Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საარჩევნო რეფორმის გაგრძელებას ითხოვს


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ბოლოს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა. საქმე ეხება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას და საარჩევნო ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდას. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შეცვლილმა ნორმებმა კანონის ძალა შეიძინა, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამ ცვლილებებს რეფორმის ნაწილად არ განიხილავს და პოლიტიკურ სპექტრს კონსულტაციების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლისა და საარჩევნო ბარიერის გაზრდის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით განპირობებული ტექნიკური ხასიათის ცვლილებების რანგში განიხილავს და, შესაბამისად, ამ არგუმენტითვე ხსნის თავისი გადაწყვეტილების მართებულობას - განსაკუთრებით მათ წინაშე, ვინც ფიქრობდა, რომ პრეზიდენტს კანონისთვის ვეტო უნდა დაედო:

“ეს კანონი ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი, გარკვეულ ტექნიკურ ჩასწორებებს არსებულ კოდექსში. ეს არის სწორად დაწერილი კანონი იმ მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს არ არის საარჩევნო რეფორმა, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ცვლილებები იქნა წარმოდგენილი, ეს არის ადეკვატური კანონი. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ის, რომ ეს არ არის საარჩევნო რეფორმის კანონი“.

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები საარჩევნო ოლქების გათანაბრებას ისახავს მიზნად მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის თანაბრობის უზრუნველსაყოფად, რეფორმის არსი კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებაშია. ამაზე პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად შეთანხმებულია, თუმცა მმართველი ძალა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მაინც შერეული სისტემით აპირებს. პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიდოს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის, მაშინ როდესაც პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, მმართველი კოალიცია, სამოქალაქო სექტორი და ამომრჩეველი, 240 000-ზე მეტი ხელმოწერით, მის უპირატესობაზე პრაქტიკულად შეთანხმებულია. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო მეტი კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ კონსენსუსამდე.

პრეზიდენტის ამგვარი დამოკიდებულება უკმაყოფილებას იწვევს მმართველ პარტიაში. საქართველოს პარლმენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გიორგი მარგველაშვილს მეტ ნეიტრალიტეტს სთხოვს და ამბობს, რომ, მისგან განსხვავებით, კომპეტენტურ პირებს სხვა მოსაზრებები აქვთ. მის მიერ დასახელებული კომპეტენტური პირები კი პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი არიან. ამ უკანასკნელთან, გიორგი კვირიკაშვილთან, საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხებზე კონსულტაციების გამართვის იმედი ჯერ კიდევ აქვს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს. ჯგუფმა პრემიერ-მინისტრს სპეციალური წერილი ამ რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. წერილი გაიგზავნა ასევე ვენეციის კომისიაში. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, განაცხადა, ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრისგან მათ პასუხი არ მიუღიათ, თუმცა, კონსულტაციების დაწყების შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სავსებით შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მოესწროს:

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის უკვე 8 იანვარი 2016 წლისა და არჩევნები არის ოქტომბერში, აბსოლუტურად მოსწრებადია. ამას სჭირდება კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება. მე, უბრალოდ, მინდა შევახსენო ყველას, რომ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება, ინიციატორი არის საქართველოს 200 000 მოქალაქე და სწორედ მათი ხელმოწერების საფუძველზე ახლა მიმდინარეობს საერთო-საჯარო განხილვა და დაახლოებით 20 იანვრისთვის შევა ცვლილებები საქართველოს პარლამენტში“.

მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ პრობლემაა არა რეფორმის განსახორციელებლად საჭირო სათანადო დრო, რომლის დეფიციტზეც მმართველი ძალა მიუთითებს, არამედ პოლიტიკური ნება, რომლის არსებობის შემთხვევაში დროის ფაქტორი ავტომატურად მოიხსნებოდა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამის საწინააღმდეგო კიდევ ერთ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის. იმას, რომ კონსულტაციების გაგრძელებას ყოველთვის აქვს აზრი, ადასტურებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური.

“გამორჩეული წელი იყო 2015 წელი იმ კუთხით, რომ ძალიან ფართო კონსენსუსი შედგა პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის და თქვენ იცით მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად დისკუსიები ამ თემაზე უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს მსჯელობა იმაზე, რომ ეს სისტემა არ არის ის, რისი მოლოდინიც იყო“.

იზიარებს რა პრეზიდენტის მოსაზრებას, ლელა ტალიური ფიქრობს, რომ შეთანხმება უნდა მომხდარიყო არა ისეთ მოდელზე, რომელიც მმართველ კოალიციას მოსწონს, არამედ ისეთზე, რომელიც მისაღები იქნებოდა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებისთვის.

XS
SM
MD
LG