუწყოს და არ გააძლიეროს ტერორიზმის პერსპექტივა, ხელი არ შეუწყოს ახალი ძალების მობილიზებას ამ მიმართულებით... და, რა თქმა უნდა, ეს შეეხება საერთოდ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“.

თედო ჯაფარიძე არ ფლობს ინფორმაციას, შეეხნენ თუ არა ამ საკითხს გიორგი კვირიკაშვილი და რეჯებ ტაიპ ერდოანი პირისპირ შეხვედრის დროს, მაგრამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ თურქეთის პრემიერთან გამართულ გაფართოებულ შეხვედრას უბრუნდება და ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლების დაპირებაზე ქვეყანაში მოქმედი იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების გაკონტროლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ფეტულა გიულენის სახელს უკავშირდება. თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ თურქულ მხარეს არ მოუთხოვია სასწავლო დაწესებულებების დახურვა:

„ჩვენ, ჩვენი ხელმძღვანელობა, ბატონი პრემიერი დაპირდა თურქულ მხარეს, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით ამ სკოლების საქმიანობას, სასწავლო პროცესი როგორ მიმდინარეობს, რათა არ დავუშვათ, რომ ბავშვების სწავლება და განათლება (აღმოჩნდეს) რაღაცნაირად ამ პროცესში ჩართული, შერეული – შემთხვევით თუ ნებსით – ტერორიზმისადმი სიმპათიებისა თუ რაღაც ამგვარი ელემენტების გამო...“

იმაზე, რაც დღეს ხდება, სინანულით ლაპარაკობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისთვის ცხადია, რომ ბოლო დღეებში დასავლეთის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა და შეშფოთება დემოკრატიის სავარაუდო ხელყოფასთან დაკავშირებით საერთოდ არ შეისმინა ანკარამ და თურქეთში პროცესები სულ უფრო მძიმდება. კორნელი კაკაჩია, რომელსაც 20 ივლისს ჩვენ ტელეფონით გერმანიაში დავუკავშირდით, თითქმის დარწმუნებულია, რომ, თუკი ეს ჯერ არ მომხდარა, ფეტულა გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლო დაწესებულებების დახურვას ანკარა თბილისსაც მოსთხოვს.

თუკი თურქული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნება საკმარისი და დამაჯერებელი აშშ-სთვის, მაშინ საქართველოს ხელისუფლებასაც ექნება საფუძველი, რომ ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის...
კორნელი კაკაჩია

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური წინდახედულება უნდა გამოიჩინოს და უნდა დაელოდოს ვაშინგტონის დასკვნებს იმ მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც ფეტულა გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან ერთად გაიგზავნა თურქეთიდან აშშ-ში. გავიხსენოთ, რომ ვაშინგტონი მზად არის საკითხი სამართლებრივ ჭრილში განიხილოს, მაგრამ, როგორც სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა რამდენიმე დღის წინ, ამისათვის უტყუარი მტკიცებულებები იქნება საჭირო.

„თუკი თურქული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნება საკმარისი და დამაჯერებელი აშშ-სთვის, მაშინ საქართველოს ხელისუფლებასაც ექნება საფუძველი, რომ ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის. და რადგანაც ავტომატურად ჩვენ მოვიაზრებით დასავლეთის პარტნიორად, ჩვენ სინქრონში უნდა ვიმოქმედოთ დასავლეთის გადაწყვეტილებებთან... ამ სიტუაციაში ყველაზე უკეთესია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ისე, რომ არ გავართულოთ ურთიერთობები თურქეთთან“, - უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.

ამ კონტექსტში კორნელი კაკაჩია შეაშფოთა 20 ივლისს აზერბაიჯანის მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ქვეყანაში უკვე დაიხურა სავარაუდოდ ფეტულა გიულენის სახელთან დაკავშირებული „კავკასიის უნივერსიტეტი“ და ეს ფაქტი განათლების სამინისტრომ დამფუძნებლის სურვილით ახსნა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ მოითხოვა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანის გათავისუფლება მთელი თურქეთის მასშტაბით. მედია იუწყება აგრეთვე, რომ სამსახურიდან დათხოვნილია სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების 15 ათასამდე პედაგოგი და ძალიან ბევრ პედაგოგს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.

იმის ნიშნები, რომ ანკარა პარტნიორ ქვეყნებს ფეტულა გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას სთხოვს, ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა კარგად დაინახა რამდენიმე დღის წინ, როდესაც გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, რომელიც საგანმანათლებლო ქსელის ნაწილს წარმოადგენს და გიულენის სახელს უკავშირდება, ტერორისტები იზრდებიან. გენერალურმა კონსულმა ისიც თქვა, ასეთი სასწავლებლები უნდა დაიხუროსო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ბრალდებას პროტესტი მოჰყვა საქართველოში, გენერალური კონსულის განცხადებას არასწორად ინტერპრეტირებული გაუგებრობა უწოდა თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. ელჩის პოზიცია გაიმეორეს ანკარაშიც და, როგორც თედო ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ მოხდა გენერალური კონსულის განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია“.

დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო, მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში...
გიორგი კვირიკაშვილი

პრეზიდენტ ერდოანის პირად მტრად დასახელებული ფეტულა გიულენის თანამოაზრეთა მასობრივი დევნისა და თურქეთში დემოკრატიის ხელყოფასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ საქართველოს ხელისუფლებაში. „საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა“, – განაცხადა 20 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ერთდღიანი ვიზიტის შეფასებისას და საგანგებოდ გაუსვა ხაზი ხუთი ხელშეკრულების გაფორმებისა და „ანკარის დეკლარაციის“ ხელმოწერის ფაქტებს: დაფუძნდა ორი ქვეყნის „სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო“ და გამოჩნდა გზები რთული მიზნების მისაღწევად:

„დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო, მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით“.

19 ივლისს, პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს, ბევრჯერ აღინიშნა, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესები ძალიან ბევრი მიმართულებით იკვეთება და რომ თანამშრომლობაც სულ უფრო ღრმავდება. თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დახმარებისათვის მზადყოფნა საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილის გარდა, არაერთხელ გამოხატა თბილისის მტკიცე მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მისამართით, დაგმო 16 ივლისის ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალება და მწუხარება გამოხატა ადამიანების დაღუპვის გამო.