Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასათანადო მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში


სახალხო დამცველის აპარატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.
სახალხო დამცველის აპარატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.
სახალხო დამცველის აპარატმა 28 თებერვალს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. 2010 წლის შემდეგ ეს მეორე თემატური ანგარიშია. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ანა არგანაშვილი, აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მნიშვნელოვნად იკლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა, თუმცა კრიტიკას კვლავაც ვერ უძლებს განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ის დაწესებულებები, რომლებშიც აქამდე მონიტორინგი არ ჩატარებულა. იქ ადამიანები ისევ ჩივიან არასათანადო მოპყრობაზე.

”ადრე მიჭირდა აქ ყოფნა, მასწავლებელი თმას მაწიწკნიდა, მჩქმეტდა. ახლა ისინი აქ აღარ მუშაობენ”, - ამბობს 18 წლის მოზარდი თბილისის უსინათლო და სუსტმხედველ ბავშვთა სკოლა-პანსიონიდან.

”ძიძები ბავშვებს კუთხეში აყენებენ. ერთ-ერთი ძიძა ყველაზე ბრაზიანია, თავში უთაქებს ხოლმე. ამ ძიძამ იცის სახეში გარტყმა, ყურის აწევა. ამ ძიძამ სხვა ბავშვს ჯოხი დაარტყა. ჯოხი იყო რკინის, ყავისფერი”, - ამ ამბავს კი 9 წლის მოზარდი ჰყვება ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა- პანსიონატიდან.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ამჯერად იმ 13 სახელმწიფო რეზიდენტულ დაწესებულებას სტუმრობდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ბავშვები არიან განთავსებულნი (მათ შორისაა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, სენაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი, ქუთაისის სპეციალური სკოლა-პანსიონი ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის, ძევერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვ...). მონიტორინგის ჯგუფის წევრი და ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ანა არგანაშვილი, გვეუბნება, რომ იმ დაწესებულებებში, რომლებშიც 2010 წელს მონიტორინგი არ ჩატარებულა, ვითარება ძველებურად მძიმეა. ყველაზე მთავარ პრობლემად იქ ისევ ამ ადამიანების მიმართ ღირსების შემლახველი და არასათანადო მოპყრობა რჩება:

„ბევრგან, უბრალოდ, ვერც კი აცნობიერებენ, რომ ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, არის ღირსების მატარებელი და კანონის წინაშე თანასწორია ზუსტად ისე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. სამწუხაროდ, ამ ადამიანების მიმართ კვლავაც გრძელდება დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა, ფიზიკური თუ ვერბალური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დღემდე მოდის ჩვენამდე”.

ძევერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარის ამბობს:

”დილიდან, სანამ ჯერ კიდევ ბნელა, ძალით მაყენებენ ლოგინიდან, მეჩხუბებიან. ძალით მამუშავებენ და მემუქრებიან, ჩქარა გააკეთე, თორემ მოგჟეჟავო. ზამთარში ვიყინებოდით, კარი არ იკეტებოდა, გათბობას მხოლოდ ორი საათით რთავდნენ”.

ანა არგანაშვილი ფიზიკური ძალადობის იმ ფორმებს ჩამოთვლის, რომელსაც ჯერ კიდევ იყენებენ ე.წ. სპეც. სკოლებში:

”ეს არის ფიზიკური ცემა, თმის მოწიწკვნა, ყურის აწევა, სახაზავით ცემა, კორიდორში დაყენება ერთი კვებიდან მეორე კვებამდე, ცემა პლასტმასის ჯოხით, საპირფარეშოს იძულებით დალაგება და ა.შ.”.

ანგარიშში წერია, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დარღვეულია ფიზიკური შეზღუდვის ნორმები, ხშირია სამედიცინო მომსახურების შეზღუდვა - მაგალითად, სიმსივნური პრობლემების მქონე ქალებს სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ მანამ, სანამ დაავადება ბოლო სტადიაში არ გადავიდოდა. ერთსა და იმავე დაწესებულებაში - კერძოდ, სენაკის ბავშვთა სახლში - ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის საგრძნობლად მაღალი.

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაში 65 ბენეფიციარის მომვლელად მხოლოდ 3 მზრუნველი ქალი რჩება. მედპერსონალის არარსებობის გამო, 4 სართულიანი პანსიონატის თითო სართულზე მხოლოდ ერთი მომვლელია, რომელიც ბენეფიციარების გამომწვევ ქცევას, როგორც წესი, ვერ უმკლავდება და ფსიქიატრის ჩარევამდე ხშირია ფიზიკური ძალადობის ფაქტები. რომ აღარაფერი ვთქვათ რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების არარსებობაზე, ამ ადამიანებს ასევე არ გაეწევათ საადვოკატო დახმარება, სამართლებრივი პრობლემის დროს მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავი დაიცვან და მიმართონ სასამართლოს. რჩება ის, ამბობს ანა არგანაშვილი, რომ ეს ადამიანები გამუდმებულ მოლოდინში ცხოვრობენ - როდის დამთავრდება კიდევ ერთი დღე:
”ყველა დღე - ეს არის მხოლოდ პასიური მოლოდინი, როგორმე ეს დრო გავიდეს, ეს დღეც დასრულდეს. მათ არა აქვთ იმის მოლოდინი, რომ ცხოვრებაში რამე სასიკეთო მოხდება”.

ანგარიშში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში არსებულ სხვა არაერთ სირთულეზეა ლაპარაკი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, კვების პრობლემების, დაგვიანებული და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შესახებ.

გოგა კოხრეიძე, თავმჯდომარე მოძრაობისა ”ხელმისაწვდომი გარემოსათვის”, პრობლემას იმაში ხედავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების მიმართ სწორი დამოკიდებულებაა ჩამოსაყალიბებელი:

”ძალიან მნიშვნელოვანია რა კუთხით ვუდგებით ჩვენ ამ ადამიანებს - როგორც მხოლოდ სამეურვეო ობიექტებს თუ როგორც ადამიანებს, რომლებსაც უნდა შევუქმნათ თანაბარი პირობები იმისათვის, რომ საზოგადოებაში მოახდინონ თვითრეალიზება. თუ ამას შევხედავთ თანაბარი უფლებების შექმნის ჭრილში, ბევრი რამ არ არის სწორი; თუ მეურვეობის კუთხით, მაშინ საკმაოდ ბევრი გაკეთდა აქამდე და, ცხადია, ეს კიდევ უნდ შეივსოს, მაგრამ, საერთოდ, როცა სახელმწიფო როგორც მეურვე, ისე უყურებს თავის ბენეფიციარებს, -დაწესებულებებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვგულისხმობ, - მაშინ ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არაწორია, რადგან ზღვარი არა აქვს მოთხოვნას და მიწოდებას. უმჯობესია ამ ადამიანს მისცე ანკესი და დაიჭიროს თევზი, ვიდრე პირდაპირ თევზი მიაწოდო”.

საინტერესოა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა 2013 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წლად აცხადებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დავით ლომიძის თქმით, მარტის ბოლოს მზად იქნება სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ პრობლემების მოგვარების გზებსაც დასახავს. თუმცა ამოსავალი წერტილი, დავით ლომიძის თქმით, არის ის, რომ მთავრობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება არსებობს, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გაზრდილი სოციალური პაკეტი, რომელსაც ისინი პირველი აპრილიდან მიიღებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG