„რუსთავი ორი“ საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ საქმეს განიხილავს, არ მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები ელოდნენ. თამაზ ურთმელიძემ სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ახსნა საბჭოსათვის გაგზავნილ წერილში, რომლის მიხედვითაც, შერჩეული ფორმატი დატოვებდა მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას და ამით ზიანი მიადგებოდა სასამართლოს ავტორიტეტს. „რუსთავი ორის“ საქმეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, აქტიურად მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც, ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმაც მიმართა. რა მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და რა შუამდგომლობით მიმართა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს?

თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიწვია საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომლის თქმითაც, მოსამართლე არავის დაუბარებია ანგარიშის ჩასაბარებლად:

„საბჭოს სახელით ჩემი მიზანი იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, ბატონი ურთმელიძისაგან მოგვესმინა ისეთი საკითხები, რომლებიც მის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კონტექსტს ღიას და გამჭვირვალეს გახდიდა საზოგადოებისათვის“.

თუმცა საბჭოს სხვა წევრებმა არ მოიწონეს შეთავაზებული ფორმატი, რის გამოც უკმაყოფილება ღიად გამოხატეს სხდომის მსვლელობისას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიწვევამ საბჭოს სხდომაზე არაჯანსაღი აჟიოჟატი გამოიწვია:

„მიმაჩნია, რომ დღევანდელი სხდომა ესაა მცდელობა იმისა, რომ არსებული არაჯანსაღი აჟიოტაჟი კიდევ უფრო გაძლიერდეს. იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელი შეეწყო ამ სიტუაციის დაწყნარებისთვის და რეალურად გადასულიყო სამართლებრივ რეჟიმში, ამ სხდომის მოწვევით ეს არაჯანსაღი აჟიოტაჟი გადმოგვაქვს იუსტიციის უმალეს საბჭოში“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მსვლელობისას წაიკითხეს „რუსთავი ორის“ საქმის მოსამართლის წერილი, რომელშიც თამაზ ურთმელიძემ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც საბჭოს სხდომაზე არ მივიდა. ფრაგმენტი წერილიდან:

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე ნებისმიერი მოსამართლევალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა - პირდაპირ თუ არაპირდაპირ - დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ჩემი, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის, შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადმოცემულია შუალედურ გადაწყვეტილებებში (განჩინებებში). რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, ისინი აისახებიან საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში“.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოს არ აქვს საკმარისი ინსტრუმენტები და ფორმატი გაწერილი, როგორ უნდა მოიქცეს საბჭო იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლის კონკრეტული ინფორმაცია...
ანა ნაცვლიშვილი

თამაზ ურთმელიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიწვევის ფაქტის კომენტირებისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომარსებობს საკითხის ორგვარად წაკითხვის შესაძლებლობა: მოსამართლე შეიძლება მიიწვიეს იმის გასარკვევად, ხომ არ ხდება მასზე ზეწოლა, ან მიიწვიეს იმისათვის, რომ მისგან ჩაიბარონ ანგარიში. არადა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ დროს საბჭოს მოვალეობაა დაიცვას როგორც მთლიანად სასამართლოს, ასევე ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობა, თუმცა სრულყოფილი მექანიზმი იმის გასარკვევად, ხდება თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე, როგორც ჩანს, არ არსებობს.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოს არ აქვს საკმარისი ინსტრუმენტები და ფორმატი გაწერილი, როგორ უნდა მოიქცეს საბჭო იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლის კონკრეტული ინფორმაცია. შინაგანად ვფიქრობდი, რომ მოსამართლე ურთმელიძე არ უნდა მისულიყო, რადგანაც არსებობდა რისკი იმისა, რომ საბჭოში მისვლა გადაიზრდებოდა ანგარიშის მოთხოვნაში, მაგრამ დაბეჯითებით იმის თქმა, რომ მიზანი მისი მიწვევისა იყო ეს, არ იქნება სწორი“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიწვევა გაუმართლებლად მიაჩნია მოსარჩელე მხარის ადვოკატს პაატა სალიასაც, რომლის თქმითაც, ასევე გაუგებარია, თუ რატომ დაისვა კითხვები განჩინების გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით.

„სასამართლოს არ ევალება განცხადებები აკეთოს მიღებული განჩინებების თაობაზე. ასეთი ტიპის განჩინებების მიღება ხდება მოკლე ვადაში და სასამართლო მეორე მხარეს არ ატყობინებს, რაც იმით არის განპირობებული, რომ ეს არის უზრუნველყოფის ღონისძიება და არ შეიძლება მეორე მხარემ იცოდეს წინასწარ, რომ ასეთი განცხადება იხილება, იმიტომ რომ მას შესაძლებლობა აქვს ისეთი ღონისძიებები განახორციელოს, რომ თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. სწორედ ამისკენ არის ეს ინსტიტუტი მიმართული, - როგორც სარჩელის უზრუნველყოფა, ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, - ანუ მეორე მხარე არ უნდა იყოს ამის თაობაზე ინფორმირებული“, უთხრა პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას.

საკითხს, თუ ვინ იქნება „რუსთავი ორის“ მესაკუთრე, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა კომპანიის ბედი დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელსაც „რუსთავი ორის“ ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა მიმართეს და იმ მუხლის გაუქმება მოითხოვეს, რომლის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი ორის“ დროებითი მმართველები დანიშნა, თუმცა 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თამარ მესხიამ ასევე „საკონსტიტუციო სასამართლოს“ მიმართა შუამდგომლობით და პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილება მოითხოვა, მიზეზად კი დაასახელა მათი ხანგრძლივი მეგობრობა „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. პარლამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობის კომენტირებისას ოპოზიცონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა:

„ცდილობენ გააჯანჯლონ პროცესი, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქცევს მოსამართლე ურთმელიძის უსამართლო და გაუგებარ გადაწყვეტილებას“.