ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბათი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკდილის ფაქტმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა შეაწუხა. ამის შესახებ თემურ ცხურბათიმ განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტს, მურატ გუკემუხოვს:
ბრძოლის შემდეგ, ქართველები ოსებს რაციით დაუკავშირდენენ და უთხრეს: ჩვენ ვიცნობთ დუშმანს, მის ცხედარს ამა და ამ ადგილას მოვიტანთ, მოდით და წაიღეთ, არავინ ცეცხლს არ გახსნისო...თემურ ცხურბათი
„(ხალხის შეწუხებაში) იგულისხმება როგორც წმინდა ადამიანური თანაგრძნობა, თავად დაღუპულისა და მისი ოჯახის მიმართ, ასევე უკმაყოფილება ხელისუფლების მისამართით, რომლის არაკეთილშობილური ქმედებაც მაკომპრომიტირებელი იყო მათთვის.“
თემურ ცხურბათი იხსენებს, რომ უღირსი ქმედებები დასაგმობია ომის პირობებშიც კი, როცა სისასტიკე მეფობს, ხოლო დიდსულოვანი მიდგომები ყოველთვის დასაფასებელია, „როგორც ადამიანურობის საზომი“. ოს უფლებადამცველს მოჰყავს მაგალითი, რომელიც ქართველების მხრიდან გამოვლენილ დიდსულოვნებას ასახავს:
მე მინახავს ის 2008 წლის ომში და ის არ გასცემდა ვინმეს მოკვლის ან წამების ბრძანებას. და საერთოდ, რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო ასეთი ბრძანების გაცემა?!...თემურ ცხურბათი
„ეს იყო სოფელ ფრისის შემოვლით გზაზე. გრი კოჩიევის ჯგუფი ბრძოლაში ჩაერთო. სასტიკი ბრძოლა იყო. ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომლის სახელი იყო დუშმანი, საკუთარი სიცოცხლე უშიშრად შესწირა თანამებრძოლებს, როცა მათი უკან დახევის პროცესს გადაეფარა. ბრძოლის შემდეგ, ქართველები ოსებს რაციით დაუკავშირდენენ და უთხრეს: ჩვენ ვიცნობთ დუშმანს, მის ცხედარს ამა და ამ ადგილას მოვიტანთ, მოდით და წაიღეთ, არავინ ცეცხლს არ გახსნისო. ჩვენებმა დაიჯერეს და ცხედრის წამოსაღებად წავიდნენ. დაპირებისამებრ, მართლაც არავის უსვრია. ეს არის მაგალითი კავკასიელი მებრძოლის ეთიკური ნორმებისა.“
თემურ ცხურბათი თვლის, რომ, ამ თვალსაზრისით, არჩილ ტატუნაშვილის ისტორია „ძალიან ულამაზოდ“ გამოიყურება და უპირველეს ყოვლისა, ეს ისტორია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, სახელს აზარალებს. „მე მინახავს ის 2008 წლის ომში და ის არ გასცემდა ვინმეს მოკვლის ან წამების ბრძანებას. და საერთოდ, რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო ასეთი ბრძანების გაცემა?! ბიბილოვს ფეხი დაუდეს“ - აცხადებს ოსი საზოგადო მოღვაწე.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს, 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით. იმ დღეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა დააკავა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა ქართული მხარე მას მოკლულად მიიჩნევს. ოჯახის წევრებისა და ახლობლების მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში აწამეს. მოკლული ქართველის ცხედარი ოსურმა მხარემ მის ოჯახს 26 დღის დაგვიანებით გადასცა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 24 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამჟამად საქართველოში ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ექსპერტიზას ატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.