ფარული ჩანაწერების საქმე და „ეს შენ გეხება“

უკანონო მოსმენებისა და ფარული ჩანაწერების გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამოქალაქო მოძრაობა „ეს შენ გეხება“ 19 მარტს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციას გამართავს.

აქციაზე საზოგადოების მობილიზების მიზნით, საგანგებო საინფორმაციო კამპანია ტარდება, მათ შორის, რიგდება ფლაერები და ქალაქებში მოძრაობენ სარეკლამო ბანერებით გაფორმებული მანქანები, რომლებიც ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოქალაქეებს 19 მარტის 13 საათისთვის უხმობენ აქციაზე. “ეს შენ გეხება“ ახალი კამპანიით მოითხოვს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო და, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების გატარების გარდა, უკვე მომხდარის ეფექტური გამოძიება აწარმოოს. 18 მარტს კი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთა საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა.

18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული მასალების საქმეზე ბრალდებულების ინგა ჩატოიანისა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძის მიმართ გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ინგა ჩატოიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მის მეგობარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს კი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 აპრილს გაიმართება. მათ ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, მათგან ორს, ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ზომად პატიმრობა 16 მარტს შეუფარდა. თავად საქმე 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ფარული აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის ივნისამდეა ჩაწერილი, და გასავრცელებლად მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის დირექტორს ელისო კილაძეს შესთავაზეს.

ჩემი მეუღლის სანქციაა 3 წლამდე და გადაიყვანეს ციხეზე, ხოლო ინგა ჩატოიანი დადის გარეთ. სწორედ ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რაც გამოიწვია და რითაც მე ვარ გაღიზიანებული...
თეა ჯამალაშვილი

18 მარტს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულ ინგა ჩატოიანისთვის აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდების ფაქტს, განსაკუთრებულად მკვეთრი პროტესტით ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე, თეა ჯამალაშვილი, დაუპირისპირდა. იგი ამბობს, რომ ზურაბ ჯამალაშვილი უდანაშაულოდ იმყოფება პატიმრობაში, მაშინ როდესაც, ცრუ ჩვენების სანაცვლოდ, ინგა ჩატოიანს გირაო შეეფარდა და თავისუფალია:

“ცრუ ჩვენებებია მიცემული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს მეუღლეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ კადრებთან. ჩემი მეუღლის სანქციაა 3 წლამდე და გადაიყვანეს ციხეზე, ხოლო ინგა ჩატოიანი დადის გარეთ. სწორედ ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რაც გამოიწვია და რითაც მე ვარ გაღიზიანებული“.

თეა ჯამალაშვილი ამბობს, რომ იგი ცდილობდა ინგა ჩატოიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა იმ მიზნით, რომ მისთვის ჩამოეგლიჯა თავსაფარი, რომლითაც სახეს იფარავდა. თეა ჯამალაშვილის თანახმად, ბრალდებულს სახეზე აქვს სილურჯეები, რაც ააშკარავებს, რომ მან ჩვენება ზეწოლით მისცა.

ის, რომ ჩატოიანი გამოძიებასთან თანამშრომლობს, მედიასთან პროკურორმაც დაადასტურა:

“ინგა ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, იგი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში და, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების მიზნები მიღწეულ იქნება გირაოს გამოყენების პირობებშიც“.

პირველი მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, ეფექტური გამოძიების წარმოება ამ მიმართულებით და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა...
ეკა გიგაური

ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, რომ ინგა ჩატოიანი გამოძიებამ სამჯერ დაკითხა, დეტალების დაზუსტების მიზნით, თუმცა მას ჩვენება არ შეუცვლია. საწინააღმდეგოს აღნიშნავენ სხვა ბრალდებულების ადვოკატები, რომელთა თანახმად, ინგა ჩატოიანმა ჩვენება შინაარსობრივად შეცვალა.

მთავარ პროკურატურაში 17 მარტს, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა პირადი ცხოვრების კადრების უკანონოდ გასაჯაროების კიდევ ერთ საქმეში დაზარალებული, ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი, რომელიც აპირებს პროკურატურას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი აუდიოფაილი გადასცეს. იგი ასევე კონკრეტულად ასახელებს პირებს, რომელთაც, მისი ვარაუდით, მისი ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნეს:

“ერთ-ერთი არის შევარდნაძის დროინდელი, ყოფილი, ასე ვთქვათ, რუხი კარდინალი ნუგზარ ფოფხაძე, რა თქმა უნდა, გელა ხვედელიძე და ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტი“, გიორგი მამაცაშვილი. ნუგზარ ფოფხაძის და გელა ხვედელიძის დავალებით მოხდა ამ კადრების გავრცელება. აუდიოჩანაწერზე არის საუბარი, სადაც ამბობს ნუგზარ ფოფხაძე, რომ ეს ფირი გვაქვს ჩვენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს ასევე ჰქონდეთ დღემდე წვდომა და ჰქონდეთ გარკვეული ბაზა სხვადასხვა ასობით ამ ჩანაწერზე“.

პირადი ცხოვრების დაუცველობას, ადამიანის დაშანტაჟების და ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესის გაგრძელებას კი 19 მარტს საქართველოს 6 ქალაქში სამოქალაქო აქტივისტები გააპროტესტებენ. კამპანიას „ეს შენ გეხება“, უკვე მონაწილე ორგანიზაციების გარდა, შეუერთდნენ პროფკავშირები, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, „ქალთა მოძრაობა“, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელი და რამდენიმე პარტიაც. ამ უკანასკნელებს კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი, “სიდას“ ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, სთხოვს, პოლიტიკურ ატრიბუტიკას ნუ გამოიყენებენ:

ზვიად დევდარიანი

“ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ დაესწრონ, თუმცა ჩვენი თხოვნაა, რომ მათ თავი შეიკავონ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ატრიბუტიკის გამოყენებისგან. ჩვენ არ უნდა შევიყვანოთ არავინ შეცდომაში. ეს არის აპოლიტიკური აქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ საკუთარ პოზიციას“.

პოზიცია კი, რომლის გამოხატვას საქართველოს მოქალაქეები აქციის საშუალებით შეეცდებიან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური შემდეგნაირად განმარტავს:

“პირველი მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, ეფექტური გამოძიების წარმოება ამ მიმართულებით და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მეორე ჩვენი მოთხოვნა არის იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, და მესამე ჩვენი მოთხოვნა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების, ორგანოს, მექანიზმის შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს“.

ძირითადად ეს საკითხები დაისმება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზეც, რომლის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ განახლება კი 11 მარტს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალური ქსელებით გავრცელების ფაქტს უკავშირდება.