ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის 2-დღიანი სამუშაო ვიზიტი, ოფიციალური ინფორმაციით, ძირითადად აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტს უკავშირდება, თუმცა ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ასევე გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. 11 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივებს ეძღვნებოდა. ბრიუსელში კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველო რიგის სამიტზე ვერ მიიღებს უვიზო მიმოსვლის უფლებას.
საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, საქართველო იმედით უყურებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პერსპექტივებს, ევროკავშირთან დაახლოება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და საქართველო სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაში ხედავს რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ერთ-ერთ უმთავრეს ბერკეტს – ამ შინაარსის აქცენტები დასვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორშაბათს ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „აღმოსავლეთის პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა – როგორია ევროკავშირის სამეზობლო ურთიერთობების მომავალი“.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი და ჩრდილოელი მეზობლისგან კვლავაც მოსალოდნელი საფრთხე – მათ შორის, როგორც მძიმე ფონი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით, შეძლო შეექმნა მართლაც ღია და თავისუფალი მედია, რომ საქართველო მიდის საბაზრო ეკონომიკის გზით და ავითარებს პოლიტიკურ სისტემას. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მართალია, ყველა ეს გამოწვევა სრულად არ არის დაძლეული, მაგრამ საქართველო სწორ გზაზე დგას და, რაც მთავარია, არ ღალატობს ევროპულ არჩევანს:
„ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან სასტიკ გარემოში - გარემოში, რომელშიც ჩვენი მეზობელი –ეკონომიკუარდ, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო – ავიწროებს ჩვენს დამოუკიდებელ არჩევანს. მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც ოკუპაცია ანექსიის დონემდე აჰყავს. მაგრამ საქართველოს არჩევანი არ შეცვლილა“.
ახლახან გამოვაქვეყნეთ ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ, თუკი ანგარიშში აღწერილი ზოგიერთი შეუსრულებელი მოთხოვნა შესრულდება, გამორიცხული არ არის, რომ ევროკომისიამ ძალიან მალე გამოაქვეყნოს ძალიან დადებითი საბოლოო ანგარიში...იოჰანეს ჰანი
ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ერთ–ერთ ასპექტად პრეზიდენტი მარგველაშვილი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო ძალიან კარგ პარტნიორულ ურთიერთობებშია რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. ამასთან, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული სამი ქვეყანა, – აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსია, – რომელთა პროგრესიც არასახარბიელოა და ორი მათგანი რუსეთის ევრაზიულ კავშირში ხედავს თავის მომავალს, თავის მხრივ, აცხადებენ მზადყოფნას მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოსთან.
ევროპის კოლეჯის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მასპინძლობდა, მონაწილეობდა ასევე ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, რომელიც ცოტა ხნით ადრე პირისპირ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესბრიფინგი და ევროკომისარმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით მიიწევს წინ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ძირითადი სეგმენტის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის - გეგმები და რომ წინსვლა აუცილებლად აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაშიც. მართალია, რიგის სამიტზე საქართველო ვერ მიიღებს უვიზო მიმოსვლის ნანატრ უფლებას, მაგრამ ევროკომისარი ჰანი ამას არცთუ შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს:
„ახლახან გამოვაქვეყნეთ ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ, თუკი ანგარიშში აღწერილი ზოგიერთი შეუსრულებელი მოთხოვნა შესრულდება, გამორიცხული არ არის, რომ ევროკომისიამ ძალიან მალე გამოაქვეყნოს ძალიან დადებითი საბოლოო ანგარიში“.
ნატოს ინსტრუქტორები დაგეხმარებიან და ხელს შეუწყობენ თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესში და ჩვენ წელს საქართველოში დავაფუძნებთ ნატო–საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ და შემფასებელ ცენტრს. ეს ცენტრი გააუმჯობესებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობებს...იენს სტოლტენბერგი
ცხადია, რიგის სამიტამდე დარჩენილ ათიოდე დღეში ეს არ მოესწრება, მაგრამ, როგორც ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების დღეს – 8 მაისს – თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, რეფორმების მოსაწონი ტემპის შენარჩუნების იმედის გათვალისწინებით, საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას ევროკომისია 2015 წლის შემოდგომისთვის დაგეგმავს. სწორედ ამას უნდა მოჰყვეს უვიზო მიმოსვლისთვის მწვანე შუქის ანთება და ამის შემდეგ - რეალისტურად, რამდენიმე თვეში - უკვე შესაძლებელი იქნებაუვიზოდ ჩასვლა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში.
მართალია, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ძირითადად რიგის სამიტის გეგმებთან კავშირში განიხილება და შეხვედრების ძირითადი ნაწილიც სწორედ ევროკავშირის სარბიელზე იმართება, მაგრამ 11 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. როგორც იენს სტოლტენბერგმა მადლიერებით აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს, ნატოს მხარდამხარ, კვლავაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და სწორედ ამიტომ ალიანსი იღებს ვალდებულებას დაეხმაროს საქართველოს განავითაროს თავდაცვის სფერო, რაც, თავის მხრივ, საქართველოს დააახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. თუმცა მანამდე საქართველოს მეტის გაკეთება მოეთხოვება დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც, რაც, იენს სტოლტენბერგის თქმით, გულისხმობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის გეგმების განხორციელება და რომ ეს პროცესი წელს მნიშვნელოვან ნაყოფს გამოიღებს:
„ნატოს ინსტრუქტორები დაგეხმარებიან და ხელს შეუწყობენ თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესში და ჩვენ წელს საქართველოში დავაფუძნებთ ნატო–საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ და შემფასებელ ცენტრს. ეს ცენტრი გააუმჯობესებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობებს. საუბარია საქართველოს, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე“.
ნატოში გაწევრიანების მიზნის უცვლელობა და ურყეობა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც და აღნიშნა, რომ, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, საქართველო ყველაფერს გააკეთებს ნატოს დემოკრატიული ფასეულობების კიდევ უფრო უკეთ დასამკვიდრებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.