საქართველოს სახალხო დამცველი მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში განთავსებული ბენეფიციარების სავარაუდო უფლებადარღვევის შესახებ ლაპარაკობს და ვითარების გამოსასწორებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას ითხოვს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დაწესებულებაში განხორციელებულმა არაგეგმიურმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ პანსიონატში ბენეფიციართა დასასჯელად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ან გადაყვანაზე მუქარის მეთოდსაც მიმართავენ. პანსიონატში არსებულ კიდევ რა დარღვევებზე მიუთითებს სახალხო დამცველი და როგორ იღებს კრიტიკას ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი?
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალი, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი, გადატვირთულია. ერთდროულად მძიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ფსიქიკური და ქცევითი პრობლემების მქონე ბენეფიციართა მართვის ბერკეტი ადმინისტრაციას არ გააჩნია და დაწესებულებაში არსებული კონფლიქტები და დაპირისპირება, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა რგოლია ჩართული, სისტემურ ხასიათს ატარებს. სწორედ კონფლიქტური სიტუაციების მართვის დამკვიდრებულ ფორმად ასახელებს სახალხო დამცველი ბენეფიციართა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის პრაქტიკას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, რომ პანსიონატში არსებული მდგომარეობა არღვევს ბენეფიციართა დიდ ნაწილის უფლებას, იცხოვროს მშვიდ და დაცულ გარემოში და დაწესებულებაში არსებული სისტემატური კონფლიქტები უარყოფითად აისახება როგორც მათი ცხოვრების ხარისხზე, ისე მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა თუ რეინტეგრაციის პროცესზე.
“შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ფონდს, მოახდინოს დაწესებულებაში არსებული კონფლიქტური სიტუაციის თაობაზე კონკრეტული ღონისძიებების გატარება და, ასე ვთქვათ, მოხდეს მაქსიმალური რეაგირება არა ძალადობრივი და არა, რა თქმა უნდა, მუქარა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანაზე, არამედ მაქსიმალურად მედიაციის გზით დარეგულირდეს ასეთი მდგომარეობა. ამასთან, მნიშვნელოვანი პრობლემაა კადრებთან დაკავშირებით, რაც სახალხო დამცველის ყურადღების საგანი არაერთხელ გახდა, და ეს საკითხიც საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას“, ამბობს ეკა სხილაძე.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილს მეტ-ნაკლებად ეთანხმება ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, თუმცა ფონდის დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე არ ადასტურებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა დასჯის მიზნით გადაყვანის შემთხვევებს:
“ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა გადაყვანას დასჯის მიმართულებით ვერ გავიზიარებთ. იყო რიგი შემთხვევებისა, როდესაც ბენეფიციარების მხრიდან თვითონ ხდებოდა ზარის განხორციელება და ბენეფიციარები თავად გამოთქვამდნენ სურვილს შესაბამის დაწესებულებაში გადასვლისა. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს არის რეალობა, თვითონ გამოთქვამდნენ რიგ შემთხვევებში სურვილს. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა რიგ შემთხვევებში უფლება, რომ მათთვის ეს აგვეკრძალა, მაგრამ რაც შეეხება დასჯის მიზნით, ასეთ კონკრეტულ შემთხვევას ვერ ვიხსენებთ“.
მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში ამ დროისთვის 62 ბენეფიციარი ცხოვრობს. ლაშა ჯინჯიხაძის თქმით, დიდი ზომის ინსტიტუციაში ძნელია იმისგან დაზღვევა, რომ რაიმე ნიადაგზე მობინადრეთა შორის კონფლიქტი არ წარმოიშვას. იგი არ გამორიცხავს ეგრეთ წოდებულ პრივილეგირებულთა არსებობისა და შემდგომ უკვე ამ პრივილეგიების დაკარგვის ფაქტებსაც, რაც, ცალკეულ შემთხვევებში, უსიამოვნების, ცალკეულ შემთხვევებში კი ბენეფიციართა მიმართ არათანაბარი დამოკიდებულების პრობლემებს იწვევს, თუმცა მუშაობა ამგვარი შემთხვევების შესამცირებლად, მისი თქმით, სისტემატურად წარმოებს და ამას, თავის მხრივ, ადასტურებს პანსიონატის ფსიქოლოგი სოფიო გოგოჩაშვილი, რომელიც ბენეფიციართა შორის კონფლიქტის მოგვარებაში სადამსჯელო მექანიზმის ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავს:
“ჩვენთან არის ძალიან ბევრი დიაგნოზის მქონე ბენეფიციარი. შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს სჭირდება ფსიქიატრიული კლინიკის მომსახურება და მაშინ, როცა ეს საჭიროა, რა თქმა უნდა, მას მივმართავთ და, შესაბამისად, ფსიქიატრიც იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, როდესაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაგვყავს ბენეფიციარი და ის იქ რჩება და მას მკურნალობას უწევენ, ესე იგი ამის საჭიროება არსებობს. ჩვენ რომ ასე არ მოვიქცეთ, ჩემი აზრით, ეს იქნება პაციენტის უფლების დარღვევა. ანუ საჭიროების შემთხვევაში გადაგვყავს ფსიქიატრიულში, თუმცა ის, რომ ეს იყოს დამსჯელობითი ღონისძიება, ეს არის სრულიად გამორიცხული“.
დაწესებულების ერთ-ერთ ბენეფიციარს დირექტორი დაემუქრა, რომ თუ ის არ გაჩერდებოდა და არ შეწყვეტდა, - კონფლიქტი იყო ბენეფიციართა შორის, - ის საღამოს გადავიდოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. და, მართლაც, საღამოს ეს ადამიანი დაგვიკავშირდა და გვითხრა,რომ იძულებით გადაჰყავდათ...ნანა გოჩიაშვილი
მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ფსიქოლოგი სოფიო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სიტყვიერადაც არასოდეს დამუქრებიან ბენეფიციარს, რომ მას ფსიქიატრიულში მოათავსებდნენ. განსხვავებული რამ გვითხრა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ნანა გოჩიაშვილმა, რომელიც შენიშნავს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მოტანილ ბოლო შემთხვევას პირადად შეესწრო:
„დაწესებულების ერთ-ერთ ბენეფიციარს დირექტორი დაემუქრა, რომ თუ ის არ გაჩერდებოდა და არ შეწყვეტდა, - კონფლიქტი იყო ბენეფიციართა შორის, - ის საღამოს გადავიდოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. და, მართლაც, საღამოს ეს ადამიანი დაგვიკავშირდა და გვითხრა,რომ იძულებით გადაჰყავდათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ითხოვდა დახმარებას. ჩვენ მივედით ადგილზე, სახალხო დამცველის მობილური ჯგუფიც გამოვიდა - დავუკავშირდით და საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება - და ამის შემდეგ სტატისტიკური ინფორმაციაც გამოვითხოვეთ და მაჩვენებელი იყო საკმაოდ შემაშფოთებელი: ბოლო 6 თვის განმავლობაში ორმაგი და სამმაგი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა“.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ რეგულარულად - თვეში ერთხელ მაინც - ჩადის მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული ვითარების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით. პანსიონატში არსებული სისტემური პრობლემების მიზეზი კი, ორგანიზაციის თანახმად, ძირითადად სარეაბილიტაციო ღონისძიებების არარსებობა და ქცევის მართვის სტრატეგიების უქონლობაა.