გორის საკრებულოს მუშაობა პარალიზებულია. ახალი უმრავლესობა საკრებულოს თანამდებობის პირთა კანდიდატურების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები კი მათგან მოითხოვენ, პასუხისმგებლობა იტვირთონ. თებერვლის დასაწყისში საკრებულოს ოპოზიციამ მმართველობაში მყოფ „ქართული ოცნების“ წევრებს უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ ამის შემდეგ განხეთქილება მოხდა ოპოზიციის შიგნითვე: საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე თავისუფალი დემოკრატები და ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ და ამის გამო „ქართულმა პარტიამ“ თავის მიერვე მოწვეული რიგგარეშე სხდომა ჩაშალა: არ გამოცხადდნენდა კვორუმი ვერ შედგა. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ახალი უმრავლესობა შეთანხმებას და პასუხისმგებლობის აღებას. საკრებულოში არსებულ კრიზისს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი იოსებ ბორცვაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დააყენონ.
უპასუხისმგებლობა და ამომრჩევლის მიმართ უპატივცემლობა - ასე აფასებს „საზოგადოებრივი დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი ოპოზიციის ქმედებებს. მისი აზრით, ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა პარტიული ინტერესები ცოტა ხნით გვერდით უნდა გადადონ.
„ქართული პარტიის“ წარმომადგენლებს მოლაპარაკებას თავისუფალი დემოკრატებიც სთავაზობენ. პარტიის წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ 5 თებერვალს იმპიჩმენტი აუცილებლად უნდა მომხდარიყო და რომ საკრებულოს ახალი ხელმძღვანელობა წინაზე ბევრად პროდუქტიული იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დამოუკიდებელი დეპუტატი იოსებ ფალელაშვილი იყო, „ქართულ პარტიასთან“ შეთანხმებაც მიღწეული იყო, მაგრამ რიგგარეშე სხდომამდე პირობა დაირღვა და „ქართულმა პარტიამ“ ილია მეტრეველისთვის მხარდაჭერა მოითხოვა. იოსებ ფალელაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.
„ქართული პარტიის“ წევრებს საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტნიორებისთვის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არ აუხსნიათ. ისინი ჟურნალისტების ზარებსაც არ პასუხობდნენ. დღეს პარტიის წარმომადგენელმა რამაზ იოსელიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ პარტიულ რეჟიმში მოქმედებდნენ და ოპოზიციის შიგნით ამ დღეებში კონსულტაციებს დაიწყებენ.
ჩაშლილი რიგგარეშე სხდომის მიუხედავად, ოპოზიციას კიდევ შეუძლია ახალი რიგგარეშე სხდომის მოწვევა ან მარტის დასაწყისში რიგით სხდომაზე საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა. ამ დროისთვის ვაკანტურია საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 4 კომისიის თავმჯდომარის თანამდებობები. უხელმძღვანელოდ დარჩენილი თვითმმართველობა კი პარალიზებულია და ვერც ერთი გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება.