NDI-ის ახალი გამოკვლევა - საზოგადოების განწყობა არჩევნების შემდეგ

16 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2016 წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, რა მიმართულებით ვითარდება საქართველო, ხალხის აზრით, როგორია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მიმართ, ასევე ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა თუ ქვეყნის საგარეო კურსისადმი - შეკითხვებს ამ და სხვა საკითხებზე 3 141-მა ადამიანმა უპასუხა.

Your browser doesn’t support HTML5

NDI-ის ახალი გამოკვლევა - საზოგადოების განწყობა არჩევნების შემდეგ

რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - ამ კითხვაზე გამოკითხულთა უმრავლესობა, 58 %, სამუშაო ადგილებს ასახელებს. როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ( CRRC) წარმომადგენელი კობა თურმანიძეც აცხადებს, ტენდენცია ამ მხრივ 2009 წლის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა - პირველი ხუთი საკითხიც უცვლელია:

„ეს არის სამუშაო ადგილები - 58 %, ინფლაცია - 38 %, სიღარიბე - 30 %, ტერიტორიული მთლიანობა - 27 % და პენსიები - 24 %. სამუშაო ადგილები, ისევე როგორც წინა წლებში, ახლაც დიდი უპირატესობით ლიდერობს მნიშვნელოვან საკითხებს შორის“.

კითხვას, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 32% უპასუხებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 36 % მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 27 % დარწმუნებულია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 5 %-ს კი კითხვაზე პასუხი არა აქვს. აქ საინტერესოა ერთი დეტალი: გამოკითხვის თანახმად, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ მომხრეები ფიქრობენ, რომ ქვეყანა წინ მიდის, ხოლო კრიტიკული განწყობა უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ.

როგორ შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდეგ ოჯახებისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით? კობა თურმანიძის პასუხია:

„გამოკითხულთა 17 %-ისათვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 26 % ფიქრობს, რომ გაუარესდა, ხოლო 56 % ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა. კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, 34 % ამბობს, რომ დასაქმებულია, 66 % პასუხობს არას“.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ მოსახლეობას შეკითხვები ადგილობრივ მთავრობასთან დაკავშირებითაც დაუსვა. როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს თუ არა? - ამ კითხვას 49 % უპასუხებს დადებითად, 46 % კი - უარყოფითად. ცალკე თავი გამოკვლევაში ეძღვნება პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობას - აზრს, რომ საქართველოში ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც კაცებს, გამოკითხული კაცების 76 % ეთანხმება, 19 % კი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის. ქალების 85 %-ის პასუხია დადებითი, 10 %-ისა კი - უარყოფითი.

ხელისუფლების პოლიტიკის გამო რომ ეკონომიკა უკან წავიდა, ცხადია, ეს, პირველ რიგში, მძიმედ დააწვა სამუშაო ადგილებს, ჩვენი მოსახლეობის ჩივილიც ამ საკითხს უკავშირდება და ეს გასაკვირი არ არის, ყველა სოციალური ჯგუფი ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი, პენსიონერები...
ზურაბ მელიქიშვილი

ამჟამად საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 23 (15 %) ქალია. გამოკითხულთა 52 % ამბობს, რომ ეს არის ძალიან ცოტა, 39 % თვლის, რომ საკმარისია, 4 % კი ამბობს, რომ ძალიან ბევრია. როგორი იქნებოდა საუკეთესო განაწილება - ამ კითხვაზე 39 %, გამოკითხულთა უმრავლესობა, ამბობს, რომ 70 % კაცი უნდა იყოს, 30 % - ქალი.

პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 49 % (და ეს ნაკლებია 2016 წლის აპრილის გამოკითხვასთან შედარებით, როცა ამ საკითხს 52 % მომხრე ჰყავდა) და მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 19 %.

დაბოლოს, საგარეო პოლიტიკა და საქართველოს კურსი. კითხვა: მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? ამ კითხვაზე მიღებული პასუხების თაობაზე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს:

„თქვენ ხედავთ, რომ 72 %-ისთვის ეს მისაღებია, ხოლო 18 %-ისთვის არა. იგივე სურათია სხვადასხვა რეგიონების მიხედვით. მხოლოდ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არის პასუხი მეტად უარყოფითი, თუმცა იქ დიდია იმ ხალხის რიცხვი, 24 %, რომელთა პასუხიც ამ კითხვაზე არის „არ ვიცი“. რაც შეეხება ნატოს მიმართ დამოკიდებულებას, 61 %-ისათვის მისაღებია, რომ საქართევლო გახდეს ნატოს წვერი, 25 %-ისთვის კი მიუღებელია. ჩვენ ვხედავთ მცირე ვარდნას ნატოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ბოლო რამდენიმე წელში“.

კითხვას, თქვენი აზრით, საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური თუ არა, 12 % უპასუხებს დადებითად, 54 % ამბობს, რომ უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, 18 % ფიქრობს, რომ პრორუსული უნდა იყოს, ოღონდ - კარგი ურთირთობის შენარჩუნებით ნატოსა და ევროკავშირთან.

ნავთლუღის ბაზრობა თბილისში

NDI-ის გამოკვლევის შედეგებს პოლიტიკურ წრეებში გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ, მათი განცხადებით, ეკონომიკურად უკანდახეული ქვეყნის მოსახლეობისათვის უპირველესი საკითხი სამუშაო ადგილები და უმუშევრობაა. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი:

„ხელისუფლების პოლიტიკის გამო რომ ეკონომიკა უკან წავიდა, ცხადია, ეს, პირველ რიგში, მძიმედ დააწვა სამუშაო ადგილებს, ჩვენი მოსახლეობის ჩივილიც ამ საკითხს უკავშირდება და ეს გასაკვირი არ არის, ყველა სოციალური ჯგუფი ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი, პენსიონერები. არასწორმა პოლიტიკამ ფასების ზრდაც გამოიწვია და ესეც გაუსაძლისს ხდის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, რაც ამ გამოკვლევაშიც კარგად ჩანს“.

ნატოს მიმართ ნდობის შედარებით დაცემული მაჩვენებელი შემაშფოთებელია ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ წევრ ოთარ კახიძისათვის:

ოთარ კახიძე

„ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. თუ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევას გავაანალიზებთ, 68 % იყო 2016 წლის გაზაფხულზე და ახლა არის 61%. ეს მაჩვენებელი კარგად ეხმიანება მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკას. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ „გაზპრომთან“ დებენ ხელშეკრულებას, აფინანსებენ პრორუსულ მედიას, ღიად პრორუსული ძალა, მათი პარტნიორები - „პატრიოტთა ალიანსი“, შემოიყვანეს პარლამენტში და მათ სასათბურე პირობებს უქმნიან“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა კი აცხადებს, რომ გამოკვლევაში დაფიქსირებული პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია:

„ვფიქრობთ, სავიზო ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეულმა წარმატებებმაც თავისი გავლენა იქონია გამოკვლევის მაჩვენებლებზე“.

კორნელი კაკაჩია

რით შეიძლება აიხსნას ნატოს მომხრეთა რაოდენობის შემცირება? - ეს შეკითხვა პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასაც დავუსვით. ის ფიქრობს, რომ დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი, შესაძლოა, ერთი მხრივ, იყოს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებები ნატოს თაობაზე და, მეორე მხრივ, რუსეთის როლის გაძლიერება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, კონკერტულად, სირიის კონფლიქტის თვალსაზრისით. შესაძლოა, ფიქრობს კორნელი კაკაჩია, იმ ფაქტმაც, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორს დგას ნატოში გაწევრიანებისგან, გამოიწვია ერთგვარი იმედგაცრუება გამოკითხულთა იმ რამდენიმე პროცენტში.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8 %-ია.