პანკისის ხეობა ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ მოექცა ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ამის მთავარი მიზეზი ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც საქართველოდან სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაერთებლად მიდიან, თუმცა ხეობაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად ქისტი მუსლიმია, არიან სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც არ ფიქრობენ ომზე. ისინი ლაპარაკობენ პრობლემებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ და იმაზე, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს პრობლემები იყოს მათი თანატოლების სირიაში გამგზავრების ერთ-ერთი ხელშემწყობი.
პანკისის ხეობის ყველაზე დიდი სოფლის, დუისის, ცენტრში - ძველ, ყოფილი კლუბის შენობაში - აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. პატარა ოთახის კედლებზე წიგნით სავსე თაროები და ფოტოებია, ყოველ ფოტოს თან მოზრდილი ტექსტი ერთვის. მოსწავლეები ერთმანეთზე რკალად მიდგმულ მაგიდებს უსხედან და მასწავლებელთან ერთად ზოგად უნარ-ჩვევებში საშინაო დავალებას არჩევენ.
მეთორმეტეკლასელი იზარდი ქავთარაშვილი გაკვეთილზე აგვიანებს. ოთახში შემოდის და მაგიდის კუთხეში იკავებს ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ საუბრის დასაწყისი გამოტოვა, პროცესში სწრაფად ერთვება - აქტიურადაც.
მოსწავლეებიდან უმეტესობას მომავალი პროფესია არჩეული აქვს, ზოგი კი ჯერ ფიქრობს. იზარდიმ უკვე გადაწყვიტა არქიტექტორი გახდეს, თუმცა ჯერ დარწმუნებული არაა, შეძლებს თუ არა სწავლის დასრულების შემდეგ თავისი პროფესიით მუშაობას:
„შეიძლება რამდენიმე პრობლემა იყოს. ერთ-ერთი ისაა, რომ საქართველოში ზოგადად რთულია სამუშაოს პოვნა. მეორე მხრივ კი, ჩვენთან გოგონებს შეიძლება სახლიდან ასე შორს სამსახურში სიარული გაგვიჭირდეს. თბილისში ან თელავში თუ ვიშოვით სამსახურს, ვერ ვივლით, ჩემს სოფელში კი არქიტექტურის განხრით მუშაობა ცოტა ძნელი იქნება“.
სამუშაოდ პანკისში დარჩენაზე არც იზარდის თანატოლი ზარიემ ცისკარიშვილი ფიქრობს. მას უნდა ექიმი-ენდოკრინოლოგი გახდეს:
„პატარაობიდანვე ეს პროფესია მიტაცებდა - მინდა დავეხმარო ხალხს, რომელსაც ეს სჭირდება. თბილისში დარჩენაზე და იქ ცხოვრებაზე ვფიქრობ. მინდა სამსახურიც იქვე ვიპოვო“.
პანკისელი ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დასაქმებაა. ამ საკითხზე დუისში რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, კახეთის რეგიონალური განვითარების ცენტრი. სწორედ ამ ცენტრის შენობაში ემზადებიან აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისათვის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ტექნიკურ განათლებას არჩევენ და სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან. ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, ამ კუთხით გოგონები ბიჭებზე მეტად აქტიურობენო. ეს ერთი შეხედვითაც ჩანს: საკლასო ოთახში, სადაც ზოგად უნარებში მეცადინეობენ, სულ სამი ბიჭია და სამჯერ მეტი გოგონა. სამაგიეროდ, თუ დუისის ქუჩებში გაივლით, აქა-იქ შეჯგუფებულ ბიჭებს უფრო შეხვდებით.
სტუდენტი ისლამ გორგიშვილი ამბობს, ახალგაზრდებს პანკისში მოტივაცია არ აქვთო. მისი დაკვირვებით, ძალიან ცოტაა ისეთი ახალგაზრდა, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის დაწყება შეძლო:
„ჩადიან თბილისში ან თელავში - უნივერსიტეტში. მცირე ნაწილი სამუშაოს პოულობს და ქალაქში რჩება, უმეტესობა კი ხეობაში ბრუნდება და იმავე სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე, როგორშიც წასვლამდე იყო. არც დასაქმებაა, არც იმის საშუალება, რომ რაღაცით დაკავდნენ. პროფესიას, რომელსაც ეუფლებიან, ვერაფერში იყენებენ“.
ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილი აქ ე. წ. „ბირჟააო“, - ამბობს ისლამ გორგიშვილი. აქ ახალგაზრდები იკრიბებიან, საუბრობენ, საღამოს სახლებში ბრუნდებიან, რომ მეორე დღეს ზუსტად იგივე გაიმეორონო. სხვა არჩევანი აქ არ არის, თუნდაც მოგბეზრდეს და გინდოდეს რამე ახალი საქმე ან გასართობი იპოვო. ისლამ გორგიშვილი ამ სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალს ხედავს:
„პანკისში შეიძლება ინვესტიციის ჩადება, მაგრამ ახლა ჩვენზე ცუდი წარმოდგენაა შექმნილი. რადგან მუსლიმები ვართ, კაციჭამიები ვგონივართ, ამიტომ ევროპიდან აქ არავინ ჩამოვა და ინვესტიციას არ ჩადებს“.
მას სჯერა, პანკისზე ასეთი შეხედულების შეცვლა შესაძლებელია. შეიძლება, ისტორიული ძეგლები არა, მაგრამ საინტერესო კულტურა და ტრადიციები გვაქვსო, ამბობს სტუდენტი. ის კავკასიოლოგიითაა დაინტერესებული და ფიქრობს, რომ კულტურული ტურები უცხოელი სტუმრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა - ეს კი პანკისელებს დაეხმარებოდა, მეტად გააქტიურებულიყვნენ.
ახალგაზრდების მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან შვიდი საუკეთესო დაფინანსდება. პროექტის მაქსიმალური ღირებულება 3 000 ლარი უნდა იყოს. ჩვენ მათ საპროექტო განაცხადის მომზადებაშიც ვეხმარებით, რომ თავიანთი მიზნები განახორციელონ...ისლამ გორგიშვილი
ისლამ გორგიშვილი სწავლის პარალელურად ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობის ცენტრში მუშაობს“, რომლის მიზანიც პანკისელი ახალგაზრდების ჩართვაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ამისთვის ორგანიზაცია სხვადასხვა ტრენინგს ატარებს და ადგილობრივებს მცირებიუჯეტიანი პროექტების წამოწყებაში ეხმარება:
„ახალგაზრდების მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან შვიდი საუკეთესო დაფინანსდება. პროექტის მაქსიმალური ღირებულება 3 000 ლარი უნდა იყოს. ჩვენ მათ საპროექტო განაცხადის მომზადებაშიც ვეხმარებით, რომ თავიანთი მიზნები განახორციელონ“.
იდეა ბევრია - ლოგიკურია - პანკისს ბევრი რამ სჭირდება. მაგალითად, სილამაზის სალონი, რომელიც ხეობაში არ არის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სოფელ ჯოყოლოს მკვიდრმა, 22 წლის მადონა მარგოშვილმა ორ თანამოაზრესთან ერთად ბედი სცადოს. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, არც ის იცის ზუსტად, როგორი იქნება მათი სალონი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებულია - კლიენტები კმაყოფილები უნდა დარჩნენ:
„ორი გოგო და ერთი ბიჭი ვართ. ბიჭებს ბიჭი მოემსახურება, გოგოებს გოგო. როდესაც სადმე ქორწილში ან დღესასწაულზე წასვლა გვინდა, მაკიაჟისთვის ან ვარცხნილობის დასაყენებლად ახმეტაში ან თელავში წასვლა გვიწევს, რადგან სალონი აქ არ გვაქვს. გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, არც კურსები გვაქვს გავლილი, მაგრამ შეგვპირდნენ, რომ სტილისტს ჩამოგვიყვანენ, რომელიც ტრენინგს ჩაგვიტარებს“.
თუ მადონა მარგოშვილი ჩანაფიქრს განახორციელებს, პანკისში სოფელ ჯოყოლოს უკვე სილამაზის სალონი ექნება და, მაშასადამე, ერთით ნაკლები პრობლემა. თუმცა იმ საჭიროებათა ჩამონათვალში, რომელზეც ახალგაზრდები საუბრობენ, რჩება მოედნები, სპორტული დარბაზები, სოციალური საწარმოები... აქ სპორტი განსაკუთრებით უყვართ და, როგორც ამბობენ, სხვადასხვა სახეობაში კარგადაც გამოდიან. ახალგაზრდები ამბობენ, ხეობაში სამი მთავარი პრობლემა უნდა მოგვარდეს - დასაქმება, განათლება და გართობა - და თუ სახელმწიფოს უნდა სიტუაცია გამოასწოროს, პირველ რიგში, სწორედ ამას უნდა მიხედოსო.