წიგნი საფრთხის მომასწავებელი სათაურით: „2017 წლის ომი რუსეთთან“

ნატოს სარდლის ყოფილი მოადგილე, გადამდგარი ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი შიშობს, რომ ნატოს გაისად რუსეთთან ომი მოელის. მიმდინარე თვეში გამოქვეყნდა შირეფის წიგნი, საფრთხის მომასწავებელი სათაურით - „2017 წლის ომი რუსეთთან“, რომელშიც ძალიან პირქუშ სცენარს ვეცნობით.

სათაური („2017 წლის ომი რუსეთთან“), ისევე როგორც ავტორის გამოცდილება და კომპეტენცია (შირეფი ნატოს სარდლის მოადგილე და ბრიტანეთის არმიის გენერალი იყო), განაპირობებს გამორჩეულ ინტერესს, რომელიც წიგნის გამოსვლას მოჰყვა. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში შირეფმა აღნიშნა, რასაკვირველია, გამოგონილია სიუჟეტი, რომელსაც ჩემი წიგნი ასახავს, - 2017 წლის მაისში ლატვიაში რუსეთის ჯარების შეჭრა და უკრაინაში მეტი ტერიტორიის დაპყრობა, - მაგრამ მინდოდა „ძალიან ძლიერი სიგნალის“ გაგზავნით გამეფრთხილებინა ნატო, რომ მას მოქმედება მართებსო.

„ეს არის ამ წიგნის ამოცანა: გაგზავნოს ძალიან ძლიერი სიგნალი, რამდენად მნიშვნელოვანია ნატოს მიერ შეკავება ასეთი შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სცენარი, რომელსაც ამ წიგნში აღვწერ, გამოგონილად დარჩეს“, - უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ეუგენ ტომიუკს რიჩარდ შირეფმა, ევროპაში ნატოს ჯარების სარდლის მოადგილემ 2011-2014 წლებში. მანამდე შირეფი მსახურობდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბალკანეთსა და ერაყში.

ამ წიგნში მინდა იმის გაკეთება, რომ გავგზავნო ძლიერი სიგნალი ან, უბრალოდ, ყურადღება გავამახვილო საფრთხეებზე, რათა ნატოს ალიანსმა აუცილებელ ზომებს მიმართოს მომავალი ომის ყველანაირი შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად...
რიჩარდ შირეფი

გადამდგარი გენერალი შიშობს, რომ რუსეთის ამჟამინდელ კურსს - 2008 წლის ინტერვენციას საქართველოში, 2014 წელს ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას - შესაძლოა მოჰყვეს სამხედრო ინტერვენცია ლატვიაში, ლიტვასა ან ესტონეთში, რომლებსაც მოსკოვი რამდენიმე ათწლეული აკონტროლებდა და რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოში გაწევრიანდნენ.

„თუ რუსეთის ავანტიურიზმს ბალტიის სახელმწიფოებზე თავდასხმა მოჰყვა იმის გამო, რომ ისინი ნატოს წევრები არიან, ნატოს მოუწევს მათ დასაცავად ამოქმედდეს და ეს იქნება უკვე ომი ევროპაში. მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება! იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინის ყველა ასპექტს ბირთვულ იარაღზე მინიშნება ახლავს, ეს შესაძლოა ატომურ ომსაც ნიშნავდეს“, - ამდენად, გადამდგარი ბრიტანელი გენერალი არც ატომურ კატასტროფას გამორიცხავს. შირეფის გამომცემლის, „კორონეტის“, განმარტებით, წერის დროს ავტორმა გამოიყენა ნატოს „ომის თამაშების“ პრინციპი: ამ შემთხვევაში დაუშვა შესაძლებლობა, რომ რუსეთი სახმელეთო დერეფანს გაჭრის უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმთან დასაკავშირებლად და შეიჭრება ბალტიისპირეთში, რათა თავი დაიცვას, როგორც კრემლი ამბობს ხოლმე, ნატოს ალყაში მოქცევისაგან.

„ჩვენ გამუდმებით გვესმის საომარი მესიჯები რუსეთიდან. რუსეთმა - თუ პრეზიდენტმა პუტინმა - ძალა გამოიყენა ევროპაში საზღვრების შესაცვლელად. მან ნახა, რომ ძალის გამოყენებას წარმატება მოჰყვა და ამ წიგნში მინდა იმის გაკეთება, რომ გავგზავნო ძლიერი სიგნალი ან, უბრალოდ, ყურადღება გავამახვილო საფრთხეებზე, რათა ნატოს ალიანსმა აუცილებელ ზომებს მიმართოს მომავალი ომის ყველანაირი შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად“, - ამბობს რიჩარდ შირეფი.

რიჩარდ შირეფი

ასეთი აუცილებელი ზომებიდან მას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატოს მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის განთავსება ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აი, რატომ: „ბალტიის ქვეყნების გარშემო რუსეთის ჯარების უზარმაზარი ძალისა და ბალტიის სახელმწიფოებში მოსახლეობის უდიდეს ცენტრებსა და დედაქალაქებთან რუსეთის ამ ჯარების სიახლოვის გათვალისწინებით, უბრალოდ, ვერ იმუშავებდა შეკავების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ნატოს მიერ რეზერვის განთავსებას ან ჯარისკაცების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანას, რასაც დრო დასჭირდებოდა. ამიტომ, გამოსავალია ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ჯარების პერმანენტული ყოფნა“.

ნატოს ჯარების სარდლის ყოფილ მოადგილეს აქამდე არაერთხელ გაუკრიტიკებია ნატოს ქვეყნები, რომლებიც თავდაცვის სფეროში დაფინანსებას ამცირებდნენ და არაერთხელ გაუფრთხილებია ისინი, რომ ვერ შეძლებენ, საჭიროების შემთხვევაში, შეასრულონ ალიანსის წევრის ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი. ახლა მან ნატოს წევრების - და არამარტო მათი - ყურადღების მისაპყრობად, სამომავლო საფრთხეებზე ყურადღების გასამახვილებლად დაწერა წიგნი - „2017 წლის ომი რუსეთთან“.