მაშინ როცა საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლების გაზრდაში კომერციული რეკლამის გაყიდვის გზით ეხმარება, რეგიონალური ტელემედიები გადარჩენის გზებს ეძებენ, ფინანსურ კრიზისში მყოფ კომპანიებს კი რუსული ან მათი ინტერესების გამტარი ორგანიზაციები პერიოდულად სხვადასხვა სახის ფინანსურ თანამშრომლობას სთავაზობენ. ,,რეგიონმედია მარკეტის“ დამფუძნებელი ლევან ალექსიშვილი ლაპარაკობს იმაზე, თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის დემოკრატია და სად გადის ზღვარი თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და თვითგადარჩენას შორის:
,,რეალურად მედია შეიძლება დარჩეს ფულის გარეშე. განსაკუთრებით ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის მედიებზე, რომლებიც ფიზიკურად ვერ იზომება. თუ არ იქნება რაიმე ტიპის სახსარი, რომ ამ მედიამ იარსებოს, ეს გამოიწვევს მის გაუქმებას ან, თუნდაც, სხვა, ალტერნატიული, გზების ძიებას. ჩვენ არაერთი პერიოდი გავიარეთ.. დიახ, იყო რუსული გავლენების აქტიურად დამკვიდრების მცდელობა ამ ქვეყანაში. რეგიონული მედიების უდიდესმა ნაწილმა ამას ხელი არ მოკიდა. იმ მდგომარეობაში რომ ისინი დარჩნენ სრულიად მიღმა, რა თქმა უნდა, გაჩნდება პოლიტიკური ინტერესები ამ არხების მიმართ და, რა თქმა უნდა, გაჩნდება ასეთი ტიპის მცდელობები“.
საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ გააიაფებს თავის სარეკლამო ტარიფებს, პირველ რიგში დაზარალდება რეგიონული მედია.ლევან ალექსიშვილი
ლევან ალექსიშვილი, 10 წელია, რეგიონალურ მედიაში რეკლამას ყიდის. იგი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რეგიონალურ მედიას პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის გამო შეექმნება. რატომ შეიძლება ხალხის რჩეულთა მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოკლას ყველა რეგიონალური არხი? ,,რეგიონმედიამარკეტის“ დამფუძნებელი ამბობს:
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ გააიაფებს თავის სარეკლამო ტარიფებს, პირველ რიგში დაზარალდება რეგიონული მედია. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ნაბიჯმა, რომელმაც შეიძლება არაფერი მოუტანოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის ფინანსური ეფექტი, მათ შორის სხვა ტიპის ეფექტები, შეიძლება მოკლას ყველა რეგიონული არხი“.
ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ქართულ რეგიონალურ მედიაში ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკური ინტერესები და მცდელობები გაჩნდა. რუსუდან გვარამაძის თქმით, ორგანიზაციამ ერთ-ერთი ბოლო შემოთავაზება ინტერნეტტელევიზია „ეტივიდან“ მიიღო. ერთი შეხედვით ,,უწყინარ“ წერილში ეწერა, რომ კანადაში მოქმედი ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოსახლეობას ფასიან მომსახურებას სთავაზობდა, მათი ხელმომწერები კი ძირითადად ამერიკის, კანადის, ევროპისა და ისრაელის ტერიტორიის მცხოვრებნი იყვნენ. ორგანიზაცია ახალციხის ტელეკომპანიას ,,გრძელვადიან თანამშრომლობას სთავაზობდა და აძლევდა შანსს ემაუწყებლა მთელ მსოფლიოში, რასაკვირველია, შესაბამისი ანაზღაურებით“. რუსუდან გვარამაძის თქმით, მთავარი გამოგზავნილ ხელშეკრულებაში ის იყო, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმე მოსკოვში უნდა გადაწყვეტილიყო.
