გზა - პანკისიდან სირიამდე

პანკისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „საერთაშორისო ტერორისტთა“ 10-კაციან სიაში, კერძოდ კი, სირიაში მოქმედ განსაკუთრებულ საშიშ ექსტრემისტ ლიდერთა შორის, საქართველოს მოქალაქე, პანკისელი მურად მარგოშვილიც ფიგურირებს. ეს უკვე ამერიკის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მეორე სიაა, რომელსაც წინ უძღოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული 11-კაციანი სია, რომელშიც პანკისის ხეობის კიდევ ერთი მკვიდრი, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი, მოხვდა.

როგორ და რა მიზნით მიდიან სირიაში პანკისის მკვიდრნი და რას ამბობენ ადგილობრივები ამ ამბავზე?

ე.წ. „შავ სიაში“ შესულ ადამიანებს აშშ მიაკუთვნებს იმ „განსაკუთრებული მნიშვნელობის საერთაშორისო ტერორისტებს“, რომლებიც თანამშრომლობენ, მონაწილეობენ და ფინანსურად და მატერიალურად აძლიერებენ სირიაში მებრძოლ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. კონკრეტულად მურად მარგოშვილს კი სახელმწიფო დეპარტამენტი უწოდებს სირიაში მოქმედ ჩეჩენთა ლიდერს, რომელმაც თურქეთის საზღვართან ექსტრემისტთა საწვრთნელი ცენტრი დააარსა. თარხან ბათირაშვილი 2005-2009 წლებში საქართველოს არმიის უმცროსი ოფიცერი იყო, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოში“ მაღალ სამხედრო თანამდებობას მიაღწია და ბოლო წლების განმავლობაში, ჩეჩნებისა და სხვა კავკასიელებისგან შემდგარი რაზმით, რამდენიმე მსხვილ სამხედრო ოპერაციასაც უხელმძღვანელა.

პანკისის ხეობაში იმყოფებოდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშვილი, რომელიც ამბობს, რომ პანკისელები ამ საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან და დიდად არც ჟურნალისტების ყურადღება სიამოვნებთ. რაც შეეხება ე.წ. „შავ სიას“, რომელშიც თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი მოხვდნენ, მათ საკუთარი მოსაზრებები აქვთ:

„თარხან ბათირაშვილზე დიდად არც გაჰკვირვებიათ, თქვეს, რომ ის საკმაოდ ოდიოზური საველე მეთაურია, აი, მურადის ამბავი კი გაუკვირდათ, რადგან მას ყველა იცნობს როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანს. ცნობილია, რომ ის ჩეჩნეთში იბრძოდა, შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ იყო დაკავებული 2003 წელს, მისმა ნათესავებმა გამოისყიდეს დიდი ფულით და მას მერე ცხოვრობდა პანკისში. ჩვენ გავესაუბრეთ მის ნაცნობ პიროვნებას, რომელმაც გვითხრა, რომ ის წელიწად-ნახევრის წინ გაემგზავრა პანკისის ხეობიდან. ასევე დაგვიდასტურეს, რომ მართლაც წვრთნის მეამბოხეებს, და გამოთქვეს ვარაუდი, რომ სწორედ ამის გამო შეიყვანეს ‘შავ სიაში’“.

როგორ მიდიან? როგორც წესი, საკუთარ გულის ძახილს მიჰყვებიან. თუ ჩვენ რაღაცნაირად შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ღარიბი პანკისიდან იქ წასული ახალგაზრდები, ამას ვერ ვიტყვით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან წასულებზე, ხომ ასეა? მორწმუნეებისათვის ეს ძალიანაც გასაგები გადაწყვეტილებაა...

მეორე მიზეზი, ამბობს ზვიად მჭედლიშვილი, რის გამოც ხეობას ტოვებენ, იქ არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია - ხალხს ძალიან უჭირს, უმრავლესობა სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასვლას ვერ ახერხებს. ეს გზა კი, სირიისკენ, შესაძლოა იყოს მათი იქიდან გასვლა-გაღწევის ერთადერთი გზა. შესაძლოა, იყოს ფინანსური დაინტერესებაც.

ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და რომელსაც აბდულად მოვიხსენიებთ, ზვიად მჭედლიშვილის შეკითხვაზე, რა არის სირიაში პანკისის ხეობის მცხოვრებთა წასვლის მთავარი მიზეზი, პასუხობს, რომ ეს არის იდეა და რწმენა იმისა, რომ ისინი ასადის რეჟიმთან ბრძოლაში სირიელ ხალხს, მოძმე მუსლიმებს ეხმარებიან.

„როგორ მიდიან? როგორც წესი, საკუთარ გულის ძახილს მიჰყვებიან. თუ ჩვენ რაღაცნაირად შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ღარიბი პანკისიდან იქ წასული ახალგაზრდები, ამას ვერ ვიტყვით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან წასულებზე, ხომ ასეა? მორწმუნეებისათვის ეს ძალიანაც გასაგები გადაწყვეტილებაა. მათთვის კი, ვისაც ღმერთი არ სწამს, ეს ძნელი გასაგებია, რომ მორწმუნეები მიდიან საკუთარი სურვილით სირიელი ხალხის დასახმარებლად“.

აბდულა ამბობს, რომ მან სირიაში პანკისის ხეობიდან წასული დაახლოებით ათი ადამიანი იცის, რომელთაგან რამდენიმე უკვე დაღუპულია. რადიო თავისუფლებამ მას ასევე ჰკითხა, შეხვედრია თუ არა ის თავად ან სმენია თუ არა სირიიდან დაბრუნებული პანკისელების შესახებ, ვინც იქ გარკვეული გასამრჯელოს მისაღებად წავიდა და უკან დაბრუნდა, რაზეც აბდულა ასე პასუხობს:

„იყო ჭორები, ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაც დაბრუნდა, სახლი იყიდა თუ ტელეფონი... მაგრამ ეს წვრილმანებია. რომც ეყიდა რაღაც 5 000 დოლარად სახლი, აუცილებელი არ არის, ომიდან ჩამოტანილი ფულით ეყიდა. თუმცა ამბობენ, რომ იქ ყველაფერი ძალიან ძვირია - იარაღი, სამხედრო მასალები - და შეიძლება დავუშვათ, რომ ვიღაცამ მართლა გაყიდა და ამაში ფულიც აიღო. თუ ვინმე ამისთვის მიდის, ესეც მისი პირადი საქმეა“.

აბდულას თქმით, ძნელია გაარჩიო, ადამიანი სასწავლებლად მიდის საზღვარგარეთ, საბრძოლველად თუ სამუშაოდ. შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ სირიაში დაღუპული ბესო კუშტანაშვილიც თურქეთში თავიდან სწორედ საშოვარზე წავიდა და შემდეგ გეგმები შეეცვალა, ფიქრობს აბდულა. გამოსავალს კი იმაში ხედავს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები და ქისტები რეალურად უნდა დაკავებულნი იყვნენ რაღაც საქმით, თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება უნდა შეძლონ და თავი ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად იგრძნონ. ეს მათ ნაწილს მაინც შეაჩერებს, არ მიიღონ სირიაში წასვლის გადაწყვეტილება.

თარხან ბათირაშვილი ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მაგრამ "შავ სიაში" მისი შეყვანა აღნიშნული ორგანიზაციებისათვის ყველა შესაძლო არხის დახურვას ისახავს მიზნად...
მაიკლ ჩეჩირე

როგორც ცნობილი გახდა, სირიაში დაბომბვის დროს დაიღუპა პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი 18 წლის ბესო კუშტანაშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50-60 ახალგაზრდაა წასული, ხოლო ბესო კუშტანაშვილი პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მეექვსეა, ვინც სირიაში დაიღუპა. კახეთის საინფორმაციოს ცენტრის ცნობითვე: „კუშტანაშვილის ახლობლების თქმით, მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მათი შვილი სირიაში იმყოფებოდა. ნათესავების თქმით, გაზაფხულზე კუშტანაშვილი სოფელ ომალოში ბოლო ზარს დაესწრო, შემდეგ კი და-ძმასთან ერთად სამუშაოდ თურქეთში წავიდა, სადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად დადიოდა“.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხაზინის გადაწყვეტილება კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ამ ადამიანებისა და მათი ორგანიზაციების იზოლაციასა და ფინანსური წყაროების გადაკეტვას ითვალისწინებს. ჩეჩირეს ვარაუდით, „თარხან ბათირაშვილი ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მაგრამ "შავ სიაში" მისი შეყვანა აღნიშნული ორგანიზაციებისათვის ყველა შესაძლო არხის დახურვას ისახავს მიზნად. ექსპერტის აზრით, სირიაში საქართველოდან წასული 20-30 კაცი იბრძვის, რომელთა უმრავლესობა ჩეჩენი ან პანკისელი ქისტია“.

პარალელურად, ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მ მკითხევლს 23 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიის ახლებური ვერსია შესთავაზა. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში მათ მიერ გავრცელებულ სტატიას საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსების შესახებ საჯარო უკმაყოფილება მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებამ უკან დაიხია და შეთავაზება უარყო.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველო სიმბოლურად იქნება ჩართული და მხოლოდ ჰუმანიტარულ მისიას შეასრულებს.