Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო სამი ადამიანი დაიღუპა


ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო
სამი მაღაროელი დაიღუპა და შვიდი მძიმედ დაშავდა წუხელ, 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დაგროვილი მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია. ნანგრევებიდან დაღუპულებისა და მძიმედ დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები თითქმის 4 საათი გრძელდებოდა.

აფეთქება ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში დაახლოებით 21 საათზე მოხდა. იმ დროს მაღაროში 50-მდე მაღაროელი მუშაობდა. უშუალოდ შემთხვევის ადგილზე 11 მუშა იმყოფებოდა. მათგან ერთი უვნებელი გადარჩა, სამი კი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შვიდმა მძიმე დამწვრობა და დაზიანებები მიიღო. ისინი ჯერ ტყიბულის საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდეგ რეანომობილებით თბილისის დამწვრობის ცენტრში და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამჟამადაც მძიმეა. ექიმების განცხადებით, მაღაროელებს მიღებული აქვთ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობა და ტრავმები. ჟურნალისტებთან საუბარში დამწვრობის ცენტრის ექიმმა გია კვინიკაძემ განაცხადა, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია:

”ჩაუტარდათ შეხვევები და მიმდინარეობს ინტენსიური თერაპია. ძნელია პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ კრიტიკული მდგომარეობაა და ყველა რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.”

მათი გადარჩენა და საავადმყოფოებში მოთავსება, თვითმხილველების თქმით, შესაძლებელი გახდა სამაშველო სამსახურების ოპერატიული მოქმედების შედეგად.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ტყიბულის მინდელის მაღაროში მეთანის გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეთანი ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხერხდება. თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა ტყიბულის მაღაროში, ამას გამოძიება დაადგენს. შემთხვევის ადგილზე აფეთქებისთანავე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. იგი თავად ხელმძღვანელობდა სამაშველო სამუშაოებს.

”მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს შახტის ხელმძღვანელობა ექსპლუატაციის ახალი ნორმების შემოღების შესახებ, რომელიც თავიდან აგვაცილებს ასეთ საფრთხეებს”, - თქვა მინისტრმა.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მენეჯმენტს ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” შემავალი კომპანია ”საქნახშირი” ახორციელებს. მისი წარმომადგენლების ინფორმაციით, მაღაროში სავენტილაციო სისტემა გამართულად მუშაობდა და ის მწყობრიდან აფეთქების შემდეგ გამოვიდა. ”საქნახშირის” გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ბოჭორიშვილის განცხადებით, ამჟამად ვენტილაცია აღდგენილია. ნახშირის მოპოვება განახლდება უახლოეს დღეებში - მას შემდეგ, რაც ამჟამად იზოლირებული მონაკვეთი გაიხსნება.

აფეთქების ადგილის იზოლირება საგამოძიებო სამუშაოების დაწყებისთანავე მოხდა, შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელიც აფეთქების მიზეზების შესახებ დასკვნას, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნებს.

ამავე მაღაროში მეთანი აფეთქდა 2010 წლის 3 მარტსაც, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. სპეციალური კომისიის დასკვნაში წერია, რომ ავარია გამოიწვია მაღაროელების გაუფრთხილებლობამ - მაღაროელებისა, რომლებმაც ელექტრომოწყობილობა მუშა მდგომარეობაში დატოვეს.

მხარის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას განცხადებით, გამოძიება დაადგენს, არის თუ არა კავშირი ამ ორ აფეთქებას შორის:

”ეს მოხდა მეთანის აალების შედეგად, მაგრამ რაც შეეხება მიზეზს, როგორ გაჩნდა იქ ნაპერწკალი და ასე შემდეგ, ამას გამოძიება დაადგენს. სამართალდამცველები მუშაობენ ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს უბრალო დამთხვევა, იმიტომ რომ ეს არის შახტა და აქ დაზღვეული არავინაა, მაგრამ არის სხვა ვერსიებიც.”

ტყიბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილთა დაკრძალვისა და დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
XS
SM
MD
LG