Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპარტიული ჯგუფი სახალხო დამცველის წინააღმდეგ


საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა არ გაასაჩივროს მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნების დანიშვნა, რითაც ინტერპარტიული ჯგუფის უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება შუალედური არჩევნების კონსტიტუციურობას იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. რატომ არ ეცადა სახალხო დამცველი ხმის თანაბრობის პრინციპის დაცვას შუალედურ არჩევნებში?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის სარჩელი ხმის არათანაბრობისა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით საარჩევნო სისტემის დისკრიმინაციულობის შესახებ მიმდინარე წლის 28 მაისს დააკმაყოფილა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების აზრი, რომ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები თანაბარი ძალის არ იყო, ანუ თითო მაჟორიტარს ირჩევდა, მაგალითად, თბილისის დიდუბის ოლქიც და ზუგდიდის საარჩევნო ოლქიც, მაშინ როდესაც ამომრჩეველთა რაოდენობა იმავე ზუგდიდის ოლქში საგრძნობლად აღემატება დიდუბის ამომრჩეველთა რაოდენობას. სასამართლომ საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე მითითებით განმარტა, რომ აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. სახალხო დამცველმა ეს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

“ის, რომ ამომრჩეველთა ხმებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წონა, ეს არის, მე მგონი, ძალიან მარტივი ჭეშმარიტება და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ უნდა დაუდოსსაფუძველი სერიოზულ საარჩევნო რეფორმას ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ, ალბათ, ქვეყანაში უნდა შეიქმნას საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება მაქსიმალურად სამართლიანი და ობიექტური და, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამ მხრივ შეასრულებს კატალიზატორის ფუნქციას“.

საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილებამ მოგვიანებით, მართლაც, შეასრულა ერთგვარი კატალიზატორის ფუნქცია, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირეულ შეცვლას მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ითვალისწინებს, 2016 წლის არჩევნებისთვის შეიცვლება ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით არსებული დისბალანსი: ცალკეული ოლქების გაერთიანების ან დაყოფის ხარჯზე მეტ-ნაკლებად თანაბარი ახალი 73 საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თუმცა მანამდე, რამდენიმე კვირაში, მარტვილსა და საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნებია დანიშნული. არჩევნებს ინტერპარტიული ჯგუფი უკანონოდ მიიჩნევს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, არც ერთ ოლქს იურიდიულად საზღვრები აღარ აქვს. ზურაბ ხარატიშვილი, თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანებისა „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, ამბობს:

“ახლა როგორც სახელმწიფო არ შეიძლება არსებობდეს საზღვრების გარეშე, ისე ოლქი არ შეიძლება არსებობდეს საზღვრების გარეშე. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ან უნდა მიეღო რაიმე დამატებითი საკანონმდებლო აქტები, ანუ ცვლილებები შეეტანა საარჩევნო კოდექსში, რომ ეს ხარვეზი გაესწორებინა და საშუალება შეექმნა, იურიდიული საფუძველი შეექმნა შუალედური არჩევნებისთვის, ან ეს არჩევნები აღარ უნდა გამართულიყო“.

მარტვილის საარჩევნო ოლქში 29 500-მდე ამომრჩეველია, საგარეჯოში კი - 37 000-ზე მეტი. ინტერპარტიული ჯგუფის თანახმად, ამ შემთხვევაში არათანაბარ ოლქებში არჩევნების ჩატარების პრობლემაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციის დარღვევის პრეცედენტი არ დაუშვას. კრიტიკის სამიზნე გახდა სახალხო დამცველიც, რომელმაც, ზურაბ ხარატიშვილის თანახმად, არ ისურვა კონფრონტაციაში შესულიყო ხელისუფლებასთან, ვერ გამოდგა თანმიმდევრული და თავისი რეპუტაციის დისკრედიტაცია მოახდინა.

რამდენად არის ეს არჩევნები კონსტიტუციური თუ არაკონსტიტუციური, ამის თქმა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია...
ნათია კაციტაძე

რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ისეთი სარჩელის შეტანა, რომლის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო საგარეჯოსა და მარტვილის რაიონის ამომრჩეველთა წარმომადგენლის გარეშე დარჩენა 2016 წლის არჩევნებამდე? - კითხულობს, თავის მხრივ, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე. იგი აზუსტებს, რომ ასეთი შესაძლებლობის დაშვება შეზღუდავდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას. შესაბამისად, არჩევანი გაკეთდა არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების, არამედ საარჩევნო უფლების დაცვის სასარგებლოდ:

“რამდენად არის ეს არჩევნები კონსტიტუციური თუ არაკონსტიტუციური, ამის თქმა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მაგრამ ის, რომ ჩვენი მხრიდან შეტანილი ყოფილიყო მის არაკონსტიტუციურობაზე სარჩელი, გამოდის, რომ ამ სარჩელის მიზანი ვერ იქნებოდა საგარეჯოს და მარტვილის რაიონის ამომრჩევლების საარჩევნო უფლების დაცვა. და ჩვენ სწორედ მათი უფლების დაცვაზე ორიენტირებული უწყება ვართ“.

შუალედური არჩევნები მარტვილში დეპუტატ ნაული ჯანაშიას გარდაცვალების გამო ტარდება, ხოლო საგარეჯოში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო გათავისუფლდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG