გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (აფბა) ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვალებადობის პროცესი შეისწავლა, გააანალიზა მისი გავლენა საქართველოს საწვავის ბაზარზე და დაასკვნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასების ცვალებადობა მსოფლიო ფასებთან თანხვედრაში არ არის. აფბა კონკურენციის სააგენტოსგან საწვავის ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიშის გასაჯაროებას მოითხოვს, რათა საზოგადოებამ იცოდეს იმის მიზეზი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი არაადეკვატურად ძვირი.

საწვავი, რომელსაც ოთარ დანელია საკუთარი ავტომობილისთვის ყიდულობს, ბოლო ორი თვის განმავლობაში 30 თეთრით გაიაფდა. ის ამბობს, თუ ადრე 20 ლარის ბენზინი ორი დღე ჰყოფნიდა სასიარულოდ, ახლა ბენზინგასამართ სადგურს ყოველ მეოთხე დღეს აკითხავს. მან მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის კლების ტენდენციის შესახებაც იცის და ფიქრობს, რომ ბენზინი საქართველოშიც უნდა გაიაფდეს.

საწვავის ფასების საკითხზე გამოკვლევის შედეგები 16 იანვარს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ გამოაქვეყნა. აფბას წარმომადგენლის პაატა ბაირახტარის თქმით, 2014 წლის ივნისში ერთი ბარელი ნავთობი 115 დოლარი ღირდა, დღეს ბარელის ფასი 48 დოლარია. ამ პროცესის პარალელურად, საწვავის ფასი საქართველოშიც რამდენჯერმე, ეტაპობრივად შემცირდა, მაგრამ აქ კრიტიკული კითხვა სწორედ ის არის, რამდენად იყო ეს კლება ადეკვატური:

“2014წლის ივლისიდან დღემდე საქართველოში ბენზინის ფასი 15-18 %-ით შემცირდა. მსოფლიო ბაზარზე კი - 58%-ით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის ფასი ერთ ლარსა და შვიდ თეთრს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ამავე ტიპის საწვავი საშუალოდ ღირს 1, 79 ლარი. გამოდის, რომ ნავთობიმპორტიორები საქართველოში კოლოსალურად მაღალი - 72-76 თეთრიანი მოგების -მარჟით მუშაობენ“.

რეალურად ბაზარზე არსებობს თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები, რომლებიც ერთდროულად, ერთი და იმავე ინტენსივობით, ერთი და იმავე ტარიფით ზრდიან ან ამცირებენ საწვავზე ფასს...
პაატა ბაირახტარი

პაატა ბაირახტარის შეფასებით, ნავთობიმპორტიორების პასუხი ასეთ დროს ის არის, რომ მათ აქვთ ძვირად შეძენილი საწვავის მარაგი, რომელსაც კონკრეტულ ფასზე იაფად ვეღარ გაყიდიან. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ასეთ შემთხვევაში კითხულობს, რატომ ხდება ისე, რომ ეს მარაგი ამ კომპანიებს უჩნდებათ მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე საწვავი იაფდება, ხოლო როცა მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, ქართველი ნავთობიმპორტიორები მაშინვე ზრდიან ფასს. პაატა ბაირახტარი საქართველოს ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიებზე მიანიშნებს:

„საქართველოში არის რამდენიმე არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგური, მაგრამ მათ ბაზარზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. რეალურად ბაზარზე არსებობს თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები, რომლებიც ერთდროულად, ერთი და იმავე ინტენსივობით, ერთი და იმავე ტარიფით ზრდიან ან ამცირებენ საწვავზე ფასს, თან ეს ცვლილებები არანაირ თანხვედრაში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან არ არის. ცხადია, ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვაქვს და აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან სხვა შემთხვევაში აქ უკვე ოლიგოპოლიის ნიშნები იკვეთება“.

ამ კითხვის ნიშნებზე პასუხების მისაღებად აფბა კონკურენციის სააგენტოსგან ე.წ. საწვავის ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიშის გასაჯაროებას მოითხოვს.

სააგენტოში სისტემატურად მიმდინარეობს შეხვედრები ექსპერტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი უკანასკნელი 8 წლის მონაცემები...

გავიხსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 18 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, მსოფლიო ფასების ადეკვატურად რატომ არ იკლებსსაწვავზე ფასი საქართველოში. ღარიბაშვილმა მაშინ კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა.

რადიო თავისუფლებას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ უპასუხა, რომ ამჟამად სააგენტოში მიმდინარეობს ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დავალების შესაბამისად, უკვე წარედგინა შუალედური ანგარიში, თუმცა ჯერჯერობით სააგენტო მოკვლევის დასრულებამდე დეტალებს ვერ გაასაჯაროებ:

„სააგენტოში სისტემატურად მიმდინარეობს შეხვედრები ექსპერტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი უკანასკნელი 8 წლის მონაცემები. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად ამუშავებს და აფასებს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს, რაც მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

საწვავზე ფასები საქართველოში კიდევ შემცირდება. ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან მსოფლიოში ეს ტენდენციაა, რასაც ვერც ჩვენ ავუქცევთ გვერდს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გახდეს ერთი ლიტრის ფასი...
ვანო მთვრალაშვილი

მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს. შედეგები საზოგადოებისთვის მოკვლევის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი“.

რადიო თავისუფლებამ საწვავის ფასების თაობაზე რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს ნავთობის პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტს ვანო მთვრალაშვილსაც, რომლის განმარტებით, აგვისტოს თვიდან დღემდე საქართველოში საწვავზე ფასი 45-50 თეთრით შემცირდა, წლის დასაწყისიდან კი საწვავი 10-14 თეთრით გაიაფდა. რომ არა ლარის კურსის ვარდნა, ვანო მთვრალაშვილის ვარაუდით, საწვავზე ფასი კიდევ 25-28 თეთრით დაიკლებდა. მისივე პროგნოზით, საწვავზე ფასების კლებას ისევ უნდა ველოდოთ, თუმცა, მისი თქმით, საწვავზე ფასები, წინა წლების მსგავსად, განსხვავებული იქნება ბრენდირებულ და არაბრენდირებულ კომპანიებში:

„საწვავზე ფასები საქართველოში კიდევ შემცირდება. ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან მსოფლიოში ეს ტენდენციაა, რასაც ვერც ჩვენ ავუქცევთ გვერდს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გახდეს ერთი ლიტრის ფასი, თუმცა ის იქნება მსოფლიო ბაზრის ფასების ადეკვატური. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 15-20-თეთრიანი სხვაობა ისევ იქნება ბრენდირებულ და შედარებით პატარა კომპანიების შემოტანილ საწვავის ფასს შორის. ეს დღესაც ასეა“.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ადარებს ასევე რეგიონის ქვეყნებში საწვავის ფასებს და ამბობს, რომ საქართველოში საწვავი უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში, მოლდავეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანშიც კი, რომელიც თავად არ აწარმოებს სუპერისა და პრემიუმ კლასის საწვავს. ვანო მთვრალაშვილის თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც საწვავი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, არის რუსეთი.