სარეკლამო შემოსავალი რეგიონულ მედიაში, ყველა ბოლო წლის მონაცემით, უფრო და უფრო მცირდება. და როცა ამ შემთხვევაში რეგიონული მედიისათვის საკანონმდებლო ნორმატივიც კი კონკურენტად ჩნდება, რითაც სარეკლამო ბაზრის გაყოფა უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სასარგებლოდ და ეს იმ დროს, როცა მას გარანტირებული შემოსავალიც აქვს, რეგიონული მედია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.მარინა ჯუღელი
,,მაშინ, როცა ფინანსური პრობლემები გაქვს და გთავაზობენ სტაბილურ პროექტს, ძალიან დიდია ცდუნება, რომ ამ ყველაფერზე თქვა უარი. ასეთი შემოთავაზებები ჰქონდა ,,მეცხრე არხსაც“, მაგრამ როცა, საბოლოო ჯამში, დეტალურად შევისწავლეთ ხელშეკრულებები და შემოთავაზებების პირობები, აღმოჩნდა, რომ ეს იყო პრორუსული გავლენის მოხდენის მცდელობა. ამ ორგანიზაციებმა ზუსტად იციან, რომ რეგიონულ ტელეკომპანიებს გაუჭირდებათ მათ შემოთავაზებებზე უარის თქმა, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების დაძლევის სხვა, უფრო მარტივი, გზები ამ ეტაპზე არ მოიძებნება. იმის გამო, რომ ეს იყო საეჭვო, იმის გამო, რომ ამ პროექტზე დათანხმების შემთხვევაში ჩვენ ვხდებოდით მათი ინტერესების ირიბი გამტარები, პრობლემების მიუხედავად, ,,მეცხრე არხმა“, შეიძლება ითქვას, გაუძლო ამ ცდუნებას და არც ერთ ასეთ პროექტს არ დათანხმდა“.
რეგიონალური მედიის წარმომადგენლები სისტემურ პრობლემაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპანტი ქვეყანა ყველა საშუალებით ცდილობს ქართულ აუდიტორიაზე გავლენის მოპოვებას, ხელისუფლება მსგავს კანონებს არ უნდა იღებდეს. შემცირებული სარეკლამო შემოსავლები და, შესაბამისად, ტელეკომპანიებში შექმნილი ფინანსური პრობლემები ზესტაფონის ტელევიზიის ხელმძღვანელს, მარინა ჯუღელს, არასაიმედო პროგნოზის გაკეთებისკენ უბიძგებს.
,,სარეკლამო შემოსავალი რეგიონულ მედიაში, ყველა ბოლო წლის მონაცემით, უფრო და უფრო მცირდება. და როცა ამ შემთხვევაში რეგიონული მედიისათვის საკანონმდებლო ნორმატივიც კი კონკურენტად ჩნდება, რითაც სარეკლამო ბაზრის გაყოფა უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სასარგებლოდ და ეს იმ დროს, როცა მას გარანტირებული შემოსავალიც აქვს, რეგიონული მედია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. ჩვენ, ფაქტიურად, ფინანსური კრიზისის წინაშე ვდგავართ“, – აცხადებს მარინა ჯუღელი.
,,ერთია, რომ სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს ამ მედიასაშუალებებზე, რათა მათ სრულად და გამართულად ფუნქციონირება შეძლონ და მეორე, სწორედ ახლაა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა აუცილებელი, რათა მათ არ დაკარგონ ძირეული ფუნქცია. მედიასაშუალება, რომელიც ვეღარ შეინახავს ორგანიზაციას, ის დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას, ეს კი შეიძლება ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის იყოს პრობლემური“, – მიაჩნია ლევან ალექსიშვილს.
,,ძალიან დიდი გამოწვევებია რეგიონული მედიის წინაშე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც იგრძნობა რუსული გავლენა. რეგიონულ მედიებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეთ სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში. საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ აკლია რამე თანხა სრულფასოვანი მუშაობისთვის, მან შესაბამისი ხარჯთაღრიცხვებით უნდა აიღოს ეს თანხა ისევ ბიუჯეტიდან და არ გადავიდეს იმ სექტორში, რასაც კომერციული რეკლამა ჰქვია. ეს განსაკუთრებით დააზარალებს ადგილობრივ მედიას“, – ამბობს ტელეკომპანია ,,მარნეულის“ დირექტორი შალვა შუბლაძე.
რეგიონალური ტელევიზიების წარმომადგენლები სამართლებრივი გზით აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.