11 იანვარს პანკისის ხეობაში დაკრძალეს 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 10 იანვარს, ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახს ჰქონდა სურვილი, რომ ის სამკურნალოდ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში გადაეყვანა, მაგრამ, როგორც ავსტრიული მედია იუწყება, ამას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივი შს სამინისტრო შეეწინააღმდეგა. თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთია სხვადასხვა დროს დაკავებულ იმ 6 პირს შორის, რომელთა საქმეზეც, ტერორიზმის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის ბრალდებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ადვოკატები დაზარალებულის სტატუსს ახლა უკვე მისი ოჯახის წევრისთვის ითხოვენ. იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები, პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მოითხოვენ იმ სპეცრაზმელის ბრალეულობის დროულ დადგენას, რომლის ნასროლმა ტყვიამაც გამოიწვია თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვა. ამასვე მოითხოვს და, ამავე დროს, შეკითხვებს სვამს სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი.
Your browser doesn’t support HTML5
მე სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი... იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო... მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგისი სახე დამანახოს...მალხაზ მაჩალიკაშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ პანკისის ხეობაში, სადაც ახლა უმთავრეს მოთხოვნას იმ სპეცრაზმელის დასჯა წარმოადგენს, რომელმაც 26 დეკემბერის სპეცოპერაციის
დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა. ხეობაში გამორიცხავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. 27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე) მუხლით სპეცრაზმელების საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, 11 იანვარს, შვილის დაკრძალვამდე, უთხრა ჟურნალისტებს,ის გამოძიებას ამ ეტაპზე ნდობას უცხადებს, მაგრამ თუკი სპეცრაზმელი არ დაისაჯა, შურისძიების გზას თავად დაადგება:
„მე სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი... იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო... მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგისი სახე დამანახვოს... ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე, იმ ოთახში. მე მოვითხოვ მაგათ ყველას დასჯას - როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა“.
„პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 11 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე და იქვე დასძინა, რომ სპეცსამსახურები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ და წინასწარი დასკვნები აზარალებს სახელმწიფოს ინტერესებს. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს:
თუ გარდაიცვლება დაზარალებული, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულის უფლებამოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს და იგი უნდა იქნეს ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ თემირლან მაჩალიკაშვილის რომელიმე ახლო ნათესავის, ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა...ქეთი ჩუთლაშვილი
„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად... და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს...მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი დამოკიდებულებით არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია“.
თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს და კვლავ დაზარალებულის სტატუსზე ლაპარაკობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქეთი ჩუთლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთი განცხადების შეტანა გახდა საჭირო:
„თუ გარდაიცვლება დაზარალებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულის უფლება-მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს და იგი უნდა იქნეს ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ თემირლან მაჩალიკაშვილის რომელიმე ახლო ნათესავის, ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. ამის შემდეგ უკვე 48-საათიანი ვადა აქვს პროკურატურას: პროკურორმა ან უნდა გამოიტანოს დადგენილება, სადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობს მის რომელიმე ახლო ნათესავს, ან უარი თქვას ამგვარი დადგენილების მიღებაზე“.
ჩვენთვის მეტად რისკის შემცველი იყო, რომ სავარაუდო ისლამური სახელმწიფოს ტერორისტი ავსტრიაში შემოგვეშვა. ავსტრიაში მისი მკურნალობა დიდი საფრთხე იქნებოდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის...
თუკი საქმის პროკურორი უარს იტყვის, მაშინ დაცვის მხარეს საშუალება ექნება დადგენილების გასასაჩივრებლად ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს, მაგრამ, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, უკვე ზემდგომი პროკურორის უარის შემდეგ გასაჩივრება აღარ იქნება შესაძლებელი, რადგანაც ლაპარაკია მძიმე კატეგორიის დანაშაულზე.
იურისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ზუსტად თქმა არ შეუძლიათ, მაგრამ იციან, რომ არსებობს გარკვეული შეკითხვები თემირლან მაჩალიკაშვილისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის დაგვიანებასთან დაკავშირებით. შეკითხვები იყო დასმული ასევე საზღვარგარეთ სამკურნალოდ მის გადაყვანასთან დაკავშირებითაც. თავდაპირველად ოჯახს სურდა, რომ დაჭრილი ავსტრიაში გადაეყვანათ, თუმცა ეს არ მოხერხდა.
თუკი 10 იანვარს ავსტრიული გაზეთის „კრონენ ცაიტუნგის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსით ვიმსჯელებთ, პაციენტის გადაყვანას საქართველოს მთავრობა ცდილობდა და შეთანხმება უკვე მიღწეული იყო კონკრეტულ კლინიკასთანაც, თუმცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცე უარი განაცხადა სახიფათო საერთაშორისო ტერორისტის, წლების განმავლობაში ავსტრიაში მცხოვრები - ახმედ ჩატაევის სავარაუდო მხარდამჭერის მიღებაზე. ციტატა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებიდან:
„ჩვენთვის მეტად რისკის შემცველი იყო, რომ სავარაუდო ისლამური სახელმწიფოს ტერორისტი ავსტრიაში შემოგვეშვა. ავსტრიაში მისი მკურნალობა დიდი საფრთხე იქნებოდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის... „უბრალოდ, ძალიან მაღალი“ იყო რისკი იმისა, რომ მისი გათავისუფლების მიზნით მოეწყობოდა სისხლიანი აქცია ანდა თავდასხმა, რათა მძიმედ დაჭრილი პირი გამოეხსნათ“.
მიმღებმა მხარემ აუცილებლად უნდა იცოდეს სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ. მიუღებელია რამის დამალვა და მითუმეტეს არაფერი დაიმალებოდა, როდესაც ბოლო პერიოდში 26 დეკემბრის სპეცოპერაცია საგანგებო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსა თუ ოფიციალურ ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსიც ყურადღებით ეცნობა...ბესო ალადაშვილი
„კრონენ ცაიტუნგს “ მოჰყავს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებიც. ჰერბერტ კიკლი ამბობს, რომ ჩატაევის სავარაუდო მხარდამჭერს ავსტრიაში არ შეუშვებდნენ და „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მტკიცე უარია ნათქვამი ტერორიზმში ეჭვმიტანილების ავსტრიაში შემოყვანაზე“.
მაშინ, როცა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობა დამტკიცებული არ არის, მიუღებელია მისი ტერორისტად ან ტერორიზმის მხარდამჭერად მოხსენიება, როგორც ამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავსტრიული გამოცემა აკეთებს, ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი, თუმცა, მიუხედევად იმისა, რომ აწ უკვე გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, საქართველოს სახელმწიფო ვალდებული იყო შეეტყობინებინა ავსტრიული მხარისთვის ვარაუდები, რომელიც ავსტრიაში გადასაყვან პაციენტს უკავშირდებოდა:
„მიმღებმა მხარემ აუცილებლად უნდა იცოდეს სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ. მიუღებელია რამის დამალვა და, მით უმეტეს, არაფერი დაიმალებოდა, როდესაც ბოლო პერიოდში 26 დეკემბრის სპეცოპერაცია საგანგებო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსა თუ ოფიციალურ ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსიც ყურადღებით ეცნობა... საქართველოს უკვე რამდენიმე წელია ჰყავს შს სამინისტროს ხაზით მომუშავე ე.წ. მეკავშირე ოფიცრები სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, ავსტრიაშიც. მათი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ კონტაქტში იყვნენ ადგილობრივ სამართალდამცველებთან და, მათ შორის, მსგავსი საკითხებიც ერთად, კოორდინირებულად გადაჭრან“.
ავსტრიული გაზეთის სტატიაში ნათქვამი არ არის იმის შესახებ, იძებნება თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის გვარი და სახელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის. ამის შესახებ ძალოვან სტრუქტურებს განცხადებები არც საქართველოში გაუკეთებიათ. სუსის მიერ 4 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეომასალები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პირადად იცნობდა ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ და დაკავებულ პირებს. ამ ნაცნობობას მედიის წარმომადგენლებთან არც დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი უარყოფს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ კონკრეტულ პირებს პანკისის ხეობაში სხვა სახელით იცნობდნენ.
ჩაიდინა თუ არა დანაშაული იმ სპეცრაზმელმა, რომელმაც 28 დეკემბერს, გათენებისას, მის საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრა 19 წლის ახალგაზრდა? - ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას მოითხოვს სამოლაქო საზოგადოების დიდი ნაწილი. ისინი ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო არ გაუფრთხილდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეს და სასტიკი ზომებით დაუპირისპირდა ახალგაზრდას, რომელსაც ბრალდებულის სტატუსიც კი არ ჰქონდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ორგანიზებით, 11 იანვარს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, მოწოდებით: „სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!“ აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები, მათ შორის ასეთი წარწერებით: „მოვითხოვთ ეფექტიან გამოძიებას!“, „შეიზღუდოს სუს-ის ძალაუფლება!“ „პანკისი იმსახურებს სიმართლეს!“, „სოლიდარობა თემირლანის ოჯახს“.