საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში გასაგზავნად მზად არის. 200 000-ზე მეტი ხელმოწერის საფუძველზე, კომისიის წევრები მოითხოვენ, ამ ცვლილებებით არჩევნების მაჟორიტარული წესი 2016 წლის არჩევნებამდე სამხარეო პროპორციული წესით შეიცვალოს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვენ, ამ საკითხის განსახილველად რიგგარეშე სესია დანიშნოს. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კანონის შეცვლა არჩევნებამდე ვერ მოესწრება. ამ საკითხზე 25 იანვარს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებების საორგანიზაციო კომისიამ ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და საკანონმდებლო პაკეტი 25 იანვარს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. როგორც კომისიის თავმჯდომარე მურმან დუმბაძე აცხადებს, საუბარია 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს:
„მოვითხოვთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შემდეგი წესით: 150 დეპუტატიდან 75 პროპორციული წესით ავირჩიოთ, ხოლო დანარჩენი 75 - სამხარეო პროპორციული წესით“.
მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში და საჭიროა მხოლოდ ამ საკითხის განხილვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამის პოლიტიკური სურვილი დღეს ხელისუფლებაში არ არსებობს...ეკა გიგაური
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლებას, „ეყოფა კეთილგონიერება“ და კანონს შეცვლის, რადგან, მისი თქმით, პროპორციული სისტემა არის გაცილებით სამართლიანი:
„თუმცა უმრავლესობა მაინც ამბობს, რომ ერთხელაც ჩავატაროთ ძველი სისტემით, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას სურს უმრავლესობის შენარჩუნება ყველა ძალით, ყველა გზით“.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრი, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რომელიც 25 იანვარს ამავე საკითხზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და შეცვალოს საარჩევნო სისტემა:
„საკითხი ასე დგას: კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ან უნდა საარჩევნო სისტემის ცვლილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ეს ცვლილებები ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ან მას ისევ უნდა მიითვისოს და მოიპაროს დამატებითი მანდატები“.
ხელისუფლების პოზიცია, რომ პროპორციული წესით მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდეს, ამ დრომდე უცვლელია. უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ ცვლილების მიღება მომავალ არჩევნებამდე ვერ მოესწრება:
„ამ პარლამენტს შეუძლია საგაზაფხულო სესიაზე ეს კანონი მიიღოს პირველი და მეორე მოსმენით, ხოლო შემდგომ საგანგებო სესია მოიწვიოს ივლისში ან აგვისტოში, მაგრამ ის, რომ ივლისში ან აგვისტოში მივიღოთ კანონი და მანამდე ხალხმა არ იცოდეს, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველა რეკომენდაციას და საღ აზრს ეწინააღმდეგება“.
რაზე დაობენ ხელისუფლება და ოპოზიცია, რას გულისხმობს პარლამენტის დაკომპლექტება პროპორციული სიით? კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ ამომრჩევლები ხმას მისცემენ კონკრეტულ პარტიებს და არა ცალკეულ მაჟორიტარ კანდიდატებს:
„ქვეყანა დაიყოფა რეგიონებად, ყველგან იქნება წარდგენილი პარტიების ცალ-ცალკე სიები და შემდეგ, მიღებული ხმების შესაბამისად, პროპორციულად განაწილდება მანდატები იმის მიხედვით, რამდენ ხმასაც მიიღებს თითოეული კანდიდატი“.
ვახუშტი მენაბდე ასევე განმარტავს, რომ ცვლილებების მისაღებად პარლამენტს დასჭირდება ორი თანმიმდევრული სესია, ხოლო კენჭისყრებს შორის პერიოდი სამ თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ ვადის გათვალისწინებით, ვახუშტი მენაბდე ეჭვობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა მოესწროს.
ხელისუფლების პოზიციით იმედგაცრუებულია არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ მმართველ კოალიციას, უბრალოდ, არ გააჩნია არც პოლიტიკური ნება და არც გამბედაობა, რომ საქართველოში შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის უფრო სამართლიანი გახდეს:
„მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში და საჭიროა მხოლოდ ამ საკითხის განხილვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამის პოლიტიკური სურვილი დღეს ხელისუფლებაში არ არსებობს“.
25 იანვარს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა და მათ შორის სპეცუბნების გაუქმების გადაწყვეტილება ახსენა. შეხვედრაზე კი გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო სისტემის კრიტიკულ საკითხებზე იმუშავებს და რომელსაც თავად გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერმა განაცხადა, რომ დროა ამ საკითხზე კონფრონტაციული რეჟიმიდან ხელისუფლება და ოპოზიცია საუბრის რეჟიმზე გადავიდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა კაციტაძემ მედიას განუცხადა, რომ, თუ მუშაობა დროულად დაიწყება, არჩევნებამდე 6 თვით ადრე ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა ექნება.