ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპული 4 ზეინკლის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.
Your browser doesn’t support HTML5
წინასწარი ინფორმაციით, საშახტო აწევის ზეინკლები: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის მოწყვეტის გამო, დაახლოებით, 350 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპნენ. კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, გამოძიება დაადგენს ტრაგიკული შემთხვევის მიზეზებს, მანამდე კი კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის, განცხადებით, კომპანია დაღუპულთა ოჯახის წევრებს კომპენსაციას შესთავაზებს, თუმცა დარღვევების არსებობას უარყოფს:
„მზად ვარ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. კომპანია მზად არის კომპენსაცია და დახმარება გაუწიოს ოჯახის წევრებს, რომელთაც შევხვდით. ჩვენი მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია“.
მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ შრომის პირობების დაცვის კანონმდებლობა ცხოვრებაში კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გატარდეს და რაც არის გაუთვალისწინებელი ნაწილები, ისინი შესავსებია. ამის შესახებ მე წელსაც, პარლამენტში გამოსვლისას, აღვნიშნე და მიმაჩნია, რომ სამუშაო - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი - ხელისუფლების დონეზე გასაღრმავებელია“.
მკაცრი შეფასება მისცა 9 მაისს მინდელის მაღაროში 4 ზეინკლის დაღუპვის ფაქტს ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა. მან მომხდარს უწოდა „მკვლელობა“ და არა უბედური შემთხვევა:
„ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა, სახალხო დამცველი 4 წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სამწუხაროდ, რეაგირება ამ რეკომენდაციაზე არ ყოფილა. უნდა იყოს გარკვეული სანქციები იმისათვის, რომ გარკვეული მინიმალური სტანდარტები იყოს ქვეყანაში დაცული“.
ტყიბულში იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე საუბრისას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ბევრი ექნება სამუშაო საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისა და ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად.
„გამოიკვეთა, რომ ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გასამკაცრებელია.... რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი და უახლოეს მთავრობის სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს“.
Your browser doesn’t support HTML5
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის, განცხადებით, კომიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდება. აკაკი ზოიძე გამოძიების დასრულებამდე თავშეკავებას ამჯობინებს, თუმცა აცხადებს, რომ ერთ-ერთ ქმედით მექანიზმად იმ კომპანიებთან მიმართებით, რომელთაც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით „ცუდი პრაქტიკა“ აქვთ, შესაძლოა, გამოდგეს სახელმწიფო ტენდერებში კომპანიებისთვის მონაწილეობის აკრძალვა:
„შეიძლება სახელმწიფო ტენდერში თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების დაწესებულებებში იყოს განსაკუთრებულად გამკაცრებული მოთხოვნები შრომის უსაფრთხოების მიმართ და იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ, ასე ვთქვათ, ცუდი ისტორია საწარმოო ტრავმატიზმისა თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა, შეეზღუდოთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას, სიტყვებით, ხელისუფლება აწარმოებს მკაცრ და გამჭვირვალე გამოძიებას და გამოვლენილ დამნაშავეებს უმკაცრესად დასჯიან, თუმცა გამოძიების და დამნაშავეთა გამოვლენის იმედი ნაკლებად აქვს რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენელს, ილია ლეჟავას:
„დამნაშავე არის სახელმწიფო, რომელმაც მიუშვა ეს სფერო ასე და არ სთხოვს კომპანიებს გამოასწორონ შრომის უსაფრთხოება და დაიცვან იქ ადამიანის სიცოცხლის უფლება. ყოველ ჯერზე გამოდის, რომ გარდაცვლილის ბრალია მომხდარი ფაქტი. ოჯახის წევრს სახელმწიფო და კომპანია აძლევს კომპენსაციას და სასამართლო პროცესები წყდება პირველი ინსტანციის დონეზე, რომელმაც დამნაშავედ მუშა ცნო“.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, კონკრეტულად მინდელის მაღაროში 2010 წლიდან, უკანასკნელი შემთხვევის ჩათვლით, 24 ადამიანია დაღუპული და 19 დაშავებული.
სამოქალაქო სექტორი და გაერთიანებული პროფკავშირები დიდი ხანია შრომის ინსპექციის ამოქმედებას ითხოვენ. ინსპექცია 2006 წელს გაუქმდა. დღეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. შრომის უსაფრთხოების მექანიზმის გაძლიერების მოთხოვნით 9 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქცია გაიმართა, რომელიც მოჰყვა ტყიბულში მინდელის შახტში 4 ზეინკლის დაღუპვას. აქციის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დაკავებული ილია ლეჟავას, რამაზ მამიაშვილისა და გრიგოლ ბრეგვაძის საქმის განხილვა 19 მაისამდე გადაიდო. ადვოკატ ანი ნასრაშვილის განცხადებით, საქმის განხილვის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ დაკავებულთა უფლებების დამცველებს პოლიციის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის საშუალება მანამდე არ მიეცათ.