უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას ფიფას ხელმძღვანელის პოსტზე. მონტე-კარლოში გამართულ პრესკონფერენციაზე პლატინიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღო და რომ მას უეფაში ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და ბევრი წამოწყებული პროექტი - ბოლომდე მისაყვანი. რაც შეეხება თავის დამოკიდებულებას ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერისადმი, პლატინის არ დაუმალავს, რომ კიდევ ერთი ვადით მისი არჩევის წინააღმდეგია. „მე პირადად ვუთხარი ზეპს, რომ 2015 წლის მაისში მის კანდიდატურას მხარს აღარ დავუჭერდი, რადგან ოთხი წლის წინ მან პირობა დადო, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ეს მისი ბოლო ვადა იქნებოდა“, უთხრა პლატინიმ ჟურნალისტებს. კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა თავი ბლატერის მემკვიდრედ უფრო შორეულ მომავალში, პლატინიმ უპასუხა, ამაზე ფიქრი ნაადრევია, თუმცა გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავო.
28 აგვისტოს, საღამოს, მონტე-კარლოშივე გამოვლინდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. ამ წოდებას ერთმანეთს ეცილებიან მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი, მისი თანაკლუბელი და ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი არიენ რობენი და მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარი 54-წევრიანი ჟიური დაასახელებს. ჟიურიში საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დავით კაკაბაძე.