13 თებერვალს ვარშავაში პირველი პრესკონფერენცია გამართა უკრაინიდან პოლონეთში 12 თებერვალს დეპორტირებულმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, ოდესის ყოფილმა გუბენატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მან თქვა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას, გაათავისუფლებს უკრაინას ოლიგარქებისგან და ამ მოთხოვნით მის გვერდით ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვა. მანამდე კი სააკაშვილი გეგმავს იმუშაოს დასავლეთის ლიდერებთან ერთად, მიაწოდოს მათ მაქსიმალური ინფორმაცია და იბრძოლოს მოქალაქეობის აღსადგენად.
Your browser doesn’t support HTML5
ყველა ფაქტი იმას მოწმობს, რომ პოროშენკოს ძალიან ეშინია ჩემი, ძალიან ეშინია თავისუფალი სააკაშვილის, - განაცხადა 13 თებერვალს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
„მას ჩემი ძალიან ეშინია. და არა იმიტომ, რომ ფული მაქვს ან ჯარი მყავს, ან რომელიმე ძლიერი სტრუქტურა დგას ჩემს უკან, მას ეშინია ჩემი იმიტომ, რომ ჩემი ყიდვა შეუძლებელია, მე მათთან მოლაპარაკებაზე არ მივდივარ. მე არასოდეს გავურიგდები ოლიგარქებს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნება მათ წინააღმდეგ ბრძოლას. გუშინდელი დღის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან სპეცოპერაციისას მახრჩობდნენ, მაგრამ ეს ტკივილი გამივლის, უკრაინის ოლიგარქებს კი კისერს მოვუგრეხ უკრაინელ ხალხთან ერთად“.
მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სთხოვს. გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი დაკავებისა და ქვეყნიდან გაძევების უკან „უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას, ხოლო „თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება“.
7 თებერვალს ფრანგული გამოცემა „ლიბერასიონის“ მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ იგეგმებოდა მისი ექსტრადიცია, სააკაშვილი ასე უპასუხებს: „ისინი ამისთვის ემზადებიან, მაგრამ აუცილებელი არ არის ეს საქართველო იყოს. რამდენიმე დღის წინ მე გავიგე, რომ უკრაინამ სთხოვა პოლონეთს რეადმისიით მიმიღოს. ჩემი ექსტრადიცია საქართველოში საქართველოს მთავრობისათვის ძალიან რთული პროცესი იქნება. მათ ჩემი იქ ყოფნა არ უნდათ“.
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს გზა აირჩია. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ, უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით...დავით უსუფაშვილი
სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას და გამარჯვებას გეგმავს, თუმცა სანამ ის ვარშავაში რჩება, სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ის კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოითხოვს უკანონოდ გამოცხადდეს სააკაშვილის გაძევებისას საიმიგრაციო სამსახურის, მესაზღვრეებისა და შსს-ს ქმედებები.
თბილისში სხვადასხვაგვარად აფასებენ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციის ფაქტს. სააკაშვილის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ამით პოროშენკოს მმართველობა, ფაქტობრივად, დასრულდა და რომ ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სააკაშვილის მიმართ არსებული შიში. ასე ფიქრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე.
თუმცა მმართველ პარტიაში სააკაშვილთან დაკავშირებულ ბოლო დღეებში განვითარებულ ამბებს კომედიური სერიალის სიუჟეტად მიიჩნევენ. ასე გამოეხმაურა, მაგალითად, სააკაშვილის დაკავების ფაქტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:
„ეს არ არის პოლიტიკა, აღარც სერიოზული ქმედება და არც სასაცილოა. ეს არის ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალის სცენარი”.
სასიამოვნო არაფერია იმაში, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ, - ეს სიტყვები კი „შენების მოძრაობის” ლიდერს, დავით უსუფაშვილს, ეკუთვნის:
„როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს გზა აირჩია. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ, უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით. იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ“.
უკრაინა აუცილებლად ეცდებოდა მოეშორებინა ის თავისი ტერიტორიიდან ლეგალური თუ არალეგალური გზით და მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადების როლს, ბუნებრივია, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დასავლეთი დაირაზმება ერთი პოლიტიკოსის გამო - მით უმეტეს, რომ ეს პიროვნება გაორებას იწვევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთაც...კორნელი კაკაჩია
სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციას თბილისში მყოფი „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებიც ეხმაურებიან. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის,დმიტრო ლუბინეცის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაძევება პოლონეთში სრულიად კანონიერი იყო, რადგან „სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთიდან აბსოლუტურად უკანონოდ მოხვდა. მას საშუალება მისცეს აბსოლუტურად ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა თავისი უფლებების დაცვა. მან ყველა პროცედურა გაიარა, მაგრამ სასამართლომ ვერ ნახა კანონიერი საფუძველი, რომ ის იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე“.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შეცდომად მიიჩნევს და შენიშნავს,რომ მას ამ პროცესში კანონის უზენაესობის პრინციპი დააკლდა. მედიასთან საუბარში მან იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთში მყოფი სააკაშვილი უკეთ შეძლებს ბრძოლას იმისთვის, რისთვისაც იბრძვის, თუმცა ასევე ურჩია სააკაშვილს, „არ წარმოაჩინოს თავი იმ კაცად, რომელსაც შეუძლია უკრაინა ყველაფერი ცუდისგან იხსნას“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამბავს ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ამბობს, რომ ამერიკის მთავრობა ყურადღებით ადევნებს პროცესებს თვალს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესები სამართლიან გარემოში წარიმართოს.
პოლიტოლოგების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის დეპორტაცია უკრაინიდან მას მერე, რაც მან პოლონეთიდან გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, მხოლოდ დროის ამბავი იყო, უკრაინის ხელისუფლებისთვის კი გამოწვევა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა მოეგვარებინა. კორნელი კაკაჩია სააკაშვილს ნელი მოქმედების ნაღმს ადარებს, რომლის აფეთქებაც საკუთარ ტერიტორიაზე არც ერთ ქვეყანას არ სურს:
„უკრაინა აუცილებლად ეცდებოდა მოეშორებინა ის თავისი ტერიტორიიდან ლეგალური თუ არალეგალური გზით და მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადების როლს, ბუნებრივია, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დასავლეთი დაირაზმება ერთი პოლიტიკოსის გამო - მით უმეტეს, რომ ეს პიროვნება გაორებას იწვევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთაც. თუმცა, რადგან ის მოქალაქეობის გარეშეა, ადამიანური კუთხით მას გაუწევენ გარკვეულ დახმარებას, სოლიდარობაც ექნება და ეს გამოჩნდა კიდეც პოლონეთში მიღებით, მაგრამ დასავლელი ლიდერების დამოკიდებულებას რაც შეეხება და, განსაკუთრებით, ანგელა მერკელისას, თუ მათ ურთიერთდამოკიდებულებასაც გავიხსენებთ, რაღაც განსაკუთრებულს არ უნდა ველოდეთ“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას, უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის, განცხადებით, გაძევების მიუხედავად, ეს პროცესი არ შეჩერდება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. სააკაშვილი სპეცრაზმმა კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა.