ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახური ადასტურებს. ეს იმ ფონზე, როდესაც უნივერსიტეტში, სწორედ რექტორის გადადგომის მოთხოვნით, უკვე მეორე დღეა შიმშილობენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. ამ აქციის პარალელურად, რექტორის და აკადემიური საბჭოს წევრებისგან გადადგომის პირობას მოითხოვდნენ მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებიც, ოღონდ უნივერსიტეტში სისტემური ცვლილებების შემდეგ.
თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გადაწყვიტა დატოვოს თანამდებობა. ამ განცხადებით მან უკვე მიმართა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელმაც პაპავას თხოვნა დააკმაყოფილა. როგორც რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პრესსამსახურში უთხრეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნივერსიტეტში პირველ მაისამდე უნდა ჩატარდეს. ამ დრომდე დარჩება თანამდებობაზე ვლადიმერ პაპავაც. თსუ-ს რექტორმა პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება თვითმმართველობის წევრი სტუდენტების ერთი ნაწილის შიმშილობის ფონზე მიიღო. ისინი სწორედ მის გადადგომას მოითხოვდნენ.
როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარის მოდგილემ პაატა ბახტურიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სტუდენტები მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ სურთ აკადემიური საბჭოს წევრებისგან პაპავას წასვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება შიმშილობის აქცია.
გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პირველ რიგში უნდა შეიცვალოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ის მუხლები, რომლებიც რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესს განსაზღვრავენ...ნათია ქარჩილაძე
რაც შეეხება მოვლენებს რექტორის გადადგომის შესახებ განცხადებამდე.
შიმშილობა კი შვიდმა სტუდენტმა 29 მარტს, საღამოს დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად უნივერსიტეტში ვითარების შედარებით დარეგულირებისა, მათ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე უნივერსიტეტის რექტორისგან, რის გამოც მიმართეს კიდეც პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას. პაატა ბახტურიძის თქმით კი, პროტესტის მიზეზი გახდა მათ მოპოვებული საჯარო ინფორმაციაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ კონკრეტული დანახარჯების შესახებ.
„ჩვენ ცოტა ხნით გავჩერდით, რადგან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ველოდით საჯარო ინფორმაციის პასუხებს რექტორატის ხარჯებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ გაბერილია ხარჯები. კითხვები გვაქვს კადრებთან დაკავშირებით. შეძენილია რაღაც ყვავილები, სასაჩუქრე სუვენირები - რა ხარჯებია ეს, რისთვის იყო საჭირო და ა.შ. ბევრი კითხვა გვაქვს და არც ერთი პასუხი“.
პაატა ბახტურიძე აცხადებს, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები უნივერსიტეტში კონკრეტული კადრების, კერძოდ კი, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების დანიშვნის თაობაზე. მოშიმშილეები ასევე მოითხოვდნენ ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტიდან არა იმპიჩმენტის გზით, არამედ საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყო, რაც პაპავამ გააკეთა კიდეც.
მოშიმშილე სტუდენტებს შორის არის ტურიზმის სკოლის სტუდენტი ტატო გაგელიძე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ რექტორთან ოთხგზის შეხვედრის შემდეგაც სტუდენტებს არც ერთ პრინციპულ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ:
„ეს კითხვები ბევრჯერ დავსვით, მაგრამ რექტორი რიგ შემთხვევებში საერთოდ თავიდან იცილებდა პასუხისმგებლობას და ამბობდა, რომ არ იცოდა ან რომ, მაგალითად, კონკრეტული კადრების დანიშვნაში მონაწილეობა არ მიუღია, არადა, მისი ხელმოწერით იყო გაკეთებული ყველაფერი. არის კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა უნივერსიტეტში, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. პროტესტის უკიდურესი ფორმაც ამიტომ ავირჩიეთ - იქნებ ასე მივაღწიოთ მიზანს“.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც ასევე იყვნენ სტუდენტური პროტესტის მონაწილე, ოღონდ ბარიკადის მეორე მხარეს, კერძოდ, „აუდიტორია 115“-ის წევრები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობა პოპულისტური და ფსევდორადიკალური მეთოდებით ცდილობს თავის გადარჩენას და რომ რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობაც ამის ნაწილია. ნათია ქარჩილაძე „აუდიტორია 115“-ის სახელით აცხადებს, რომ, განსხვავებით თვითმმართველობისგან, ისინი სისტემის შესაცვლელად იბრძვიან, სტუდენტური თვითმმართველობა კი ამ სისტემის ნაწილია. „აუდიტორია 115“ დღეს უნივერსიტეტში ე. წ. „გარდამავალი პერიოდის“ გამოცხადებას მოითხოვს:
„გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პირველ რიგში უნდა შეიცვალოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ის მუხლები, რომლებიც რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესს განსაზღვრავენ. ორ თვეში უნივერსიტეტში ახალი ინსტიტუტები ახალი წესების მიხედვით უნდა ავირჩიოთ. თუმცა ჩვენი მოძრაობა ყურადღებას არ ამახვილებს მხოლოდ სისტემური გაუმართაობის პრობლემაზე - ვფიქრობთ, რომ რიგი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს“.
"აუდიტორია 115"-ის წევრებისათვის გადამწყვეტი მოთხოვნა კვლავაც უნივერსიტეტის სისტემური ცვლილებაა. მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ საერთო სტუდენტური გაფიცვა ისევ დაიწყება.