Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი კაცი დაიღუპა ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო
ერთი მაღაროელი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა წუხელ, 22 იანვარს, ღამის პირველ საათზე, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს როგორც მაღაროს მფლობელი კომპანია ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება.ელოდებიან სპეციალური კომისიის დასკვნას. თვითმხილველთა განცხადებით, მაღაროში მეთანის გაზი აფეთქდა, თუმცა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მუშები ქვანახშირის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებდნენ. აფეთქების შედეგად დაიღუპა 37 წლის მერაბ კალანდაძე. ოთხმა მაღაროელმა მძიმე დამწვრობა მიიღო. დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ისინი ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ მოინახულა.

უცებ ამოვარდა ტალღა და გადამაგდო, მერე არ მახსოვს... მიზეზი - გაზი, მეთანი, სხვა არაფერი. ...
”სამწუხაროდ, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნათ. მაღაროელები დაზღვეულები არიან და მათი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო კომპანია დაფარავს.”

დაშავებულ მაღაროელებს დამწვრობასთან ერთად მიღებული აქვთ თერმული ტრამვაც, რაც ძლიერი აფეთქების შედეგია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იკავებენ აფეთქების მიზეზებზე საუბრისგან და სპეციალური კომისიის დასკვნას ელოდებიან. კომისიის მუშაობის შედეგებს ელოდება აგრეთვე ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელი კომპანია ”საქნახშირი”, რომელიც ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა. ამ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა სადუნიშვილის განცხადებით, სპეციალური კომისია აფეთქების მიზეზებს სამ დღეში დაადგენს. მისივე თქმით, მაღაროში სავენტილაციო სისტემა სრულ წესრიგშია და უბედური შემთხვევა არ შეიძლება მის გაუმართაობას გამოეწვია.

აფეთქების თვითმხილველი მაღაროელი ჯუმბერ ჯულაყიძე ამბობს, რომ სავენტილაციო სისტემა გამართულად მუშაობდა და უსაფრთხოების ნორმები სავსებით დაცული იყო:

”უცებ ამოვარდა ტალღა და გადამაგდო, მერე არ მახსოვს... მიზეზი - გაზი, მეთანი, სხვა არაფერი. უსაფრთხოება, ყველაფერი ნორმების მიხედვით იყო გაკეთებული.”

22 იანვრის ღამით მომხდარი აფეთქება ბოლო ერთი წლის მანძილზე მინდელის მაღაროში მომხდარი უკვე მესამე შემთხვევაა. 2010 წლის სამ მარტს მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამდენივე მაღაროელი დაიღუპა 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად. მაშინ ამ ავარიებს მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მათი აქტივობის შედეგად ტყიბულის მაღაროში უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესდა:

”მივაღწიეთ იმას, რომ სპეცტანსაცმელი იქნა დარიგებული და ამან გამოიწვია ის, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებით არ დამთავრდა ეს აფეთქება. უსაფრთხოების ნორმები, არა იმ დონეზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით, არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად დაცული იყო.”

უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა დონეზე იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული და რამ გამოიწვია აფეთქება, უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი.

ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზების შესწავლა უკვე დაიწყო სპეციალურმა კომისიამ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტყიბულში ჩავიდნენ სამხარეო პროკურატურისა და ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი მუშაობის დასრულებამდე ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მესამე უბანი დახურული იქნება, მაღაროს სხვა უბნებზე კი მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებას სომხეთიდან გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა ღიად მიანიშნა, რომ აფეთქების გამო პასუხს მაღაროს ხელმძღვანელობასა და ბიზნესის მფლობელებს აკისრებს.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც ემსხვერპლა რამდენიმე მაღაროელი, იყო შედეგი არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედება მაღაროს ხელმძღვანელებისა, რომელმაც გამორთო ვენტილიაციის სისტემა და დაზოგა ელექტროენერგია ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე.“ მიხეილ სააკაშვილის თქმით დანაშაულის თანამონაწილეების არიან ასევე ზედამხედველობის სამსახურებიც, რომლებსაც ევალებოდათ შესაბამისი დასკვნის დაწერა. თუმცა, „ხელი ხელს ბანს პრინციპით, დაწერეს ზუსტად ის დასკვნა, რაც უნდოდა მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს,“ აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ნანობს, რომ სისხლის სამართლის საქმე არ მივიდა ლოგიკურ ბოლომდე და არ დაისაჯენ დამნაშავენი. „კონკრეტული ადამიანები რომ გაეგზავნათ სამარათლოში და, თუ საამართლო დაადგენდა მათ ბრალეულობას, შემდეგ საპატიმროში, - შეიძლებოდა ეს გუშინდელი აფეთქება არ მომხდარიყო. ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ, ისინი მონაწილეობენ პირდაპირ მკვლელობაში და ისინი ვინც მათ იფარავს, ისინი არიან მკვლელობის თანამონაწილენი. და ნამდვილად არ ვაპირებ მათ ეს შერჩეთ.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG