არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის პროექტს საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს. პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტში 1 მარტს რეზოლუციის ორი პროექტი შევიდა. მათგან ერთი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, მეორე კი „ევროპულმა საქართველომ“. რეზოლუციის ორივე პროექტი არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, თუმცა ამ მიმართულებით უფრო რადიკალურად ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული პროექტი მიიჩნევა -„ევროპული საქართველო“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვს.
Your browser doesn’t support HTML5
კერძოდ, „ევროპული საქართველოს” ინიციატივა ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნას, რომლის საფუძველზეც სანქციები უნდა შეეხოთ პირებს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ აღნიშნული სია რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროპაში მოქმედი „მაგნიტსკის სიის“ პრინციპებით უნდა შეიქმნას:
“მიღებულ იქნეს სპეციალური ზომები იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, სეპარატისტული ხელისუფლებისა თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც მოახდენს საქართველოს მოქალაქეების, ქართველების მკვლელობას ან მათ წამებას, ან მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ან სხვაგვარ დასჯას, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები მათ შეეხებათ ყველგან, სადაც ფეხს გადგამენ საოკუპაციო ტერიტორიის გარეთ“.
თავისთავად ცხადია, უმრავლესობა თავის რეზოლუციას მხარს დაუჭერს, თუმცა თუ იქნება გარკვეული წინადადებები, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით...ირაკლი სესიაშვილი
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შეიმუშაოს და პარლამენტს დასამტკიცებლად 2018 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე წარუდგინოს. ამ სიაში შესულ პირებს, ინიციატივის თანახმად, უნდა აეკრძალოთ მოგზაურობის, საბანკო ოპერაციების შესრულების ან საქართველოს მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება. მთავრობა ვალდებული იქნება ასევე დააყადაღოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისთვის.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის დარად, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და სიცოცხლის მოსპობას გმობს მმართველი პარტიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტიც. პროექტი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. შესაბამისად, პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული საქართველოს მოქალაქეების-ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის - დაუყოვნებელი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და არ დააბრკოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით.
ძალიან არასერიოზულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუკი ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სანქციებისკენ და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან...გიორგი გობრონიძე
რეზოლუციის პროექტით, პარლამენტი რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნებს შორისაა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა, დესტრუქციული ქმედებების შეწყვეტა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეფექტიანად ჩართვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და სხვა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია თავისი რეზოლუციის მხარდასაჭერად ემზადება, თუმცა ღიაა სხვათა მოსაზრებების გასაზიარებლადაც:
“თავისთავად ცხადია, უმრავლესობა თავის რეზოლუციას მხარს დაუჭერს, თუმცა თუ იქნება გარკვეული წინადადებები, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ ვიმსჯელებთ ყველაფერზე. ჩვენ საერთო, ერთიანი ინტერესები გვაქვს, ერთიანი პოზიცია გვაქვს. დანარჩენზე უკვე ვიმსჯელებთ პარლამენტის სესიის ფარგლებში“.
ირაკლი სესიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ძირითადად აღნიშნავენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი ზეპარტიული, ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხია და მასზე მსჯელობაც უნდა გასცდეს პარტიული დაპირისპირების ფარგლებს. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე კი ამბობს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ქართული სახელმწიფო ვალდებულია გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერი მოწოდება - სანქციებისკენ იქნება ეს თუ სხვა საერთაშორისო ღონისძიებებისკენ - უნდა იყოს გამყარებული იმის ცოდნით, რომ ამ მოწოდებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:
“ძალიან არასერიოზულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუკი ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სანქციებისკენ და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ანუ ცალსახად იმის თქმა, თუ რომელი რეზოლუციაა უფრო ოპტიმალური, არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დააფიქსიროს სახელმწიფომ თავისი ძალიან მკაფიო პოზიცია და ასევე იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ მოხდეს ამ ყველაფერზე ჯეროვანი რეაგირება“.
გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ შემთხვევაში მთავრობამ და ოპოზიციამ ერთ ხმაში ილაპარაკონ და კონცენტრაცია პროაქტიულობაზე მოახდინონ.