აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქების სიტყვებს არ იშურებს ჰილარი კლინტონისათვის: მას საპრეზიდენტოდ ყველა დროის ყველაზე კვალიფიცირებულ კანდიდატად მიიჩნევს და დემოკრატებს მოუწოდებს გაერთიანდნენ მის გარშემო. ჰილარი კლინტონს მართლაც სჭირდება ყოველი ხმა და, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხარდაჭერა. შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, კლინტონს, მხარდამჭერების რაოდენობით, დონალდ ტრამპი უსწრებს...
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც ამ დღეებში ფილადელფიაში იმართება, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოპტიმისტურად შეაფასა ქვეყნის მომავალი, თუ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს.
„დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: არასოდეს ჰქონია კაცს ან ქალს, არც მე და არც ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს, არავის ჰქონია მეტი კვალიფიკაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტობისათვის, ვიდრე ჰილარი კლინტონს აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა 27 ივლისს. წინა დღეს დემოკრატების ყრილობაზე ჰილარი კლინტონი ოფიციალურად დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად. ობამას ეჭვი არ ეპარება, რომ კლინტონს, სენატორისა და სახელმწიფო მდივნის მრავალწლიანი გამოცდილებით, შეუძლია და მზად არის შეასრულოს აშშ-ის არმიის მთავარსარდლის მოვალეობა.
„არ არსებობს რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება წინასწარ მოგამზადოს ოვალური ოფისის ამოცანების გადასაჭრელად. შეგიძლია მათზე წაიკითხო, შეგიძლია ისინი შეისწავლო, მაგრამ სანამ იმ მაგიდას არ მიუჯდები, წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს გლობალურ კრიზისზე მუშაობა ან ომში ახალგაზრდების გაგზავნა. ჰილარი კი უკვე იყო ამ ოთახში, მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. მან იცის, რა მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენი მთავრობა იღებს“, - ამბობს ობამა. მისი გამოსვლის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა თვით ჰილარი კლინტონი და - ხმამაღალი შეძახილების, ტაშისა და მუსიკის ფონზე - ობამას გადაეხვია.
იმავე 27 ივლისის საღამოს დემოკრატების ყრილობას მიმართეს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტიმ კეინმა. ყველამ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი - მილიარდერი ბიზნესმენი და ტელეშოუების ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც არ გააჩნია საჯარო სამსახურის გამოცდილება და, გარდა იმისა, რომ რასისტულ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ცარიელ დაპირებებს იძლევა, მიზნის მისაღწევი ნაბიჯების განმარტების გარეშე.
„დონალდ ტრამპმა არ იცის, რას ნიშნავს დაგეგმვა. მან არ იცის, რას ნიშნავს ფაქტები. ჩვენი ძალა მომდინარეობს არა ვიღაც თვითმარქვია მხსნელისგან, რომელიც გვიპრდება, მარტო მე შევძლებ წესრიგის დამყარებას, თუ იმას გააკეთებთ, მე რასაც გეტყვითო. ჩვენ მმართველი არ გვჭირდება. ამიტომ არის, რომ ყველა, ვინც ჩვენს ფასეულობებს ემუქრება, - იქნებიან ეს ფაშისტები, კომუნისტები, ჯიჰადისტები თუ შინაური დემაგოგები, - საბოლოოდ, აუცილებლად დამარცხდება“, - ასე ფიქრობს ბარაკ ობამა.
თუმცა საზოგადოებრივი აზრის ბოლო პერიოდის გამოკითხვებიდან ერთი რამ მაინც მიანიშნებს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების რეალურ შანსზე: ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის დავალებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომლებიც 25 ივლისს გამოქვეყნდა, ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხულთა 48 %, კლინტონს - 45 %. თუმცა არჩევნებამდე თითქმის სამ-ნახევარი თვე რჩება...
„გთხოვთ, შემომიერთდეთ - უარყოთ ცინიზმი, უარყოთ შიში და მოიკრიბოთ ყველაფერი, რაც საუკეთესოა ჩვენში, და ჰილარი კლინტონი აირჩიოთ შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტად“, - მოუწოდა ბარაკ ობამამ თანაპარტიელებს ყრილობაზე, რომელიც 28 ივლისს დასრულდება.